Home » საზოგადოება » გიორგი აბრამიშვილი: 17 მარტის ენერგოსისტემის ავარია, კარგი მაგალითია იმის გასანალიზებლად, რამდენად აუცილებელია ენერგოდამოუკიდებლობა

გიორგი აბრამიშვილი: 17 მარტის ენერგოსისტემის ავარია, კარგი მაგალითია იმის გასანალიზებლად, რამდენად აუცილებელია ენერგოდამოუკიდებლობა

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ფონდის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი 17 მარტს ენერგო სისტემაში მომხდარ ავარიას ეხმიანება, რომელმაც თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გათიშვა გამოიწვია. აბრამიშვილი ამბობს, რომ ეს შემთხვევა, კარგი მაგალითია იმის გასაანალიზებლად, რამდენად აუცილებელია ენერგოდამოუკიდებლობა და საკუთარი რესურსების მაქსიმალურად განვითარება.

აბრამიშვილი აღიშნავს, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მოხმარების დონე, წინა წელთან შედარებით, ისედაც შემცირებულია და მიუხედავად ამისა, ისევ იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

„ყოველწლიურად ელექტროენერგიის მოხმარებასა და მიწოდებას შორის დისბალანსი უფრო და უფრო იზრდება, რომ აღარაფერი ვთქვათ სეზონურ დისბალანსზე! წლიური მოხმარებისა და ადგილობრივი გენერაციის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების დონე უკვე მკვეთრად ჩამორჩება გაზრდილი მოხმარების დონეს – 2020 წელს ამ დისბალანსმა, წლიურ ჭრილში, 997 მლნ კვტ/სთ შეადგინა“, – ამბობს აბრამიშვილი და დეტალრყრად აანალიზებს 17 მარტის ავარიის მიზეზბსა და ფაქტორებს.

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ფონდის დირექტორის აზრით, ენრგურჰესის გაჩერების გამო, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდი, ბაზისური ჰიდროელექტროსადგურიდან დანაკლისი დიდია, თუმცა ეს არა მოცულობის, არამედ საქმე ეხება ელექტროენერგიის ქსელში მიწოდებისას ტვირთების რეჟიმულ განაწილებას;

„რაც შეეხება თბოსადგურების მუშაობას, ისევ და ისევ იმპორტირებული გაზის მიწოდებაზე ვართ დამოკიდებული. ამასთან, იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანმა შეგვიმცირა გაზის მიწოდება, მოულოდნელად არჩევანის წინაშე აღმოვჩნდით: ან მოსახლეობას უნდა შეწყვეტოდა ბუნებრივი გაზის მიწოდება, ანდა თბოსადგურების თუ ადგილობრივი წარმოების გაჩერება უნდა მომხდარიყო. ბუნებრივია, მოსახლეობისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა, ეს უკიდურესი და იძულებითი ღონისძიებაა, რადგან ამ რესურსს საბოლოო მომხმარებელი პირველადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყენებს (გათბობა, ცხელი წყლით უზრუნველყოფა, საკვების მომზადება). შესაბამისად, გუშინდელმა სასისტემო ავარიამ აუცილებელი გახადა თბოსადგურების გაჩერება, შემდგომ ეტაპზე კი – ადგილობრივი დიდი მომხმარებლის (მწარმოებლის) გათიშვა. ადგილობრივი წარმოების გაჩერება კი თავისთავად დიდი პრობლემაა და თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის მშპ-ზე და ა.შ., აქ აღარ განვავრცობ“, – ამბობს აბრამიშვილი და ასკვნის, რომ თბოსადგურები, რომელიც იმპორტირებულ გაზზე მუშაობს, ვერ იქნება ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი. ამასთან, მისი თქმით, 17 მარტის ავარიამ აჩვენა, რომ თბოსადგურებზე გამომუშავებული ენერგია ვერ შეევალა ქვეყნის ენერგოსისტემას, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა.

„შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: საჭიროა, კარგად გავიაზროთ საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ტექნიკური შესაძლებლობები და მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ტრანსსასაზღვრო მაღალგადამცემი ხაზების გამტარუნარიანობა. მარტივად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეზობელ ქვეყანასთან გვაქვს გადამცემი ხაზები და არაერთი თითოეულთან, შუძლებელია ყველა ხაზის მაქსიმალურად დატვირთვა და ამ ქვეყნებიდან ელექტროენერგიის მაქსიმალური სიმძლავრეების შემოტანა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ელექტროენერგია ძალიან სპეციფიკური პროდუქტია, რომელიც მუდმივად მოითხოვს უსაფრთხოების პარამეტრებისა და მუშაობის რეჟიმების დაცვა-გათვალისწინებას. ასე რომ, ელექტროენერგიის მზარდი დეფიციტის პირობებში, სავსებით შესაძლებელია, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იმპორტიც არ აღმოჩნდეს საკმარისი“, – ამბობს აბრამიშვილი და აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანას მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის იმპორტი მუდმივად „იაფი“ შესაძლებლობა იქნება და სურს მუდმივად მეზობელ ქვეყნებზე იყოს დამოკიდებული, მაშინ არსებული მაღალგადამცემი ხაზები მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს, აშენდეს დამატებით ახალი ხაზებიც და შიდა გადამცემი ქსელებიც შესაბამისად გაძლიერდეს.

„ამას კი, უდავოდ, გაცილებით დიდი მოცულობის ინვესტიცია და დრო დასჭირდება, ვიდრე გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას ქვეყანაში. თან საბოლოო შედეგად მივიღებთ ისევ მეზობლების პრიორიტეტებზე და ფასებზე ჩამოკიდებულ ენერგოსისტემას“,- ამბობს აბრამიშვილი და ასკვნის, რომ იმ მიზეზით, რომ ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი საკმარისი ენერგორესურსი, „ველოდით ბუნებრივი გაზის იმპორტს რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან; ველოდით ელექტროენერგიის იმპორტს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან – სწორედ ეს არის იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება, რაც დაუსრულებლად საფრთხის შემცველია. ხომ არ ჯობია დავფიქრდეთ, ღირს თუ არა მუდმივად ერთ წრეზე ტრიალი, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო გაართულებს მომძლავრებულ ენერგოდეფიციტთან გამკლავებას?! ხომ არ ჯობია დავფიქრდეთ და დავიწყოთ საკუთარი განახლებადი რესურსების რაციონალურად და გონივრულად ათვისება, დეფიციტის აღმოფხვრა და ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერ და დამოიუკიდებელ საქართველომდე მიგვიყვანს?!“, – ამბობს აბრამიშვილი.

Share