Home » საზოგადოება » გიორგი ვაშაძემ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსების“დამაზუსტებელ კითხვებს უპასუხა

გიორგი ვაშაძემ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსების“დამაზუსტებელ კითხვებს უპასუხა

„ბანკები და ფინანსებმა“ პოლიტიკური მოძრაობის „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს ე.წ. საპენსიო სესხების თაობაზე რამდენიმე კონკრეტული კითხვით მიმართა. აღნიშნული კითხვები და ვაშაძის ხედვების დაზუსტების სურვილი გამოცემას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გიორგი ვაშაძემ ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-სთან ინტერვიუში საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააჟღერა. მათ შორის, აბსურდული უწოდა გარკვეულ კვლევებს, რომლებიც ბოლო დროს გამოქვეყნდა და 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სესხებზე, სხვადასხვა ბანკში არსებულ  საპროცენტო განაკვეთს ეხებოდა. ერთ-ერთი ასეთი მოკვლევის ავტორი სწორედ „ბანკები და ფინანსები“ გახლდათ.

გიორგი ვაშაძისგან მიღებულ პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

– ბატონო გიორგი, 2021 წლის 14 სექტემბერს ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში (https://www.bpn.ge/article/85897-ra-xedva-akvs-giorgi-vashazes-sapensio-sesxebis-sakitxtan-dakavshirebit/), 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთებზე საუბრისას თქვენ ერთ-ერთი კვლევის მონაცემებს უწოდეთ აბსურდი. – გულისხმობდით თუ არა ამ კვლევაში „ბანკები და ფინანსების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მოკვლევის შედეგებს (https://bfm.ge/ra-protsentshi-sheudzliath-seskhis-agheba-60-tsels-gadatsilebul-moqalaqeebs-qarthul-bankebshi/  ), რომელიც აღწერს დღეს ბაზარზე არსებულ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს. თუ გულისხმობდით,  გთხოვთ, გაგვაცნოთ არგუმენტ(ებ)ი, რატომ მიიჩნიეთ აღნიშნული მოკვლევის შინაარსი აბსურდად?

– 2021 წლის 14 სექტემბერს ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე: „მაინტერესებს შედარებული გაქვთ როგორი პროცენტებია სხვა ბანკებში, მაგალითად არსებობს კვლევები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ უფროსი ასაკის პირებისთვის სესხები სხვა ბანკებში უფრო მაღალი პროცენტითაა, ვიდრე ლიბერთიში?“ ჩემი პასუხია, რომ საკითხის ასე დასმა აბსურდულია, რადგან პენსიონერებს შემოსავალი პენსიის სახით (რის საფუძველზეც გაიცემა საპენსიო სესხი) მხოლოდ „ლიბერთი ბანკში“ უფიქსირდებათ ამიტომ სხვა ბანკებში უფროსი ასაკის პირებისთვის სესხის გაცემის პროცენტზე საუბარი და მისი შედარება საპენსიო უზრუნველყოფით გაცემულ სესხზე არარელევანტურია. თქვენი პროფესიონალიზმი ეჭვს არ იწვევს და თქვენი მხრიდან მსგავსი კითხვების გაჩენა ამ ინტერვიუს მიმართ ჩემში განცვიფრებას იწვევს, რადგან საუბარი თქვენს მიერ შესწავლილ საკითხზე ნამდვილად არ იყო ინტერვიუში.

თუ არ გულისხმობდით „ბანკები და ფინანსების“ მოკვლევას და საუბრობდით ჩვენთვის უცნობ და თქვენთვის ნაცნობ სხვა კვლევაზე, გთხოვთ, გაეცნოთ მას და გვიპასუხოთ კითხვაზე: ეთანხმებით თუ არა მოკვლევაში წარმოდგენილ ინფორმაციას და შედეგად გამომდინარე იმ რეზულტატს, რომ 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილ სესხებზე არსებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სადღეისოდ „ლიბერთი ბანკში“ ყველაზე დაბალია ყველა სხვა კომერციული ბანკის პირობასთან შედარებით, ანალოგიურ პროდუქტზე?

თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, გაგვაცნოთ ის კვლევ(ები)ა, ან რაიმე სახის ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც გამომდინარეობს სხვა დასკვნა.

კერძოდ, გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ნათლად აღწერს დღეს ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს (რაც თავის მხრივ, თქვენთვის საპენსიო საკითხებზე მუშაობის სახელმძღვანელოა).

