Home » საზოგადოება » გიორგი ბახტურიძე: ამჯერად, ალბათ საკასაციო სასამართლოში მიჩივლებენ

გიორგი ბახტურიძე: ამჯერად, ალბათ საკასაციო სასამართლოში მიჩივლებენ

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის მიმართ, – ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.

კერძოდ, არ დაკმაყოფილდა „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ სარჩელი, რომლის თანახმად, მომჩივანი გიორგი  ბახტურიძისგან მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებების პრესკონფერენციის საშუალებით უარყოფას მოითხოვდა, – თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა სათამაშო ბიზნესს ზოგადად კრიმინალური ხასიათის მქონე უწოდა.

თამბაქოს კონროლის ალიანსის ცნობით, სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მტკიცებულების გარეშე აცხადებდა, რომ ბახტურიძის გამონათქვამებით ასოციაციაში შემავალ სუბიექტებს ზიანი მიადგა. სასამართლოსგან მინიჭებული გონივრული ვადის ფარგლებში ასოციაციამ ზარალის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რაზეც 2019 წლის 17 აპრილს, მოსამართლე მაია გიგაურმა განაცხადა, რომ „მოპასუხის მიერ გამოთქმული ფრაზებით მოსარჩელის, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა ვერ დადასტურდა. ამასთან, მოპასუხეს სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება გარანტირებული აქვს როგორც კონსტიტუციით, ისე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით.“

„გამართლდა ჩვენი მოლოდინი და სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოითხოვა, გიორგი ბახტურიძის და შემდგომ ნებისმიერი პირის სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ მოტივით, რომ მასში შემავალ სუბიექტებს ზიანი ადგება.

ალოგიკურია, რომ საკუთარი იმიჯის შელახვის ბრალდებებს აყენებს სათამაშო ბიზნესი, როდესაც თვითონ არის უამრავი ადამიანისთვის გამოუსწორებელი, ტრაგიკული ზიანის გამომწვევი. გიორგი ბახტურიძემ სათამაშო ბიზნესის შესახებ გამოთქვა აზრი, რომელიც დღემდე სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ, ან გარკვეული კვლევების საფუძველზე გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა და არავის აქვს უფლება აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ უფლებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მკაფიოდ განმარტავს და იცავს კანონი.

მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის თვალსაჩინოება იმის, თუ როგორი მიუკერძოებელია სასამართლო სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს დგას მრავალმილიარდიანი ბიზნესი უზარმაზარი გავლენებით ყველა სახელისუფლებო შტოზე.

ჩვენი და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია ამ ე.წ. ბიზნესის რეკლამის და პოპულარიზიაციის სრული აკრძალვა, ონ-ლაინ თამაშების სრული აკრძალვა, სახმელეთო სათმაშო ბიზნესის მხოლოდ ერთ მდებარეობაზე, საზღვრისპირა დაუსახლებელ გარემოში გატანა, სადაც მხოლოდ 25 წლის ზემოთ ასაკის და 100000-ზე წლიური შემოსავლის მქონე პირებს ექნებათ თამაშის უფლება და ისიც წაგების მარჟის კონტროლით, რათა არ გაკოტრდნენ და სიცოცხლე არ მოისწრაფონ.

ერთად შევძლებთ გამარჯვებას და ჩვენი მოსახლეობის ნაწილის ილუზიიგან გამოყვანას, რომ ეს ბიზნესი ოდესმე რამეს მოაგებინებს.

ვეჭვობთ, „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ ამ შემთხვევაშიც განაგრძობს „სამართლის ძიებას“ და როგორც გიორგი ბახტურიძე ვარაუდობს, ამჯერად საკასაციო სასამართლოში უჩივლებენ”, – განმარტავენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

Share