Home » საზოგადოება » გოგიტა ცუცქირიძე: გააკეთეთ ეს არჩევანი და არ შეგეშინდეთ მომავლის
გოგიტა ცუცქრიძე: გააკეთეთ ეს არჩევანი და არ შეგეშინდეთ მომავლის

გოგიტა ცუცქირიძე: გააკეთეთ ეს არჩევანი და არ შეგეშინდეთ მომავლის

წამყვანი საბანკო ექსპერტი, გოგიტა ცუცქრიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“გააკეთეთ ეს არჩევანი და არ შეგეშინდეთ მომავლის!

არჩევანი გასაკეთებელია-ცხოვრება უწარსული, მაგრამ გამოგონილ რეალობაში თუ დრაკონის დამარცხება და ნამდვილ, თუმცა მტკივნეულ და ყოველდღიურ პრობლემებთან დარჩენა, მაგრამ მაინც მომავალის პერსპექტივის დაბრუნება?-თანამედროვეობის დიდი მწერლის კაზუო იშიგუროს ეს რიტორიკული კითხვა მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის არის დასმული.
ასეთი შესავალი ქვეყანაში შექმნილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა სიტუაციამ და პოლიტიკური ტემპერატურის მეტად სახიფათო ნიშნულზე აწევამაც მიკარნახა. სიტუაციამ, როდესაც ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ მედია ზომბირებით თუ როგორ შეიძლება დაბრუნდნენ ამ არც თუ შორეულ წარსულში. ნაციონალური მოძრაობის გავლილი 9 წელი სხვა არაფერი იყო თუ არა სწორედ ცხოვრება უწარსული, მაგრამ გამოგონილ რეალობაში. ზოგადად ეს ის ნარატივია, რაც ნაციონალური მოძრაობის მთავარ იდეოლოგიურ პლათფორმას წარმოადგენდა და თუ მათი ლიდერების განცხადებებს მივიღებთ მხედველობაში, დღესაც წამყვან ლაიტმოტივად რჩება.

ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიური პლათფორმა ეყრდნობოდა ულტრა მემარჯვენე ნეო-ლიბერალურ თეზისებს, მათ შორის ეკონომიკაში. ეს საკითხი დღეს რატომღაც გვერდზეა გაწეული, არადა რეალურად მთავარი პრობლემა სწორედ ლიბერალური ღირებულებების ნაციონალური პროფანაციაა.

