Home » საზოგადოება » გიორგი აბრამიშვილი – რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ იმ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიაზე გადის, რომლის მედიაციაში ჩართულობასაც მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები

გიორგი აბრამიშვილი – რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ იმ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიაზე გადის, რომლის მედიაციაში ჩართულობასაც მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ენერგეტიკის სექტორის პრობლემებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოყენებულ ულტიმატუმებს აფასებს.

როგორც აბრამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ნამახვანის საკითხის ირგვლივ მედიაციის პროცესში ჩართულმა არასამთავრობოებმა, წამოაყანეს ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი აუცილებლად უნდა წარმოადგინოს „ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიამ” – (Netherlands Comission for Enviromental assesment). მისივე თქმით, რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ იმ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიაზე გადის, რომლის მედიაციაში ჩართულობასაც მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„მესმის, რომ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ბევრს შეიძლება აღარც აინტერესებდეს ენერგეტიკის სექტორის პრობლემები, განსაკუთრებით ტრაგიკულია ავსტრალიელი გოგოს ამბავი და შესაბამისი ტენდენციები ქვეყანაში ძალიან საყურადღებოა, თუმცა სწორედ ენერგეტიკაა, მათ შორის ის ძირითადი არენა, რომლის მიღმაც ჩვენი დაუძინებელი ჩრდილოელი მტერი, ეროვნულობის შირმას ამოფარებული, უხილავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყანას შიგნიდან არყევს და ასუსტებს. ამიტომ, თავს უფლებას მივცემ და ერთ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით:

ნამახვანის საკითხის ირგვლივ მედიაციის პროცესში სწორედ იმ ექსტერმისტმა არასამთავრობოებმა, რომლებსაც ხშირად ვახსენებ ხოლმე, წამოაყანეს ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი აუცილებლად უნდა წარმოადგინოს „ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიამ” – (Netherlands Comission for Enviromental assesment). მათი თქმით, ამ მიზნით დაფინანსებაც კი მოპოვებულია (!!) და ამ ორგანიზაციას სასწრაფოდ უნდა გადავცეთ დოკუმენტაცია: https://www.facebook.com/102201981719284/posts/241582657781215/?d=n

ამ წამოწყებაში ვარლამ გოლეთიანიც აიყოლიეს. ისიც, ჩვეულებისამებრ, ბრმად იმეორებს, რომ არ არსებობს მსოფლიოში სხვა დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ნამახვანის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციას ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიაზე ობიექტურად და მიუკერძოებლად გაანალიზებს. არადა, რა ხდება რეალურად და რატომ გადის რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ ამ კომპანიაზე: ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია ის ორგანიზაციაა, ვინც, მაგალითისთვის, ხუდონჰესის შესახებ 2013 წლის დასკვნაში აღნიშნა, რომ სვანები არიან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი ქართველებისგან „Indigenous People”, არა „ეთნოგრაფიულ“ ჯგუფს როგორც რაჭველები, კახელები, გურულები ან სხვა კუთხის ქართველები, არამედ სწორედ ეთნიკურად განსხვავებულ ჯგუფს და ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ სვანეთი დაპყრობილი აქვს საქართველოს, რომ „არაქართველი“ სვანები განიცდიან ქართველების მხრიდან კოლონიურ ჩაგვრას, რომ მათ სჭირდებათ თვითგამორკვევა და სვანეთი ინდიელების რეზერვაციის ტიპის დასახლებად უნდა იქცეს, სადაც საერთოდ არ უნდა ხდებოდეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

რას ნიშნავს ტერმინი „Indigenous People”, იგივე აბორიგენი, ანუ მკვიდრი მოსახლეობა. მკვიდრი მოსახლეობების ფართო განმარტება გააკეთა გაეროს სამუშაო ჯგუფმა 1982 წელს და ის შემდეგი სახით ჩამოაყალიბა: „მკვიდრი მოსახლეობები მოიცავს იმ ხალხთა შთამომავლებს, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ცხოვრობდნენ თანამედროვე სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ დროს, როცა ამ ტერიტორიაზე დასახლდნენ განსხვავებული კულტურის ან ეთნიკური წარმომავლობის ხალხები და თანდათანობით ჩააყენეს ისინი არადომინანტურ ანკოლონიურ მდგომარეობაში; მათ შეინარჩუნეს სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური მახასიათებლები, რომლებიც განსხვავდება იმ დომინანტური საზოგადოებებისაგან, სადაც ისინი ცხოვრობენ. მიუხედავად მათი კულტურული განსხვავებებისა, მთელი მსოფლიოს მკვიდრი მოსახლეობები იზიარებენ საერთო პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია მათი, როგორც განსხვავებული ხალხის უფლებების დაცვასთან. მკვიდრი მოსახლეობები წლების განმავლობაში ცდილობდნენ მათი იდენტობის, ცხოვრების წესისა და ტრადიციულ მიწებზე, ტერიტორიებსა და ბუნებრივ რესურსებზე მათი უფლების აღიარებას, მაგრამ ისტორიის მანძილზე მათი უფლებები ყოველთვის ირღვეოდა. დღეს მკვიდრი მოსახლეობები, შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე დაზარალებულ და დაუცველ ხალხთა ჯგუფებს შორის არიან. საერთაშორისო საზოგადოება ამჟამად აღიარებს, რომ განსაკუთრებული ზომებია საჭირო მათი უფლებების დაცვისათვის და განსხვავებული კულტურების და ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის“.

