Home » ეკონომიკა » გიორგი ხანიშვილი: 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო $753 მილიონიდან $265 მილიონამდე შემცირდა

გიორგი ხანიშვილი: 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო $753 მილიონიდან $265 მილიონამდე შემცირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო 753 მილიონი დოლარიდან 265 მილიონ დოლარამდე შემცირდა და ეს იმას ნიშნავს, რომ დარგი სწორი სტრატეგიით იმართება. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ქვეყანაში ნებისმიერი პროდუქციის წარმოება პირველ რიგში მიმართულია იმპორტის ჩანაცვლებაზე და არსებული მოთხოვნის საკუთარი წარმოების პროდუქციის დაკმაყოფილებაზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ლევან დავითაშვილიც მუდმივად ამბობს ამას, რომ ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ საქართველო ნეტო-ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს.

ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმპორტი არ შემოვიდეს. არა, მყიდველს უნდა ჰქონდეს არჩევანი, შეიძინოს ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც მის გემოვნებას აკმაყოფილებს, მაგრამ ამავე დროს, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი უნდა აღემატებოდეს იმპორტირებულ პროდუქციას.

2012 წლის შემდეგ საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულება არ გაზრდილა. ეს იყო დაახლოებით 1,250 მილიარდი დოლარის ფარგლებში, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია კი მუდმივად იზრდებოდა და 2020 წელს 962 მილიონი დოლარი შეადგინა.

უარყოფითი სავაჭრო სალდო 2012 წლის 753 მილიონი დოლარიდან 265 მილიონ დოლარამდე შევამცირეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორი სტრატეგიით ვმართავთ დარგს“, – განაცხადა ხანიშვილმა.

Share