Home » საზოგადოება » გიორგი ცუცქირიძე – დღეს გვჭირდება არა უბრალოდ გაცილებით მეტი ინვესტიციები, არამედ თავად ამ ინვესტიციების ხარისხი
გიორგი ცუცქირიძე - დღეს გვჭირდება არა უბრალოდ გაცილებით მეტი ინვესტიციები, არამედ თავად ამ ინვესტიციების ხარისხი

გიორგი ცუცქირიძე – დღეს გვჭირდება არა უბრალოდ გაცილებით მეტი ინვესტიციები, არამედ თავად ამ ინვესტიციების ხარისხი

საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ მამუკა ბახტაძის დღევანდელი ბრიფინგიდან გაჟღერდა, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა გადადის თვისობრივად ახალ საფეხურზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური კუთხით, ხოლო პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით შემოდის დოკუმენტი, რომელიც ადგენს სპეციალურ საგადასახადო რეჟიმს იმ წამყვანი უცხოური კომპანიებისათვის, რომლებიც საქართველოში გახსნიან თავიანთ ოფისებს და განახორციელებენ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებას საქართველოში და მათ გატანას საერთაშორისო ბაზრებზე.

მიმაჩნია, რომ ყველა ეს გზავნილი არის ძალზე მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკის როგორც შემდგომი ტრანსფორმაციის, ასევე მდგრადი და ინკლუზიური ზრდისათვის, რადგან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების ვექტორებს.;

დღეს ჩვენ გვაქვს არც თუ სუსტი სასტარტო პოზიციები, საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად. თუნდაც ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემა – Global Finance-ის მიერ, საქართველოს ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დასახელება პატარა ამბავი ნამდვილად არ არის, რადგან ამ ტიპის მოხსენებები ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე არც თუ უმნიშვნელო ზეგვლენას ახდენს.

მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები გვიჩვენებს, რომ მხოლოდ მაღალი ხარისხის ბუნებრივი და შრომითი რესურსების ხელმისაწვდომობა, რაც ბაზირებული იქნება მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, მოგცემს საშუალებას გადავიდეთ ეკონომიკის გაცილებით სწრაფ და ინკლუზიურ ზრდაზე, რისი ნათელი მაგალითია თუნდაც სამხრეთ კორეა, ირლანდია, ჩილე, სამხრეთ ამოსავლეთ აზიის ქვეყნების ნაწილი, რაც არის ქვეყანაში დოვლათის შექმნის და სიღარიბიდან ამოსვლის ყველაზე მოკლე გზა. სხვა შემთხვევაში დღევანდელთან შედარებით, უფრო მაღალი თუნდაც 7.5 % ზრდა, ძნელად მისაღწევი იქნება, ზრდის ორნიშნა ციფრზე რომ აღარაფერი ვთქვათ;

რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ჩვენ დღეს გვჭირდება არა უბრალოდ გაცილებით მეტი ინვესტიციები, არამედ თავად ამ ინვესტიციების ხარისხი იძენს უმნიშვნელოვანეს დატვირთვას. რესურსმაძიებელი და შედარებით დაბალტექნოლოგიური ინვესტიციები, რაც ძირითადად შემოდის, აღარ იქნება ხვალ საკმარისი ეკონომიკის სწრაფი ტრანსფორმაციისათვის. კაცობრიობა უკვე შევიდა მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში, სადაც მომავალში კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი მაღალტექნოლოგური დარგები იქნებიან. შესაბამისად, გვჭირდება სწორედ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები, რომლებიც ბოლო წლებში ჩამოყალიბებული საინვესტიციო მიმართულებებით ვერ მოხერხდება, იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩვენი ძირითადი ინვესტორი ქვეყნების დიდი ნაწილი ამ ტიპის ტექნოლოგიებს უბრალოდ ვერ აწარმოებს;

დღეს 5G-ინტერნეტი და დრონები აღარავის უკვირს, სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს სივრცული, იგივე 3D პრინტერის ტექნოლოგიური ინოვაციური პლათფორმა, სადაც უკვე არა თუ ავტომობილებისა და თვითმფრინავის ძრავების, არამედ სახლების და ადამიანის სხეულის ტრანსპლანტანტების ბეჭვდაა შესაძლებელი. ნანოტექნოლოგიებს, რაც გუშინ ერთ-ერთი მთავარი ინოვაცია იყო, მალე პიკოტექნოლოგიები ჩაანაცვლებს, რაც რევოლუციას მოახდენს ბევრი მიმართულებით, მათ შორის მედიცინაში. უკვე უახლოეს წლებში ხელოვნური ინტელექტი და ჰოლოგრამული გამოსახულება, კაცობრიობის თანმდევი ნაწილი გახდება; აქედან გამომდინარე, უკვე დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება არა უბრალოდ ეკონომიკის დივერსიფიკაცია, არამედ გასაღების გლობალურ ბაზრებზე გასვლა!

მე სხვა დროსაც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ევროკავშირის და ახლა, უახლოეს პერსპექტივაში აშშ-ის ბაზარი, როგორც მეგაეკონომიკები, სწორედ ამ მაღალტექნოლოგიური მიმართულეებით არის სტრატეგიულად პრიორიტეტული.

მთავრობის დღევანდელი სტრატეგია, რაც ითვალისწინებს ცოდნაზე ბაზირებულ ეკონომიკას და ინოვაციურ პლათფორმას, ამ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი. გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდით და რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევით, ჩვენ მოვახდენთ რა აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალ ტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვას, ვუზრუნველყოფთ აქ წარმოებული პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზრებზე. ამ ტიპის რელოკაციურ მოდელებს, რომლებიც მაღალი ეფექტიანობით და შრომის ნაყოფიერებით ხასიათდებიან, ასევე აქვთ მაღალი საექსპორტო პოტენციალი, რაც ახალ სამუშაო ადგილებს, მაღალკვალიფიციურ მუშახელს და ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას უზრუნვლყოფს.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტის დროს, აშშ-ის ვაჭრობის მდივან ვილბურ როსის შეხვედრის შემდეგ მოეწერა, ითვალისწინებს მაღალი დონის აქტიურ დიალოგს ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებზე.
ამიტომაც აქვს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველში აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლობის გახსნას ძალზე დიდი მნიშვნელობა;

ვფიქრობ, ახლა რიგშია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლის ძალზე კარგი და რეალური პერსპექტივა მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკასთან, მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2018 წლის მონაცემებით, შეერთებულ შტატებს მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა აქვს 20.4 ტრილიონი დოლარით.

საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი,

პროფესორი გიორგი ცუცქირიძე

Share