Home » საზოგადოება » გიორგი შაგიძე მოლდოვური ბანკი MAIB-ის CEO გახდა

გიორგი შაგიძე მოლდოვური ბანკი MAIB-ის CEO გახდა

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი შაგიძე მოლდოვეთის წამყვანი ბანკი Moldova Agroindbank-ის (MAIB) CEO გახდა, – მოლდოვურმა ბანკმა ქართველი ბანკირის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად უკვე განაცხადა.

„პატივი მაქვს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობა შევასრულო. მადლობას ვუხდი მოლდოვის ეროვნულ ბანკს და MAIB–ის ნდობისთვის. ველოდები ერთგულ და ნიჭიერ გუნდთან ერთად მუშაობის დაწყებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ MAIB-მა უზრუნველყოს ყველაზე შესაფერისი პროდუქტები და მომსახურება ჩვენი კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ასევე საცალო კლიენტებისათვის. ეს საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მოლდოვის ბანკის ტრადიციების შენარჩუნება, ამასთანავე მოვერგოთ თანამედროვეობას და კლიენტთა მოთხოვნებს,” – განაცხადა გიორგი შაგიძემ.

შაგიძის საბანკო გამოცდილება 25 წელს ითვლის. ბოლოს ის TBC ბანკის მთავარი ფინანსური და ოპერატიული დირექტორი იყო. მისი 10 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, თიბისიმ აქტივების ბაზა 8-ჯერ გაზარდა და საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკი გახდა.

”გაგვიმართლა, რომ შევძელით ასეთი ძლიერი კადრი დაგვენიშნა ამ თანამდებობაზე. ჩვენ ვენდობით გიორგის და დარწმუნებული ვარ, რომ ბანკი მოწინავე პოზიციას შეინარჩუნებს ქვეყანაში”,– თქვა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვიტაუტას პლუნკსნისმა.

MAIB არის უმსხვილესი ბანკი მოლდოვაში, ქვეყნის საბანკო აქტივების დაახლოებით 30%-ს და სესხების დაახლოებით 35%-ს ფლობს. ბანკი მოლდოვას მოსახლეობის 20%-ზე მეტს ემსახურება და ქვეყნის უმსხვილეს დამსაქმებლებს შორისაა. 2018 წლიდან, MAIB- ის უმსხვილესი აქციონერი ბრიტანული კომპანია HEIM Partners Limited–ია.

Share