Home » საზოგადოება » ღვინის ეროვნული სააგენტო – 6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტო – 6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული

6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეისთვის კახეთში გადამუშავდა 47 ათას ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 6-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს – 2020 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში 8 ათას ტონამდე ყურძენი იყო გადამუშავებული.

„რთველი 2021-ის ფარგლებში მოსავალი ღვინის საწარმოებს 4 100-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 45 მლნ ლარს აღწევს.

კახეთში ნასეტყვი ყურძნის დაბინავდება დღეს სრულდება – 26 აგვისტოს შემდეგ გადამუშავებულია 15 ათას ტონამდე ნასეტყვი ყურძენი.

კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მიმდინარე კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად გაგრძელდება“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. 2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, დაზიანდა 180 ჰა ფართობის ვენახები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1 კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1 კგ საფერავს – 1 ლარად აბარებენ. მიმდინარეობს სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა.

Share