Home » ფინანსები » გიორგი ცუცქირიძე – ლარის კურსის 2.7-იან ნიშნულამდე დაცემა სპეკულაცია იყო
გიორგი ცუცქირიძე – ლარის კურსის 2.7-იან ნიშნულამდე დაცემა სპეკულაცია იყო

გიორგი ცუცქირიძე – ლარის კურსის 2.7-იან ნიშნულამდე დაცემა სპეკულაცია იყო

ლარის კურსის 2.7-იან ნიშნულამდე დაცემა სპეკულაცია იყო. ამის შესახებ „საქართველოს ბანკების ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზოგადად, საბანკო სექტორში მსგავსი აჟოტაჟები ხდება . გარდა ამისა, საქართველო პატარა ბაზარია, ამიტომ მცირე თუ საშუალო ტრეიდერებს გარკვეული მოლოდინები შეიძლება წარმოექმნათ, რაც საბოლოოდ კურსზე ისახება.

„ჩვენს ბაზრებზე არსებული ყველაზე მეტი ინფორმაცია ბანკებს აქვთ, ყველაზე მსხვილი დილერებიც ბანკები არიან, ამიტომ, მათ ასეთი ტიპის სიტუაციების შექმნა არ უღირთ”-აცხადებს ცუცქირიძე.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრ იმპორტიორს შეიძლება მოეჩვენოს, რომ დღეს თუ არ იყიდის ვალუტას, ხვალ შეიძლება ძვირი იყოს.

კითხვაზე, თუ ვინ არის დამნაშავე სპეკულაციაში, ცუცქირიძე განმარტავს, რომ ბანკების ამაში დადანაშაულება სწორი არ იქნება.

„როდესაც მთავრობამ მოინდომა რეფორმების დაწყება, სამწუხაროდ ეს ძალიან ბევრმა არასწორად გაიგო. ბევრმა საერთოდ ეს გეგმა სავალუტო კურსს და სავალუტო სპეკულაციებს მიაბა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთი რამ – თუ ვაფასებთ რაღაცას, შეიძლება გამოვთქვათ ჩვენი აზრი ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ადეკვატური შეფასებები. როდესაც საუბარი იყო მთავრობის პროგრამაზე, იქ რამდენიმე მომენტი ერთმანეთში აურიეს. ფაქტობრივად, ადამიანი ვეღარ გაიგებდა, რომელი იყო დედოლარიზაციისკენ მიმართული და რომელი იყო ერთჯერადი აქცია. მე იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ხდება გარკვეული სიტუაციების შეფასება, ჯობია, რომ ეს შეფასებები წყნარად და მშვიდად გავაკეთოთ”, -აცხადებს ცუცქირიძე.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ ორი მსხვილი ბანკი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა. „ რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი. ის, რაც გუშინ უმსხვილესმა მოთამაშეებმა გააკეთეს, ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ისინი უნდა დაისაჯონ. ეს რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს უკვე სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს, ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ. მისივე თქმით, ის ელოდება სახელმწიფოს რეაგირებას, თუ როგორ მოეთხოვებათ ამ საქციელის გამო პასუხი. დუნდუას განცხადებით, არ არის ნორმალური, როდესაც კურსი ერთ დღეში ჯერ 2.70-ს გადასცდება, ხოლო შემდეგ 2.60-ზე ქვემოთ ჩამოდის.

წყარო: კომერსანტი

 

Share