Home » ფინანსები » გონივრული ტარიფების გარეშე ქვეყნის გამართული წყალმომარაგება მიუღწევადია

გონივრული ტარიფების გარეშე ქვეყნის გამართული წყალმომარაგება მიუღწევადია

საქართველოში წყალუხვობის მიუხედავად, დღემდე რჩება დასახლებები, სადაც სასმელი წყლით მუდმივი მომარაგება ვერ ხდება და ამის მიზეზი ინფრასტრუქტურის არარსებობა ან გაუმართაობაა. სპეციალისტების თქმით, წყალმომარაგება,  უფრო კაპიტალ ტევადი დარგია, ვიდრე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორები. უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია სათანადო მომსახურების ხარისხის მიღწევა სოლიდური ინვესტირების გარეშე მით უფრო იმ პირობებში, თუ ტარიფი ვერ ფარავს კომპანიების დანახარჯებს.

დღეის მდგომარეობით საქართველოში 9 ლიცენზიანტი კომპანიაა, რომლებიც  მოსახლეობას აწვდიან სასმელ წყალს და უწევენ წყალარინებით მომსახურებას. მათგან 3 კერძო საკუთრებაშია, ხოლო 6 –  სახელმწიფო, ან მუნიციპალური საკუთრებაა. აღნიშნული 9 კომპანია საქართველოს მოსახლეობის 65%-ს უწევს მომსახურებას, დანარჩენ 35%-ს მუნიციპალიტეტები ემსახურებიან, რომლებიც არ ფლობენ ლიცენზიას და, შესაბამისად, არც წყალმომარაგების ტარიფის დარიცხვის უფლება აქვთ. იმ 35%-ში, სადაც არ არსებობს ტარიფი, ადგილობრივი თვითმმართველობები პერიოდულად აწესრიგებენ წყალმომარაგების სისტემებს და თვითონვე უწევენ ექსპლუატაციას.

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გიგა ნადირაძე ამბობს, რომ საქართველოს წყალმომარაგების დარგში არსებული მდგომარეობის შეფასება ბოლოს კომისიის მიერ 2021 წელს ჩატარდა და მოიცავდა ტექნიკური და ფინანსური მდგომარეობის ანალიზს.

შეფასება მოიცავდა ყველა ლიცენზიანტ საწარმოს. ტექნიკურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ გარკვეული მიმართულებებით საჭიროა გაზრდილი საინვესტიციო პროექტები, რათა გაუმჯობესდეს არსებული მომსახურების სტანდარტი. ხოლო, ფინანსურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მუნიციპალურ და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების უმრავლესობას აქვს ხარჯების დაფარვის პრობლემა. რაც ნიშნავს, რომ არსებული ტარიფი არ არის საკმარისი მათი საოპერაციო ხარჯების დასაფარად. აღნიშნული კომპანიებისთვის ხარჯებსა და შემოსავლებს შორის სხვაობა ბალანსდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან ან სახელმწიფოდან მიღებული სუბსიდიების მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ზოგი მუნიციპალური ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოსთვის 10 და მეტი წელია არ მომხდარა ტარიფების გადათვლა. შესაბამისად მოქმედი/ძველი ტარიფები ვერ პასუხობს კომპანიების არსებულ გამოწვევებს“, – განმარტავს გიგა ნადირაძე.

მისივე თქმით, ტარიფის გადათვლისა და დადგენისას სემეკი არა მხოლოდ კომპანიების საჭიროებებს, არამედ მომხმარებლების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასაც ითვალისწინებს, რათა ახალი ტარიფი ერთგვარი „ოქროს შუალედი“ იყოს კომპანიების საჭიროებებსა და მომხმარებლების შესაძლებლობებს შორის.

სემეკს უკვე დაწყებული აქვს მუნიციპალური საწარმოებისთვის ტარიფის გადახედვის პროცესი და მაგალითად, გასული წლის დეკემბერში ორ მუნიციპალურ საწარმოს დაუდგინეს ახალი ტარიფები. ერთია „ბათუმი წყალი“, რომელიც მანამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 2006 წელს დადგენილი ტარიფით ოპერირებდა. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით, საყოფაცხოვრებო მრიცხველიანი მომხმარებლების ტარიფი უცვლელი დარჩა. ზრდა შეეხო არასაყოფაცხოვრებო და უმრიცხველო მომხმარებლებს. მეორე კომპანია, რომელსაც ტარიფი დაუდგინდა, არის შპს „საგარეჯო“, რომელიც სოფელ კაკაბეთში ოპერირებს. მას მანამდე არ ჰქონია ტარიფი და ვინაიდან ახალი ლიცენზია გაიცა ტარიფის დადგენაც მოხდა.

ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფებით კომპანიებს ეძლევა შესაძლებლობა სისტემებს გაუწიონ სათანადო ექსპლუატაცია და განახორციელონ საჭირო საინვესტიციო პროექტები, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზე და თითოეული მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – ამბობს გიგა ნადირაძე.

მისივე თქმით, კომისია მომდევნო წლებში სხვა მუნიციპალურ საწარმოებსაც დაუდგენს ტარიფებს.

ცნობისთვის, „ბათუმის წყლის“ შემთხვევაში, განსხვავებით სხვა მუნიციპალური საწარმოებისგან, შეიძლება ითქვას, რომ აქტივების 90%-ზე მეტი ახალია, ეს აქტივები გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით შეიქმნა. ეს ინვესტიციები ხორციელდებოდა, მაგრამ ტარიფის გადათვლა არ ხდებოდა. 2006 წელს დადგენილი ტარიფი მაშინდელ დანახარჯებზე და ინფრასტრუქტურაზე იყო მორგებული. 2006 წლის შემდეგ კომპანიამ საგრძნობლად გააფართოვა თავისი მომსახურების არეალი, დაემატა წყალარინების ახალი გამწმენდი ნაგებობა, გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა. შესაბამისად, ძველი ტარიფი ვერ ასახავდა იმ დანახარჯებს, რომლებიც დღეს აქვს კომპანიას გამართული ინფრასტრუქტურის ფონზე.

თუ ტარიფი არ გადაიხედებოდა, გიგა ნადირაძის თქმით, კომპანია ვერ შეძლებდა განახლებული ინფრასტრუქტურის ნორმალურ რეჟიმში ექსპლუატაციას,  რაც საფრთხის ქვეშ დააყენებდა მომხმარებელთა უწყვეტ და საიმედო წყალმომარაგებას. ამდენად, ახალი ტარიფი ამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას და ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ახალი ტარიფი ორი მიმართულების ხარჯის დაფარვას ითვალისწინებს – საოპერაციო, მათ შორის ხელფასებს, ელექტროენერგიის, ქიმიური რეაგენტების, მიმდინარე რემონტის ხარჯებს და ა.შ. მეორე კომპონენტი, რასაც ტარიფი ფარავს, არის კაპიტალური დანახარჯები. ეს არის საინვესტიციო პროექტები, რომელმაც უნდა უზრუნველყონ კომპანიის არსებული მდგომარეობის შენარჩუნება/გაუმჯობესება.

Share