Home » ეკონომიკა » გიორგი მიშელაძე: სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა
გიორგი მიშელაძე: სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა

გიორგი მიშელაძე: სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა

პროექტების განხორციელების პროცესში ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ბიზნესუბიექტებთან

დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც გაერთიანებულია 11000 -ზე მეტი ფერმერი. სააგენტო, თავისი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს ისეთ ბიზნესსუბიექტებთან, როგორიცაა ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს ნენსკრა ჰიდრო და სხვა მსხვილი თუ შედარებით პატარა ბიზნესორგანიზაცია, რათა საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

უფრო დაწვრილებით, თუ რა როლი აქვს დღეისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახით ოპერირებას სოფლის მეურნეობის სექტორში, კონკრეტულად რა ხელშემწყობი ფაქტორებია სააგენტოს მხრიდან ამ სექტორში დასაქმებული სუბიექტებისათვის და როგორია კოოპერატივებით ბიზნესის ოპერირების საერთაშორისო პრაქტიკა,ბანკები და ფინანსები სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს, გიორგი მიშელაძეს ესაუბრა.

– თქვენს საქმინაობაზე რომ გვითხრათ, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო რამდენი ხანია რაც არსებობს, რა მიზნით დაარსდა და რა პროექტებს ახორციელებთ მიმდინარე ეტაპზე?

– სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტო 2013 წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „სასოფლო-სამურნეო კოოპერატივის შესახებ“   კანონის საფუძველზე შეიქმნა, რომლის მიზანია აგროპროდუქციის წარმოების ზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვა და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება.  სააგენტო  ახორციელებს სხვადასხვა დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამებს.

როგორია მოსახლეობის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული და ზოგადად სოფლის მეურნეობის, როგორც ბიზნესად გამოყენების მსურველი პირების მხრიდან თქვენს პროექტებში ჩართულობა?

– დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც გაერთიანებულია 11000-ზე მეტი ფერმერი. რაც შეეხება გეოგერაფიულ გადანაწილებას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შექმნილია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილი კოოპერაციული საწაროების არსებობა. ისინი, ძირითადად, მევენახეობის და რძის გადამუშავების მიმართულებით საქმიანობენ.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ იმ პროექტებზე, რომლებიც აქამდე წარმატებით განახორციელეთ და სადაც უშუალოდ გამოიკვეთა კოოპერატივების გზით ბიზნესის ოპერირების დადებითი მხარეები.

– რაც შეეხება სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს, უნდა აღინიშნოს რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ბოლო წლებში  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 26 ახალი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა, სადაც თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი. გასული 2 წლის განმავლობაში ამოქმედდა მევენახეობის დარგის 13 კოოპერაციული საწარმო. მეფუტკრეობის მიმართულები აღსანიშნავია,  რომ  კოოპერატივებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 203 კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებულია 2185 მეპაიე  თანადაფინანსებით, ღირებულების 30%-ად მიღებული აქვს 18,433 სკა და სხვა ინვენტარი. კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს არის „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის” სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მიმდინარეობს თაფლის გადამამუშავებელი  კოოპერაციული საწარმოს მშენებლობა. საწარმოში  შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის მიღება, გადამუშავება, დასაწყობება და სხვადასხვა მოცულობით ჩამოსხმა. საწარმოში ასევე მოხდება ფიჭის დამზადება.

– თქვენი პროექტების განხორციელების პროცესში რომელ ბიზნესსუბიექტებთან თანამშრომლობს სააგენტო და რა სახით გამოიხატება მათთან თანამშრომლობა?

– პროექტების განხორციელების პროცესში ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ბიზნესუბიექტებთან. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში “ნენსკრა ჰესის” პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ნენსკრა ჰიდროსა” და ჩვენი სააგენტოს ჩართულობით მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის ერთობლივი ტრენინგები გაიმართა. ტრენინგზე ადგილობრივი ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია კოოპერატივების შექმნისა და მართვის შესახებ.  მთავარ მიმართულებებად მეფუტკრეობა და მეცხოველეობა გამოიკვეთა. გარემო პირობები უწყობს ხელს ამ დარგების განვითარებას. მათ აქვთ გამოცდილება ამ სფეროებში და მათი რესურსების ერთმანეთთან კონსოლიდირება საშუალებას მისცემთ უფრო ეფექტიანები გახდნენ. შედეგად ორივე სოფელში მიმდინარეობს კოოპერატივების ფორმირება და რეგისტრაცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაგალითად, რძის გადამამუშავებელი კოოპერატივების შემთხვევაში თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად  მიიღოს გაზრდილი შემოსავალი, რაც სხვადასხვა სახეობის ყველის წარმოების შემთხვევაში იზრდება 120%-მდე.

რაც შეეხება მეფუტკრეობის კოოპერატივებს, მათ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის შედეგად, შესაძლებლობა ეძლევათ   გაიუმჯობესონ  საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და გაზარდონ წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების რაოდენობა  და ხარისხი, შემდეგ კი, თაფლის კოოპერაციულ საწარმოში გადაამუშავონ თაფლი და მოახდინონ რეალიზება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, რაც დამატებითი შემოსავლის ზრდას განაპირობებს.

– რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას სოფლის მეურნეობით დაკავებული ბიზნესი დღეს და რა ფუნქციები აქვს სოფლის მეორნეობის განვითარების თვალსაზრით კოოპერატივების არსებობას დღეს ქვეყანაში?

– სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა. ის, რაც დაუძლეველია ერთი მცირე ფერმერისათვის, შესაძლებელია გაერთიანებით დაიძლიოს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი,  ესაა საშუალება, როდესაც გლეხი კოოპერაციის მეშვეობით ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, იყენებს სახელმწიფოს ხელშეწყობას და ქმნის მასშტაბურ საწარმოებს. კოოპერაციულ საწარმოებს აქვთ პოტენციალი გახდნენ კონკურენტიანი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

– ასევე, როგორია იმ უცხოური, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, ანუ იქ კოოპერატივების არსებობის როლი რამდენადაა გამოკვეთილი.

– სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია მნიშვნელოვნადაა განვითარებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე,  ევროკავშირის  ქვეყნებსა და იაპონიაში. მაგალითად, იაპონიაში ფერმერების 90%-ზე მეტი,  რომელიმე კოოპერატივის წევრია. პოლონეთში კი რძის მწარმოებელ საწარმოთა შორის პირველ სამეულს კოოპერაციული საწარმოები  იკავებენ.  მესამე ადგილას მყოფ კოოპერატივს რძის გადამaმუშავებელი საწარმოების ფილიალები 6 ქალაქში აქვს და 5000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

ესაუბრა ბაჩანა ჯინჭარაძე

Share