Home » ეკონომიკა » “გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგია აუცილებლად გაძვირდება”
"გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგია აუცილებლად გაძვირდება"

“გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგია აუცილებლად გაძვირდება”

საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგში – ენერგეტიკაში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო პერსპექტივებზე “ბიზნესპრესნიუსი” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს ესაუბრა.

– საქართველო არ არის დიდი სახელმწიფო, მაგრამ ელექტროენერგიის მოხმარება ჩვენთან ყოველწლიურად 5%-ით იზრდება. ეს ზრდა ბოლო ათი წლის განმავლობაში შეინიშნება და ძალიან კარგია, რადგან ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე მიანიშნებს. მიუხედავად ამისა, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს ევროპულ ქვეყნებს შორის, რაც პირდაპირი მაჩვენებელია ჩვენი სიღარიბის. მაგალითისათვის: ნორვეგიაში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა წელიწადში 16 ათასი კვტ/საათია, საქართველოში კი – 2 ათასი კვტ/საათი. ეს პირდაპირ გამოხატავს, რომ ნორვეგია ჩვენზე განვითარებული სახელმწიფოა. იმისათვის, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ, არსებობს სამი წყარო – ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები და იმპორტი. ჰიდროელექტროსადგურების წყარო არის ჩვენი, ადგილობრივი რესურსი, თბოსადგურებში იმპორტირებულ გაზს ვიყენებთ და გვრჩება მესამე, ყველაზე სახიფათო გზა – ეს არის იმპორტი. გასულ წელს იმპორტის რაოდენობა 800 მლნ. კვტ/საათი იყო და თუ მოთხოვნა ყოველ წელიწადს 5%-ით გაიზარდა, 5-6 წელიწადში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.

– როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ პრობლემის თავიდან აცილება? 

– ერთადერთი გზა, რომ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობაზე არ ვიყოთ ჩამოკიდებული, არის ის, რომ ქვეყანამ საკუთარი გენერაციის წყაროები განავითაროს. ეს არის პროცესი, რომელიც სერიოზულ დაგეგმვას საჭიროებს. აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა იმისთვის, რომ ახალი გენერაციის ობიექტები – თბოსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები ავაგოთ. უახლოეს 2-3 წელიწადში, ჩვენი გათვლებით, უნდა ავაშენოთ 500 მეგავატი სიმძლავრის თბოსადგურები, ამასთან, უნდა ავამუშავოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დიდი ჰესები: ხუდონი, ნამახვანი, ნენსკრა და ა.შ… ამ ჰესების მშენებლობა დაახლოებით 6-7 წელიწადს წაიღებს. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 2000-2500 მეგავატი სიმძლავრე იმისთვის, რომ ზამთრის და შემოდგომის პერიოდში იმპორტი ჩავანაცვლოთ. ამისათვის მცირე და საშუალო ჰესებიც უნდა ავაგოთ. გარდა ამისა, ჩვენ განვავითარებთ რამდენიმე ასეულ მეგავატ ქარის ენერგიას – ეს ყველაფერი ერთად – იმის საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს და მომავალში სრული ქაოსის პირობებში არ მოგვიხდეს ცხოვრება.

–  ბუნების ძალიან ბევრ დამცველს დიდი ჰესების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს – ამტკიცებენ, რომ მათი არსებობა უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ბუნებაზე. 

