Home » საზოგადოება » გიორგი ხანიშვილი: ფაროსანასთან ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს სახელმწიფო წელსაც განახორციელებს

გიორგი ხანიშვილი: ფაროსანასთან ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს სახელმწიფო წელსაც განახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულებსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილიც ესწრებოდა, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და სამოქმედო გეგმა განიხილეს.

გიორგი ხანიშვილი აღნიშნულ რეგიონებში აგრარული წარმოების მიმართულებით არსებულ ვითარებას გაეცნო და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებსაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს. ხაზგასმით აღინიშნა იმ შედეგების შესახებაც, რომლებიც ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული თანმიმდევრული მიდგომებით იქნა მიღწეული.

„სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ყველა რესურსი მობილიზებულია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პანდემიამ და არსებულმა გამოწვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რაც გულისხმობს მავნებლის მონიტორინგს გამოზამთრების ადგილებში. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიგეგმება მავნებელთან ბრძოლის კონტროლის ღონისძიებები.

Share