Home » ახალი ამბები » გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: 2016 წელი იქნება სასმელი წყლით მომარაგების გადაჭრის წელი
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: 2016 წელი იქნება სასმელი წყლით მომარაგების გადაჭრის წელი

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი: 2016 წელი იქნება სასმელი წყლით მომარაგების გადაჭრის წელი

„ეს იქნება საუკუნის პროექტი“ – ასე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ტელეკომპანია „თრიელეთის“ გადაცემაში „განსხვავებული აზრი“ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ თუ რა ბედი ეწია ატენში 2 000 000 ლარიან პროექტს, რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა სამთავრობო უწყებებს შორის. დავით ონიაშვილმა განმარტა, რომ სულ მალე ატენს 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება.

„ატენში დაწყებულია საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები. ეს იქნება საუკუნის პროექტი. დღეს არსებული წყალმომარაგების სისტემა გვაძლევს წყლის მხოლოდ გრაფიკით მიწოდების საშუალებას. ახალი სისტემა უზრუნველყოფს 24 საათიან წყალმომარაგებას და საკმაოდ დიდი მარაგის მქონე იქნება. ეს იქნება ძალიან მაღალი ხარისხის და მრავალი ათეული წელი მოემსახურება მოსახლეობას“ – აცხადებს დავით ონიაშვილი გადაცემაში „განსხვავებული აზრი“.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა წყალმომარაგების სხვა პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით განხორციელებულ კონკრეტულ საქმეებზე ისაუბრა.

„გასულ წელთან შედარებით საკმაოდ დიდი თანხებია მობილიზებული. 15 000 000 ლარზე მეტია მობილიზებული მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გამოვყოფ სამ ძირითად პროექტს, რაც წყალმომარაგებას ეხება – ეს არის ატენის, ქვახვრელის და ხიდისთავის წყალმომარაგება. ატენი უკვე დაწყებულია, ქვახვრელი უახლოეს დღეებში დაიწყება და შემდგომ დაიწყება ხიდისთავი. გარდა ამისა, არის ათზე მეტი ჭაბურღილი, რაც გვაძლევს საშუალებას გავაუმჯობესოთ წყალმომარაგება დანარჩენ სოფლებში. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გორის მუნიციპალიტეტში და სოფლებში წელს მაქსიმალურად გადაწყდება წყალმომარაგების საკითხი. 2016 წელი იქნება სასმელი წყლით მომარაგების გადაჭრის წელი მთლიანად მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა ონიაშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში.

 

Share