ნეოლიბერალიზმი არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეალობა. ეს იდეოლოგია თავისუფალ ბაზარს და ინდივიდის თავისუფლებას ეყრდნობოდა, ხოლო მიზანი სახელმწიფოს „თავის ტყავში დატევა“იყო, რადგან ამ მოძღვრების თანახმად, „არარეგულირებადი საბაზრო კაპიტალიზმი თვითონ მოიტანს ეკონომიკურ ეფექტს, დოვლათსა და საყოველთაო კეთილდღეობას“. ეს იდეები ფართოდ გავრცელდა გლობალიზაციის პროცესში, რასაც ზოგიერთი მკვლევარი ნეოლიბერალურ გლობალიზაციადაც კი ნათლავს.
თუმცა უნდა აღინიშნოს, „ძიძა-სახელმწიფოს“ ელემენტები ეკონომიკაში როგორც სოციალური ვალდებულებების მატარებელი სისტემისა გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შერთებულ შტატებში, თუნდაც ჯანდაცვის პროგრამების თუ მცირე მეწარმეობის მხარდაჭერი პროგრამების სახით. შესაბამისად, სახელმწიფო, რომელსაც არანაირი სოციალური ვალდებულება არ ექნება ბუნებაში არ არსებობს. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული გლობალური კრიზისებისას თავისუფალ ბაზარზე ბაზირებული ეკონომიკის სისუსტეებმა, დღის წესრიგში დააყენა ე.წ. „ბაზრის ჩავარდნის“ შერბილების აუცილებლობა. დღეს პრაქტიულად ყველა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა შერეულ ეკონომიკური სისტემაზეა გადასული, რომელიც საბაზრო მექანიზმებსა და ეკონომიკური პროცესების სახელმწიფო რეგულირების მოდელს წარმოადგენს, იქნება ეს არა მხოლოდ შვედური, არამედ ამერიკული, იაპონური თუ გერმანული მოდელები. ამასთან, იგივე სკანდინავიის ქვეყნებში თუ ნეო-ლიბერალური მიდომები დამახასიათებელია პოლიტიკურ და კულტურულ ასპექტებში, ამავდროულად ეკონომიკა მაღალი გადასახადებით და სოციალური პროგრამებით იგივე „შვედური კაპიტალიზმის“ მოდელით ფუნქციონირებს.
როდესაც აღნიშანულ თემებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ნეოლიბერალურმა დოქტრინამ პოლიტიკაში და ეკონომიკაში, ასევე კულტუროლოგიურ ასპექტში, უზრუნველყო მრავალპარტიულობა და პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა საკანონმდებლო და კონსტიტუციურ დონეზე. ადამიანის უფლებები იქცა წამყვან პრიორიტეტად, ეკონომიკა აიგო კერძო საკუთრების პრიორიტეტზე, თუმცა საბაზრო თავისუფლებამ და კონსუმერიზმმა საბოლოო ჯამში შეიწირა სულიერება და გასაკვირი არ არის, რომ ამ მატერიალისტურ სისტემაში ღმერთის როგორც სულიერების უმაღლესი სუბსტანციის ადგილი თითქმის აღარ დარჩა. ამიტომაც ითვლება, რომ ამ დოქტრინამ თავისუფალი ბაზრისა და ლიბერალიზმის დროშით, როგორც ერთმა ფილოსოფოსმა მოსწრებულად შენიშნა, „დახურა ვოლტერის, დიდროს და რუსოს დროიდან მომდინარე განმანათლებლობა“. საბაზრო თავისუფლება კი იქცა ახალი პოლიტიკის თავისებურ დიქტატად, კულტურული და ისტორიული კატეგორიების გადაფასებით და მიუღებლობით. თუ ბოლშევიზმი იყო უმრავლესობის დიქტატი უმცირესობაზე, მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვით, მიიჩნევა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში საბაზრო თავისუფლების იდეად ჩაფიქრებული ნეო-ლიბერალიზმის მემარჯვენე დოქტრინა გადაიქცა რეპრესიულ სისტემად, რამაც წაშალა ზღვარი ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის.
ნეო-ლიბერალიზმის, როგორც ბოლო ათწლეულებში წამყვანი იდეოლოგიური პლათფორმის კრიზისმა, განსაკუთრებით, 2008 წლის გლობალური კრიზისის წინა და შემდგომ პერიოდში იჩინა თავი. დიდწილად მისი შედეგი იყო 2008 -2010 წლების გლობალური შოკები ეკონომიკაში, რასაც უკვე პოლიტიკურ დონეზე მოყვა ბრექსიტი ინგლისში და დონალდ ტრამპის მოსვლა ამერიკაში.

ნაციონალურმა მოძრაობამ ეყრდნობოდა რა ლიბერტარიანულ მიდგომებს, რაც ნეო-ლიბერალიზმის ულტრა-მემარჯვენე მიმდინარეობას წარმოადგენს, მოახერხა ამ მოძღვრების კიდევ უფრო გაუკუღმართება, იქცა რა თანამედროვე ბოლშევიზმად; შემთხვევითი არ იყო, რომ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის „ნაციონალისტური ნარატივი“ სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკის რეფორმირებასთან ერთად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, განსხვავებული აზრის მიუღებლობის, შიშის და ტერორის, ბიზნესის დატერორების გზით ბიუჯეტის გაურკვეველი „შავი სალაროების“ შევსებით ვითარდებოდა. საკუთრების უფლებების დარღვევა და ქონების ექსპოპრიაცია, სასამართლო სისტემის სრული მოშლა და პარტიული მართველობის ვერტიკალზე დაქვემდებარება, იყო თანმდევი იმ ვაკხანალიისა, რაც ათასობით ადამიანის ციხეში გაშვებით და ტერორის ატმოსფეროთი იყო უხვად ნაზავი. აღნიშნული სისტემა ატარებდა ბოლშევიკურ ანარეკლს, სადაც შესაძლებელია სხვისი ქონების დასაკუთრება თუ შენ ეს გინდა და მით უმეტეს თუ პარტიის ერთგული შვილი ხარ. ამ მოძრაობის მხარდამჭერთა არც თუ მცირე ნაწილისათვის ეს ნეო-ბოლშევიური მენტალობა, სამწუხაროდ,მიუღებელი ნამდვილად არ არის.

