Home » საზოგადოება » გურჯაანის #4 სკოლის მათემატიკის მასწავლებლები არჩილ გაჩეჩილაძისგან 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

გურჯაანის #4 სკოლის მათემატიკის მასწავლებლები არჩილ გაჩეჩილაძისგან 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

ქალაქ გურჯაანის გურამ ჭილაშვილის საავტორო #4 საჯარო სკოლის მათემატიკა-ფიზიკის 5 მასწავლებელი და სკოლის დირექტორი „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორისგან, არჩილ გაჩეჩილაძისგან თვეში 500-500 ლარიან დანამატს მიიღებენ.

როგორც “კომერსანტს” არჩილ გაჩეჩილაძემ უთხრა, 500-ლარიანი დანამატის გარდა დამატებითი ფინანსური წახალისება მოსწავლეების ეროვნულ ოლიმპიადებსა და შეჯიბრებებზე წარმატების მოპოვებაზე იქნება დამოკიდებული.

„პირველი ხარისხის დიპლომზე დამატებითი დანამატი იქნება 300 ლარი, მეორეზე – 200 ლარი, მესამეზე – 100 ლარი“, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე, რომელმაც ინიციატივის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა.

„საქართველოში გვაქვს გამორჩეული მათემატიკური სკოლები; ალბათ ყველას გსმენიათ კომაროვის სკოლა-პანსიონზე, ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაზე, რაზმაძის სახელობის სკოლაზე თბილისში (გადაკეთდა ჩვეულებრივ საშუალო სკოლად), ქუთაისში არის კიდევ ორი სკოლა, ფოთში იყო ერთი ასეთივე სპეციალიზირებლი სკოლა…

ჰოდა, გურჯაანს ჰქონდა სპეციალიზებული მათემატიკური სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ოთარ ჭილაშვილი, კაცი რომლის მონდომებითაც ბნელ 90-იანებში ბევრი კარგი ტრადიცია შეიქმნა და შენარჩუნდა…

მოკლედ, რამდენიმე ხნის წინ გაჩნდა ერთი კარგი იდეა, წავახალისოთ ამ სკოლის <გურჯაანის მე4- საჯარო სკოლის> მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებლები და მივცეთ მოტივაცია, მეტმა ბავშვმა მოიპოვოს წარმატება ეროვნულ რესპუბლიკურ შეჯიბრებებზე მათემატიკასა და ფიზიკაში. პარასკევს, 22 ოქტომბერს შევხვდი ამ სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს; თითოეულს ექნება 500-ლარიანი დანამატი რომელიც გაიზრდება იმდენით, რამდენი მოსწავლეც მიაღწევს წარმატებას რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. იმდენი გეგმა გაჟღერდა, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი წარმატება მოჰყვება ამ ამბავს. ასეთი დადებითი ენერგია ყოველთვის გადადის კარგ საქმეში. გურჯაანელების წარმატების მოლოდინში…“, – წერს არჩილ გაჩეჩილაძე.

Share