Home » ეკონომიკა » გორის საუკეთესო ქარი – მარტიდან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება

გორის საუკეთესო ქარი – მარტიდან ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება

2016 წლის მარტიდან, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ტელერადიო ანძის მიმდებარედ, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება.

სამუშაოებს შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგური” განახორციელებს.

ის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანიაა.

პროექტის საერთო ღირებულების 70%-ს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სესხის სახით, შეავსებს, ხოლო დანარჩენ 30%-ს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი გაიღებს.

ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი 24 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს.

,,ჩვენ 2016 წლის დასაწყისში, ხელი მოვაწერეთ გორში პირველი ქარის ენერგიის სადგურის მშენებლობას. ეს კავკასიაში პირველი პრეცედენტია. გორი მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, ქარის ენერგეტიკის თვალსაზრისით”, – განაცხადა დღეს გადაცემა ბიზნესკონტაქტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის „ქართლის“ სიმძლავრე გათვლილია 20.7 მეგავატზე, ხოლო გამომუშავებული ელექტრო ენერგია კი, – 88 მლნ კვტ.საათზე.

ჯერ კიდევ, 2013 წლის აგვისტოს ქარის სიჩქარის და მიმართულების გამზომველი მეტეოროლოგიური ანძა დამონტაჟდა, რომლის 1 წლის მონაცემებზე დაყრდონით, ქარის რესურსების შეფასების ანგარიში მომზადდა.

ანგარიში ქარის ინდუსტრიაში ერთ-ერთმა წამყვანმა ნოორვეგიული კომპანიამ, „MEVENTUS”- მა წარადგინა. ამასთანავე, ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური ექვს ტურბინიანი სქემა შეირჩა.

ტენდერის პირველი ნაწილი უკვე დასრულდა.

გამარჯვებულად ქარის ენერგიის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „VESTAS BENELUX B.V” დასახელდა. ის მშენებელ კომპანიას ექვს ტურბინას მიაწვდის.

ტენდერის მეორე ნაწილიც უკვე ჩატარდა და მიმდინარეობს წინადდებების შეფასება.

სამუშაოების დაწყების სავარაუდო პერიოდია 2016 წლის მარტი და დასრულდება 2016 წლის სექტემბერში.

ქარის ელექტროსადგურის „ქართლი“ მისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სადგურად დასახელდეს.

Share