Home » საზოგადოება » გოცირიძე – ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ

გოცირიძე – ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ

ლარი გაექცათ, ფასები გაექცათ, ვირუსი გაექცათ, ტერორისტი გაექცათ, ქვეყანა კი ჩამოექცათ – ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არც ერთი სისტემა არ მუშაობს, მათ შორის, არც სამართალდამცავი სისტემა. გოცირიძე არაპროფესინალიზმზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესები აბსურდული პოლიტიკური მოტივით იყო მართული.

„ქვეყანას ყოველდღიურად ძარცვავენ და აგერ უკვე ტერორისტული აქტიც მოხდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ არც ერთი სისტემა ქვეყანაში არ მუშაობს. არ არის დღეს ხელისუფლება, ეს ხელისუფლება არათუ მომავალი 4 წელი, 4 თვითაც რომ დარჩეს, დაანგრევს და წალეკავს კრიმინალი ქვეყანას. სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევის მაჩვენებელია ის, რაც ხდება ზოგადად, კრიმინალთან დაკავშირებით და რაც მოხდა ზუგდიდში.

ყველა ამ ქმედებაში პირდაპირ ჩანდა არაპროფესიონალიზმი და ის, რომ დღეს საქართველოში ძალოვანი სტრუქტურები არიან უკიდურესად არაპროფესიონალები და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. იმის ნაცვლად, რომ მთელ ქვეყანას გვცოდნოდა, ვინ არის დამნაშავე და კინოებში მაინც გვინახავს, რომ დამნაშავის სურათებს კედლებზე აკრავენ, რომ თავი დაიცვან და სწრაფად მოხდეს მისი განეიტრალება, თუნდაც, მოქალაქეების მხარდაჭერით, აბსურდული პოლიტიკური მოტივით მართული პროცესები დავინახეთ აქ ჩვენ. რომ არა თავისუფალი მედია, დღემდე არ გვეცოდინებოდა, ვინ არის ტერორისტი და მძარცველი, რომლის მხილებაში საზოგადოებას და გამჭვირვალობას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამ უსახური სპეცსამსახურების არაეფექტიან ქმედებას,“ – განაცხადა გოცირიძემ.

Share