Home » საზოგადოება » გიგა ბოკერია: გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე ვერ ხდება

გიგა ბოკერია: გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე ვერ ხდება

“გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე არ ხდება”. – ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება.

“როცა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა, ეკონომიკა განვითარდეს, ამხელა სიღარიბეა და ეკონომიკური სტაგნაცია იყო კოვიდამდეც. გვინდა, რომ ელექტროენერგია არ იყოს ძალიან ძვირი, მაგრამ, ამავდროულად, არ გვინდა დიდი ჰესები, არ გვინდა ატომური სადგურები, არ გვინდა რუსეთზე დამოკიდებულება, მაგრამ გვინდა იაფი დენი – ასე ვერ ხდება. ცნობილია, რომ ყველა სხვასთან შედარებით, ჩემი შეზღუდული ცოდნით, ჰესები ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა”. – ამბობს გიგა ბოკერია გირჩი ტვ-სთან ინტერვიუში.

როგორც ბოკერია განმარტავს, ნებისმიერი სამოქალაქო აქტიურობა, ის, რომ ადამიანებს საკუთარი შეხედულება აქვთ და მას მშვიდობიანად გამოხატავენ, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებელია, თუმცა, მისივე თქმით, გამართულ აქციაზე ქსენოფობიური განცხადებები კეთდებოდა, რაც, მისივე სიტყვებით, ქვეყნის მომავლისთვის არის საზიანო.

“თავისთავად, ყველა ამ ტიპის პროექტზე, მარტო დიდ ჰესებზე არა, ნებისმიერ დიდ პროექტზე, რაც საზოგადო სიკეთეს შეეხება, დისკუსია ლეგიტიმურია სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით – კერძო საკუთრება, ადამიანის და საჯარო სიკეთესთან მიმართებაში რაღაც, რაც გასაკეთებელია. ეს არ არის მარტივი საკითხი, დალაგებულ ლიბერალურ დემოკრატიებშიც კი ლეგიტიმური დისკუსიის თემაა. ასევე, ყოველთვის ლეგიტიმური დისკუსიის თემაა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, შიშები, კითხვები გარემოსდაცვით საკითხთან დაკავშირებით, ოღონდ, აშკარა, არა ექსტრემისტული. მე არ შემაქვს ეჭვი აქტივისტების ნაწილის გულწრფელობაში, რომლებსაც ამ ტიპის საკითხები აწუხებთ.

ამის მიღმა, ჩემი აზრით, ძალიან სახიფათო, ქვეყნის მომავლისთვის საზიანო მოტივები, რომლებიც, მე როგორც მომეჩვენა, დომინირებდა იქ. ეს არის ქსენოფობია – “უცხოელები მოდიან და ქართველობას გვართმევენ”, “სამშობლო დავიცვათ”, ეს არის ძალიან საზიანო, რუსულ პროპაგანდასთან ჰარმონიაში მყოფი თემები, რომლებიც არც მყისიერად და არც მომავალში არაფერ კარგს არ მოგვიტანს. ადამიანების ნაწილი, ვინც იქ ჩანდნენ, სწორედ ამ იდეების მატარებელია, რომელიც ფუნდამენტურად თავისუფლებისა და ამ ქვეყნის მომავლის საწინააღმდეგოა”. – ამბობს ის.

Share