Home » საზოგადოება » გიორგი კანაშვილი – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ტურს შეგვიძლია დავარქვათ „დაზვერვითი“ შემოვლა

გიორგი კანაშვილი – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ტურს შეგვიძლია დავარქვათ „დაზვერვითი“ შემოვლა

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ტურს შეგვიძლია დავარქვათ „დაზვერვითი“ შემოვლა“, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ვიზიტს ალბათ ორი ძირითადი მიზეზი აქვს – ყარაბაღის კონფლიქტი და ადმინისტრაციის ცვლილება ამერიკაში.

“ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, არაა მთლად უმნიშვნელო ამბავი….

ჯავად ზარიფი, რეგიონული ტურის ფარგლებში უკვე იმყოფებოდა ბაქოში, შემდეგ ჩავიდა მოსკოვში, ერევანში, დღეს თბილისს ეწვევა და ორ დღეში თურქეთისკენ აიღებს გეზს.

რატომ ახლა?

ალბათ ორი ძირითადი მიზეზია: ყარაბაღის კონფლიქტი და ადმინისტრაციის ცვლილება ამერიკაში.

სად რა განიხილა?

ბაქოში, მინისტრმა ილხამ ალიევს მიულოცა გამარჯვება, მოიწონა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინიციატივა ექვსმხრივ ფორმატთან დაკავშირებით („რატომღაც “ ერდოღანი დაივიწყა) და ყარაბაღის აღდგენის პროცესში ირანული კომპანიების ჩართვა შესთავაზა (მუშაობს კაცი!).

მოსკოვში, ცხადია, საკითხთა უფრო ფართო სპექტრი განიხილეს; და სხვათაშორის, ისე ჩანს, რომ ძირითადი დრო დემოკრატების მოსვლასა და ირანის ატომური შეთანხმების საკითხს დაეთმო (ანუ გაჩნდა მასზე მიბრუნებისა და შესაბამისად ირან-აშშ-ს დაპირისპირების დეესკალაციის პერსპეტივა). განიხილეს ყარაბაღის ამბები და აქ ჯავად ზარიფმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, კომპლიმენტები არ დაიშურა.

ერევანს ირანელმა დიპლომატმა ასევე დახმარება აღუთქვა, ირანის წითელი ხაზი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობაზე გადისო (ირანული დიპლომატიის სკოლა 🙂 ) და ასევე ისაუბრა ახალ პერსპექტივებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს რეგიონის ინფრასტრუქტურის განბლოკვას.

რომ შევაჯამოთ: ამ ტურს შეგვიძლია დავარქვათ  „დაზვერვითი“ შემოვლა. თეირანისთვის გასაგებია, რომ რეგიონში რაღაც პროცესები შეიძლება დაიძრას და არანაირი სურვილი არ აქვს ეს მის გარეშე და მასთან შეუთანხმებლად მოხდეს.

ჩვენ აქედან რა?! ჯერ პროცესის მხოლოდ კონტურები ჩანს, საბოლოო ჯამში რამე გამოვა ამ ამბიდან თუ არა, დაზუსტებით ვერავინ იტყვის. თუმცა ერთი „დაზვერვითი“ ტური, მგონი, არც ჩვენს საგარეო მინისტრს აწყენდა. თორემ, შეიძლება უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე დავდგეთ…”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კანაშვილი.

Share