https://www.un.org/development/desa/indigenouspeoples/about-us.html

სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ეს განმარტება თავისუფლად შეიძლება მოერგოს ბასკებს, ჩრდილო ირლანდიელებს, უელსელებს, ჩეჩნებს, ტიბეტელებს და სხვ. (ანუ, ფაქტიურად, ყველგან, სადაც ტერორიზმი და სეპარატიზმი ყვავის).

როდესაც ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია სვანებს „Indigenous People”-ს უწოდებს, ეს ნიშნავს, რომ ის მიიჩნევს შემდეგს: 1. სვანები არ არიან ქართველები (!); 2. ქართველებმა, რომლებიც მოგვიანებით დასახლდნენ ამ ტერიტორიაზე, დაიწყეს სვანების ჩაგვრა-შევიწროება; 3. სვანებს თვითგამორკვევის საკითხში სჭირდებათ ხელშეწყობა და ავტონომია (ეს ხდება რუსეთის და აფხაზეთის საზღვარზე – არ დაგვავიწყდეს!).

ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ასეთი ნარატივით, რაც კუთხური სეპარატიზმის გაღვივებას უწყობს ხელს, ნიდერლანდების კომისია ანტისახელმწიფოებრივ და სეპარატისტულ საქმიანობას ეწევა და ჩვენი „ეროვნული გარემოსდამცველი“ არასამთავრობო ორგანიზიციებიც ამ ნარატივის ხელშეწყობა-აფიშირებას ახდენენ.

გარდა ხუდონჰესის შემთხვევისა, 2018 წლის 30 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში, რომელიც ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ერთ-ერთ დამფინანსებელ ორგანიზაციად მოიაზრებოდა, საჩივარი შეიტანა. თავის საჩივარში „მწვანე ალტერნატივა“ სვანებს „აბორიგენ ხალხად“ რვაჯერ მოიხსენიებს და შესაბამის პირობებს აყენებს.

გარდა ამისა, ცნობისათვის, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია არის ის ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე BP-ის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობასაც ბოლომდე აპროტესტებდა და ამტკიცებდა, რომ ნავთობი გაჟონავდა, შეერეოდა ბორჯომის წყლებს, დააბინძურებდა გარემოს და ამ მიზეზით, ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევდა საქართველოში ამ მილსადენის გაყვანას. სხვათაშორის, ამ ტიპის ორგანიზაციები არასდროს გვთავაზობენ გამოსავალს, მაგალითად: დაყენდეს შესაბამისი გადამცემი მოწყობილობები – „დატჩიკები“, მილსადენს გაუკეთეს დრენაჟის სისტემა და ა.შ…

უბრალოდ და მარტივად – შენს ქვეყანაში არ უნდა აშენდეს, ქართველმა არ უნდა ისარგებლოს ამ სიკეთით! ჰესებთან დაკავშირებითაც იგივეა – არავითარი გამოსავალი, არ უნდა აშენდეს და მორჩა! კიდევ კარგი, მაშინდელმა მთავრობამ გამოიჩინა პრინციპულობა და ბოლომდე მიიყვანა მილსადენის მშენებლობის საქმე – ერთ-ერთი უდიდესი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის!

ჩემი აზრით, ორი უმთავრესი ინფრასტრუქტურული პროექტია საქართველოში, რომელსაც განსაკუთრებულად მყარად ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოებრიობა – ეს არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი და ენგურის ჰიდროელექტროსადგური (ე.წ. „აბორიგენებისრეზერვაციაში“ აშენებული)“, – წერს აბრამიშვილი.

Share