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება, არ მოვახდინოთ ამ თემის უტრირება და პრობლემის სხვა რაკურსში გადაყვანა. ჩვენი შეფასებით საპენსიო სესხი უზრუნველყოფილი სესხების კატეგორიას განეკუთვნება, რადგან ადამიანი ვერ გაახალგაზრდავდება, ხოლო პენსიის მიღების გარანტად სახელმწიფო გვევლინება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა ექსპერტებმა მიმართეს ეროვნულ ბანკს კითხვით – განეკუთვნება თუ არა ლიბერთი ბანკის მიერ საპენსიო შემოსავლების საფუძველზე გაცემული სესხები უზრუნველყოფილი სესხების კატეგორიას რაზეც პასუხად მივიღეთ: „მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს თავისუფლად შეუძლიათ დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, სესხზე მოთხოვნათა უზრუნველყოფის საკითხის განსაზღვრა წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმების საგანს.

აქვე გაცნობებთ, რომ „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულება განსაზღვრავს სესხის ტიპებს. თუმცა, აღნიშნული ტიპების გარდა ფინანსური ორგანიზაციები თავად ადგენენ მათი შიდა პოლიტიკა – პროცედურებით სესხების ქვეტიპებს“.

რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეროვნულ ბანკმა გვითხრა ის, რომ არაფერი არ გვითხრა. ასეთ სენსიტიურ საკითხზე პასუხი მათ არ აქვთ და პასუხისმგებლობის არ აღების მიზნით კომერციული ბანკებისკენ იშვერენ ხელს.

ერთადერთი რისკი, რომელიც ბანკის წინაშე დგას ეს ადამიანის გარდაცვალებაა. თქვენი კვლევებით ეს საფრთხე შეფასებულია 0.72%-1,3%-ით, მაშინ როცა ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური მაჩვენებელი (2%). რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ერთადერთი რისკი (სიცოცხლის დაზღვევა – 1,3%) იმდენად უმნიშვნელოა, რომ არა „ლიბერთი ბანკის“ მონოპოლიური მდგომარეობა საპენსიო სესხზე პროცენტი ასეთი მაღალი და უსამართლო არ იქნებოდა.

(რემარკა: გამოცემა „ბანკები და ფინანსები“ აღნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი პროცენტები არ წარმოადგენს გამოცემის მიერ შეფასებულ რისკებს, არამედ ეს არის კომერციული ბანკებიდან მიღებული ფაქტობრივი მონაცემები.)

– ბატონო გიორგი, აქვე დამატებით გკითხავთ თქვენს მიერ BPN.GE-ისთვის მიცემულ იმავე ინტერვიუში დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. კერძოდ, თქვენ ინტერვიუში ამბობთ შემდეგს (იხ თქვენი ციტატა) “ჩვენი გათვლებით, იმ შემთხვევაში თუ პენსიონერს ექნება თავისუფლება იქ აიღოს სესხი, სადაც მას უნდა. ეს კონკურენციას გაზრდის და ჩვენი გუნდის კვლევებით საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 20%-მდე შემცირდება”. გთხოვთ, მკითხველისთვის განმარტოთ აღნიშნულ 20%-იან საპროცენტო განაკვეთში იგულისხმება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი თუ ნომინალური?

– 20% იგულისხმება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

 

ეს გახლავთ ბატონი გიორგი ვაშაძის მიერ ჩვენს რამდენიმე დამაზუსტებელ კითხვაზე გაცემული პასუხი.

ბოლოთქმის სახით კი, „ბანკები და ფინანსების“ რედაქცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბატონი გიორგის მხრიდან ჩვენს კითხვებზე საკმაოდ ოპერატიულად გამოხმაურებისა, ჩვენთვის გარკვეული საკითხები მაინც უპასუხოდ, დარჩა. კერძოდ, კონკრეტულად რა გზებით და მექანიზმებით ხედავს პარტია შესაძლებლად საპენსიო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 20 პუნქტამდე შემცირებას, სესხების საბაზრო განაკვეთებზე, სასესხო პროდუქტების ღირებულების ანატომიაზე და სხვა.

„ბანკები და ფინანსების“ რედაქცია მოხარულია, რომ პოლიტიკოსებმა მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით რიცხვებითა და პროცენტებით მსჯელობა დაიწყეს. შესაბამისად, ჩვენ დამატებითი კითხვებით კიდევ მივმართავთ ბატონ გიორგი ვაშაძეს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს, რათა პროფესიული მსჯელობის საფუძველზე გავარკვიოთ რამდენად რეალისტურია ის დაპირებები, რომლებსაც პოლიტიკოსები გასცემენ. ამდენად, იმედს ვიტოვებთ, ჩვენი შემდგომი კომუნიკაცია ნაყოფიერი და საკითხზე ორიენტირებული იქნება.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ყველა დაინტერესებულ პოლიტიკური ძალასა თუ ფიზიკურ პირს, დავუთმოთ ჩვენი პლატფორმის რესურსი, ე.წ. საპენსიო სესხების საკითხთან დაკავშირებით თავისი არგუმენტების წარმოსაჩენად.

 

Share