– ეს ყველაფერი გაზვიადებულია. ავიღოთ თუნდაც ენგურჰესი, რომელიც უკვე 30 წელია გვაქვს, მადლობა ღმერთს და მადლობა იმ ხალხს, ვინც ეს ჰესი ააგო, რადგან უმისოდ არანაირ წინსვლასა და განვითარებაზე ლაპარაკი არ იქნებოდა. ჩვენ გვექნებოდა ჩამქრალი ქვეყანა, რომელსაც ენერგოგრაფიკების პირობებში მოუწევდა ცხოვრება, ხოლო ჩვენი სამომხმარებლო ტარიფი 30-35 თეთრი მაინც იქნებოდა. ყველამ ვიცით ცოტა ხნის წინ ელექტროენერგიის 3 თეთრით გაძვირებას რა ამბავი მოჰყვა და ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ორჯერ უფრო ძვირი ელექტროენერგიის პირობებში. რა დაუშავა ზაჰესმა ან ენგურჰესმა ვინმეს? – გადააშენა, გადააჯიშა, თუ ქართველობა წაართვა? ავიღოთ თბილისის ზღვა, ან ჟინვალის წყალსაცავი, რომლის ფართობი 11 კილომეტრია. ის რომ არ იყოს, თბილისში სასმელი წყლის სერიოზული დეფიციტი გვექნებოდა. მართალია, ამ წყალსაცავის გამო სოფლები დაიტბორა, იქ მცხოვრებმა ხალხმა ეს მსხვერპლი გაიღო, მაგრამ სამაგიეროდ, დღეს მთელი თბილისი სუფთა წყლით მარაგდება და ეს სწორედ ჟინვალის წყალსაცავის დამსახურებაა. ჩვენ რას ვაპირებთ? – ყველა ჩვენი სტრატეგიული ჰესი ერთად რომ გააერთიანო, მათი სარკის ზედაპირი ანუ კაშხლები ჟინვალზე მეტი არ იქნება. ყველა წყალსაცავი, რომელიც ჩვენი ენერგოუსაფრთხოების გარანტი უნდა გახდეს, ერთ ჟინვალის წყალსაცავზე მეტი არ იქნება. შეიძლება ამან ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ცვლილება გამოიწვიოს, მაგრამ ის სიკეთეებისთვის, რასაც მივიღებთ, ნამდვილად ღირს ამ მსხვერპლის გაღება.

– კონკრეტულად, რამდენი ჰესის აშენება გაქვთ დაგეგმილი? 

– სხვადასხვა სიმძლავრის 116 პროექტს განვიხილავთ. მათ შორის მცირე და საშუალო ჰესებიც არის და მსხვილი სტრატეგიული ობიექტებიც. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე აშენდა 150 მეგავატამდე სიმძლავრის 11 ჰესი, ასევე – 240-მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური გარდაბანში. მიმდინარეობს მშენებლობა 800 მეგავატამდე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებისა – ეს 2 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციაა. დაახლოებით 3500 მეგავატამდე სიმძლავრის რამდენიმე პროექტი კი კვლევის სხვადასხვა ფაზაშია. უახლოეს 2-3 წელიწადში ყველა მშენებლობა უნდა დაიწყოს. ზოგიერთი პროექტი არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით მისაღები, ასეთი დაახლოებით 5 პროექტია და მათი საერთო სიმძლავრე 100 მეგავატამდეა. უკვე დაწყებულია დარიალჰესის და ნენსკრას მშენებლობა, ჯავახეთში და აჭარის მაღალმთიანეთშიც შენდება ჰესები, რაც შეეხება ნამახვანჰესს, ის ტენდერზეა გამოტანილი. ვიმეროებ, ეს რომ არ გავაკეთოთ, მომავალში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავცვივდებით. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება – რა გვირჩევნია – ენერგოდამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება, თუ მუდმივად სხვების ხელში შემყურე ქვეყნად ვიქცეთ. სხვათა შორის, ამ ჰესების აგების მოწინააღდეგეები ხშირად არიან ხელოვანები, სულ სხვა სფეროს წარმომადგენელები, რომლებიც ყველაფერზე ემოციების კარნახით მსჯელობენ. მაჩვენონ ერთი ქვეყანა, რომელმაც თავისი ბუნებრივი რესურსები არ განავითარა და წინ წავიდა.

