Home » ეკონომიკა » გიორგი ქობულია: ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს

გიორგი ქობულია: ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.

მისი განცხადებით, ეკონომიკის შემცირება ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია. „როდესაც ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის უზარზარი წილი ტურიზმზე დგას, გასაკვირია? რესტორანი არ მუშაობს, მაღაზია დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის, რომელსაც 3 მილიონი დოლარი შემოჰქონდა ქვეყანაში, მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს,“-აცხადებს ქობულია.

რაც შეეხება პროგნოზებს, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია კოვიდ სიტუაციის კონტროლზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღდგება შიდა ეკონომიკა (ამაში შედის რესტორნები, მაღაზიები და ასე შემდეგ). ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად სწრაფად აღდგება ტურიზმი, რაც დამოკიდებულია საქართველოში ეპიდსიტუაციის გაკონტროლებაზე. ასევე აუცილებელია  მოხდეს იმ ქვეყნების მიერ საკუთარი მოქალაქეების კონტროლი, რომლებიც მოგზაურობენ და შემოდიან საქართველოში.

„ყველაფერი რომ გავაკონტროლოთ და საერთოდ კოვიდი არ გვქონდეს, მაინც ვერ ავამოძრავებთ ეკონომიკას სწრაფად, თუ სხვებმა ვერ აღადგინეს თავის ქვეყნებში კოვიდი სიტუაცია, რომ იქიდან ტურისტი ჩამოვიდეს. თუ ჩვენ ვაქცინაციას სწრაფად ჩავატარებთ, არ არის აუცილებელი ყველა იყოს ვაქცინურებული, რაღაც განსაზღრული რაოდენობის ვაქცინაცია როდესაც მოხდება, უკვე ძალიან დიდი კონტროლი იქნება კოვიდ სიტუაციის. თუ ანალოგიური მოხდება სხვა ქვეყნებში და რაც ზაფხულისთვის მოსალოდნელიცაა, წლის მეორე ნახევარში, უფრო ზუსტად კი, ბოლო კვარტალში, შეიძლება დავინახოთ ტურისტული ნაკადების მომატება, რაც მოგვცემს შანსს სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი,“-აცხადებს გიორგი ქობულია.

როგორც ქობულია განმარტავს, ძალიან მნიშვნელოვანია აღდგეს ფრენები რუსეთთან, რადგან ის არის ქვეყნის მაღალი გადახდის მქონე ტურისტების ძირითადი წყარო. როგორც ყოფილი მინისტრი აცხადებს, ტურისტული სექტორიდან შესავლების 50% რუსეთიდან შემოდიოდა.

„ამიტომ, მათთან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური  დაძაბულობა გვაქვს, ეკონომიკის თვალსაზრისით მათთან ურთიერთობის აღდგენა, პირველ რიგში გვაწყობს და რაც შეიძლება სწრაფად,“ – აცხადებს ქობულია.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

დეკემბერში ეკონომიკური ვარდნა დეკემბერში 7,9% იყო, ნოემბერში – 7.7%, ოქტომბერში 3.9%.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა. ბიუჯეტის პროექტი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“

Share