2003-2012 წლებში, სწორედ ბაზრის და ეკონომიკის „ვერტერნიზაციის“ გაუკუღმართებული გაგების შედეგი იყო მაღალი დოლარიზაცია და სავაჭრო ბალანსის სარეკორდო დეფიციტი, რომელიც 2012 წლისათვის 5 მლრდ დოლარს ასცდა და ჩვენი ეკონომიკა დღემდე ვერ ამოსულა ამ კატასტროფული საგარეო მოწყვლადობიდან. აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა ექსპორტის შემცირებით და იმპორტის სარეკორდო ზრდით ხასიათდებოდა, რასაც მართალია თან სდევდა მომსახურების სერვისების განვითარება, მაგრამ სამაგიეროდ ადგილობრივი წარმოება როგორც ასეთი სულს ღაფავდა. საბანკო სექტორის ფინანსური სექტორის მონოპოლისტად ქცევა, ბაზრის სხვა მოთამაშეების და საფონდო ბაზრის ჩაძირვა, საშუალო ფენის გაქრობა, დღეს ასე პრობლემურად ქცეული „ჭარბვალიანობა“ და კრედიტ ინფოს „შავი“ სიაც, არის სწორედ იმ ე.წ. დერეგულირებული და „თავისუფალ ბაზარზე“ აგებული ეკონომიკური პოლიტიკის ნეგატიური რეციდივი, რომელიც ასე პრობლემად არის ქცეული და დღემდე სერიოზულ ტვირთად აწევს ქართულ ეკონომიკას.

ნაციონალური მოძრაობის, როგორც თანამედროვე ქართული ბოლშევიზმის ამ ფორმაციისათვის ადამიანი მხოლოდ მიზნის მისაღწევ საშუალებას წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც. ამის შედეგი იყო ასი ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შემცირება, როდესაც რეფორმის და სისტემის „ოპტიმიზაციის“ მიზნით ადამიანთა განთავისუფლება მოხდა ყოველგვარი ალტერნატივების შეთავაზების გარეშე და პრაქტიკულად ეს ადამიანები შიმშილისა და უპერსპექტივობისათვის გაწირეს.
ვინ დათვალა რა ადამიანური და მატერიალური ზარალი მიადგა თავად ქვეყანას, ამ ადამიანების მორალურ ზიანზე რომ აღარაფერი ითქვას? ამ ადამიანებიდან რამდენი გადაიხვეწა უცხოეთში სამუდამოდ, რამდენმა დაკარგა ჯანმრთელობა ან სულაც უდროოდ გარდაიცვალა, რამდენი ოჯახი დაინგრა?. ციფრებზე რომ უყვართ აპელირება, ან ისეთი ეკონომიკა რად გინდა სადაც ადგილობრივი წარმოების და შენი მოქალაქის ადგილი არ იქნება? იღებენ კი ეს ადამიანები ამაზე პასუხისმგებლობას, თავიანთი გადახვეწილი ლიდერის ჩათვლით ოცნების დაშვებულ შეცდომებზე ასე რომ აპელირებენ?

ნაციონალური მოძრაობა და მისი პოლიტიკური განშტოებები სწორედ ამ საკითხებზე უნდა საუბრობდენ და არა ისეთ ახალ დაპირებებზე, რომელთა პოლიტიკური და ეკონომიკური შინაარსიც რბილად რომ ვთქვათ მეტად საკამათოა და არც წმინდა პოპულიზმის ნაკლებობას უჩივის.
ჯანდაცვის საკითხებზე გაკეთებული განცხადებაც -ჩვენ ამ ფულს ვასხამთ შავ ხვრელში, რადგან ვმკურნალობთ მომაკვდავ ადამიანს-არ არის შემთხვევითი. იგი არის ზემოთაღნიშნული ლიბერტარიანული შეხდულებების კიდევ ერთი დასტური. ცნობილია, რომ ბოლშევიზმისათვის ცოცხალი ადამიანი არ წარმოადგენდა არავითარ ფასეულობას და მით უმეტეს მომაკვდავი ბუნებრივია, აქ რა მოსატანია. დანარჩენი, რომ იგულისხმებოდა სხვა კონტექსტი, არის უბრალოდ ლირიკა და მეტი არაფერი.
ნაციონალური მოძრაობა არის იგივე რაც იყო, როგორც ძველი, ისევე ახალი ფორმაციის თუ ფორმაციების სახით და მისი იდეოლოგიური პლათფორმიდან გამომდინარე, სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს.