– დიდ კამათს იწვევს ის, რომ ხუდონჰესის გამო რამდენიმე სოფელს დატბორვა ემუქრება…

– რამდენიმეს – არა. იქ ერთი სოფელია, სადაც 185 მოსახლე ცხოვრობს და ამ არეალში ჰყვება, მაგრამ ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, ენერგოუსაფრთხოება, ხალხის დასაქმება და მთელი იმ ხეობის გამოცოცხლება. ნახეთ, რა ხდება ზემო აჭარაში _ ახალი ჰესების მშენებლობამ როგორ გამოაცოცხლა და შეცვალა იქაურობა. იქ 1500-მდე ადამიანი დასაქმდა. ნუთუ ეს არ ღირს იმად, რომ 185 მოსახლე ძალიან კარგი კომპენსაციის სანაცვლოდ სხვა ადგილას გადასახლდეს? მაშინ გზებიც ვერ გაგვიყვანია – რა მნიშვნელობა აქვს გზა გადაუვლის ვიღაცის კარ-მიდამოს, წყალი დაფარავს, თუ პორტის შენების დროს გადაასახლებენ? იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს, ასეთი მსხვერპლიც უნდა გავიღოთ. თუ არადა, ვაშენოთ გზის პირას პატარ-პატარა სასტუმროები და ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს.

– თქვენს ოპონენტებს აქვთ ასეთი არგუმენტიც – ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე უცხოელი ინვესტორების ხელში გადავაო. 

– ეს “არგუმენტი” მე ნაციონალურ-კომუნისტური იდეოლოგიის გამოვლინებად მიმაჩნია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც უცხოელი ინვესტორის შემოსვლას უარყოფითად ხვდებიან. ეს მაშინ, როცა უცხოური ინვესტიცია ქვეყნის განვითარების უპირველესი ნიშანია და მთელ მსოფლიოში ცდილობენ ინვესტორები გადაიბირონ, კარგი პირობები შეუქმნან. განვითარებულ ქვეყნებშიც კი არის კონკურენცია, რომ უცხოელი ინვესტორები მოიზიდონ. ინვესტორი გადასახადებს იხდის, ხალხს ასაქმებს და ქვეყანაში ტოვებს იმ ენერგიას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. სხვა რაღა გვინდა? – უცხოელმა ბიზნესმენმა საქართველო შემოიაროს, აქაურობა შეიყვაროს და ფული საქმეში უანგაროდ ჩადოს? – ასეთი რამ არსად ხდება. ჰესი არის ჩვეულებრივი საწარმო, როგორიც სხვა და არ მესმის რატომ არის დემონიზირებული ეს სფერო? ან ჰესის ინვესტორი რატომ არის გათანაბრებული იარაღით მოვაჭრესთან თუ კრიმინალთან? – არ ვიცი.

– ბატონო ილია, რამდენად რეალურია შანსი,  რომ  საქართველო რეგიონში ელექტროენერგიის მსხვილი ექსპორტიორი გახდეს? 

– თუ ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, შესრულდება, ეს რეალური პერსპექტივაა. თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგია ახლაც გაგვაქვს და თუ ამ ჰესებს ავაგებთ ის დეფიციტიც დაიფარება, რომელიც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გვაქვს ხოლმე.

– უნდა ველოდოთ თუ არა ელექტროენერგიის ფასის ზრდას მომავალში?

– გრძელვადიან პერსპექტივაში, მე ვგულისხმობ 30-წლიან პერიოდს, ელექტროენერგია აუცილებლად გაძვირდება, მაგრამ ეს იქნება დაგეგმილი და ეტაპობრივი ზრდა, ის არ იქნება ნახტომისებრი. საშუალოდ 20-30%-იან ზრდაზეა ლაპარაკი. ეს არის ხარკი იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს საკუთარი ენერგეტიკა და წელგამართულ ქვეყანაში ვიცხოვროთ. იმედია, რომ ეს ქვეყანა მომავალში წინ წავა, განვითარდება და რამდენიმე თეთრით გაძვირება მოსახლეობისთვის ისე მძიმე ტვირთი აღარ იქნება, როგორიც დღეს არის.

ავტორ(ებ)ი : www.bpn.ge
[wpolling id=”11″ width=”” height=””]
Share