Home » ეკონომიკა » გიორგი ცუცქირიძე: თებერვლის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ეკონომიკის აღდგენა პოზიტიურ ტრენდზეა

გიორგი ცუცქირიძე: თებერვლის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ეკონომიკის აღდგენა პოზიტიურ ტრენდზეა

„რამდენად სწრაფად აღდგება ეკონომიკა, პირდაპირ იქნება დამოკიდებული სამუშაო ადგილების შექმნაზე, და განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე, ამასთან აჩვენებს განსაკუთრებით მეორე ლოქდაუნის შემდეგ, რა დანაკარგები განიცადა ეკონომიკამ და  რამდენად ეფექტური იყო სამთავრობო ანტიკრიზისული მენეჯმენტი.

ამ თვალსაზრისით, მიმდინარე წლის პირველი ორი თვე გარკვეული დასკვნების საშუალებას უკვე იძლევა. და თებერვლის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ეკონომიკის აღდგენა პოზიტიურ ტრენდზეა, რაც ემთხვევა წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების პროგნოზებს, როდესაც ქვეყნის სუვენერული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვეს,“ – ასე გამოეხმაურა თავის ფეისბუქ-გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს.

ექსპერტის თქმით, ეკონომიკის რეცესიული ციკლიდან გამოსვლის ერთ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი საგარეო ვაჭრობაა, კერძოდ სავაჭრო დეფიციტის დინამიკა.

2021 წლის თებერვალში წინა წელთან შედარებით  ექსპორტი  2.9 პროცენტით გაიზარდა და  მისმა მოცულობამ 270.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო    სავაჭრო დეფიციტი 93.6 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 347.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

„ნიშანდობლივია, რომ თებერვალში  ექსპორტი აღემატება როგორც გასული წლის, ასევე 2019 წლის თებერვლის (პანდემიამდე) მონაცემსაც კი. მართალია, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 6.8 პროცენტით შემცირდა და 494.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, სამაგიეროდ, სავაჭრო დეფიციტი  გაუმჯობესდა და  უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტით  განისაზღვრა, რაც წინა წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

თუ ამ მონაცემებს, გასული წლის შედეგებს შევადარებთ, დადებითი ტენდენცია სახეზეა,    როგორც პირველი ორი თვის, ისე წლიური ტენდენციებიდან გამომდინარე, მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის თითქმის ხუთთვიანი ბოიკოტირებისა!“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძე

Share