„ოცნებას“ ჰქონდა შეცდომები და მათი შედეგი ოყო პირველ ტურში ნაგები მარცხიც ანუ მასზე საზოგადოების რეაქცია, რაც ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ზრდის და რაც ყველაზე უფრო ნიშანდობლივია მომავალზე ორიენტირების შედეგია. ოცნებას ჰქონდა შეცდოები წმინდა პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისითაც, თუნდაც საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით. მიმაჩნია, რომ ბიზნესის და ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობ პროგრამებს, რაც დღეს ხორციელდება, უფრო მეტი პოპულარიზაცია, ადამიანური ჩართულობა და ფინანსური რესურსირება სჭირდება. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბრმა უნდა იყო ვერ დაინახო, რომ ეს მიდგომები გაცილებით ჰუმანური და ადამიანზეა ორიენტირებული ვიდრე იმ ავადსახსენებელ წლებში იყო.

სწორედ ეს უნდა იყოს მომავლის პერსპექტივის ამოსავალი წერტილი მიმდინარე პოლიტიკური ბატალიებიდან გამომდინარე. დღეს არის თითოეული ჩვენთაგანის არჩევანი, იმისდა მიუხედავად თუ რა სოციალურ წრეს ან პროფესიას ვეკუთვნით. ეს არ არის ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, არც იმაზეა აპელირება მოგვწონს თუ არა ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის გამონათქვამები, რომელიც თავისი პირდაპირობით ატარებს ევროპულ კულტურასთან ნაზიარებელი ადამიანის თვალსაზრის, ჩვენი ისტორიული და დავიწყებული მეხსიერებიდან გამომდინარე-მოყვარეს პირში უძრახეს პრინციპით, ან პრეტენზია რატომ დგას ესა თუ ის ადამიანი მის გვერდზე, თითქოს მეორე მხარეს ფრთიანი ანგელოზები იდგნენ.

რეალურად ჩვენი არჩევანი, თუნდაც პიროვნულ დონეზე, დგას საბჭოთა დიპლომატსა და ევროპელ დიპლომატს შორის, თავისი საერთაშორისო კავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მეორე ხარისხოვანი ფაქტორი არ არის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საფრანგეთის საერთაშორისო თავდაცვის და სტრატეგიულ საკითხთა სამმართველოს.
ახლა მის გამონათქვამებზე, მით უმეტეს მეორე მხარის ინტერპრეტაციით მოწოდებულზე გამოდევნება არის თავის მართლება, ამის თითზე დახვევა და მეტი არაფერი.

მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით გზის გასაყარზე, რომლის დროსაც ნეიტრალიტეტი გამოსავალი არ არის.
დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს ჩვენი სინდისის და მომავლის წინაშე. სხვა დანარჩენი – „ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით“ ან „ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ“ და ა.შ თითქოს ის წლები მხოლოდ ქუჩაში გამოსული ადამიანების პრობლემა ყოფილიყო, არის გზების არ მოჭრა „იმ მხარესთან“, „რა ვიცი, რა მოხდებას“ პრინციპით.

მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი დავიწყებას მიეცა. მაგრამ, არაფერი უკვალოდ არ ქრება. 2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, კაზუო იშიგუროს, ცნობილი რომანის-„დაფლული გოლიათის“ გმირების არჩევანი ნისლს უკავშირდება, ნისლს რომელიც გადაკვრია ადამიანების გონებას და წარსულს ავიწყებთ, თავისი ცოდვებით და ტკივილით ანუ რეალობის ალტერნატივით. მწერლის რიტორიკული კითხვაც სწორედ ამაშია-იქნებ ნისლი ადამიანებს წარსულის დავიწყებაში და ძველი იარების განკურნებაში დაეხმაროს. ამ ნისლს დარაჯად დრაკონი უდგას, მაგრამ არჩევანი გასაკეთებელია-ცხოვრება უწარსული მაგრამ გამოგონილ რეალობაში თუ დრაკონის დამარცხება და ნამდვილ თუმცა მტკივნეულ და ყოველდღიურ პრობლემებთან დარჩენა, მაგრამ მაინც მომავალის პერსპექტივის დაბრუნება?

აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის ახორციელებს ხელისუფლებაზე კონტროლს და აიძულებს მას არ გავიდეს კონსტიტუციური ველიდან!

აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არ უშვებს დემაგოგების და ავანტიურისტების მოსვლას ხელისუფლებაში!

აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მომავალზეა ორიენტირებული!

აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არც წარსულ ივიწყებს!

გააკეთეთ ეს არჩევანი და არ შეგეშინდეთ მომავლის!”, – წერს ცუცქირიძე.

Share