Home » საზოგადოება » გიგა ზედანიამ თეა გოდოლაძის სამსახურებრივ ქცევაზე რეაგირება უნდა მოახდინოს – არჩილ კაიკაციშვილი

გიგა ზედანიამ თეა გოდოლაძის სამსახურებრივ ქცევაზე რეაგირება უნდა მოახდინოს – არჩილ კაიკაციშვილი

 „ილიაუნის რექტორმა, ბატონმა გიგა ზედანიამ „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის“ დირექტორის თეა გოდოლაძის სამსახურებრივ ქცევაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სხვა შემთხვევაში, თავად მას მოუწევს სამართლებრივ სივრცეში იმის ახსნა, თუ რაზე დაყრდნობით ბლოკავს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეული სეისმური მონაცემების გაცემას“, – ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, თუ დღემდე რატომ არ აქვს რეაქცია, „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის მართვის რეტროგრადულ სტილზე, ილიაუნის რექტორს, ბატონ გიგა ზედანიას.

„მე ველი, რომ ილიაუნის რექტორი იქნება ადეკვატური „სეისმური მონიტორინგის ცენტრში“ არსებული პრობლემისადმი და სადღეისოდ უკვე არსებულ ფაქტებს მისცემს სათანადო რეაგირებას. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი მიდის იქეთკენ, რომ  დავა სეისმური მონაცემების სრულად და უპირობოდ გახსნასთან დაკავშირებით, გადაინაცვლებს სამართლებრივ სივრცეში და იქ მოპასუხე მხარე არა ცენტრი და გოდოლაძე, არამედ ილიაუნი და მისი რექტორი იქნება და საბოლოოდ სწორედ მას დაეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებული რეალობისთვის“, – აღნიშნა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გეოფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელთა მიმართვის საფუძველზე მათ ადვოკატირებას ახდენს, რამდენადაც გოდოლაძის მიერ მათთვის დაბლოკილია სეისმურ მონაცემებზე წვდომა – მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით).

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, გოდოლაძის მსგავსად, სეისმური მონაცემები დახურული მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს აქვს. თუმცა,  ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მიმართვის საფუძველზე, ნებისმიერი დაინტერესებული მეცნიერული ჯგუფისტვის ხსნის აღნიშნულ ინფორმაციას.

კაიკაციშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტით, ანუ თეა გოდოლაძის მხრიდან გამოხატული დაბალი მენეჯერული კომპეტენციისა და თანამდებობრივი მდგომარეობისადმი მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, აღნიშნულით, პირველ რიგში, სწორედ ილიაუნის ხელმძღვანელობა და პირადად ბატონი გიგა ზედანია უნდა დაინტერესდეს.

 

Share