Home » ფინანსები » ღამით ქარხანას უფრო იაფი ელექტროენერგიის შესყიდვა შეეძლება – ნარმანია ბირჟის შესახებ

ღამით ქარხანას უფრო იაფი ელექტროენერგიის შესყიდვა შეეძლება – ნარმანია ბირჟის შესახებ

2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება იგეგმება. ბირჟის მეშვეობით უნდა შეიქმნას ელექტროენერგიის დღით ადრე და საათობრივი ბაზარი, რამაც ელექტროენერგიის მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები უნდა შექმნას.

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში აცხადებს, რომ მაგალითად საათობრივი ვაჭრობის პირობებში მომხმარებლებს ღამის საათებში ელექტროენერგიის უფრო დაბალ ფასად შესყიდვა შეეძლებათ, რაც მათ წარმოების თვითღირებულების შემცირების შესაძლებლობას მისცემს.

7 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სემეკმა ელექტროენერგიის მიმწოდებლებსა და პირდაპირი მომხმარებლის სტატუსის მქონე კომპანიებს ბირჟის სიმულაციურ ვაჭრობაში ჩართვა დაავალა.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბაზრის პოტენციურ ყველა მონაწილეს ვავალებთ, რომ მიიღონ ბირჟის საცდელ სადემონსტრაციო ვაჭრობებში მონაწილეობა. ეს საცდელი ვაჭრობები უფრო ზუსტ და სრულ სურათს მოგვცემს თუ როგორი იქნება ამ ბირჟაზე ფასები. მთლიანობაში რაიმე არსებით ზრდას არ ველოდებით.

ბირჟის სარგებელი ისაა, რომ კონკურენცია იქნება – ერთის მხრივ ბევრი მიმწოდებელი იქნება, რომელიც ბირჟაზე სავალდებულო წესით გაყიდის ელექტროენერგიას და მეორე მხრივ, იქნება ასევე მომხმარებლები და კონკურენციის შედეგად დადგინდება ფასი. ბირჟა საშუალებას მოგვცემს, მომხმარებელმა ელექტროენერგია იყიდოს დღით ადრე, ანუ წინა დღეს იყიდოს მომდევნო დღისთვის. ასევე იქნება საათობრივი ვაჭრობა.

საათობრივი ვაჭრობის პირობებში, პიკი საათებში შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ენერგიის ფასი, მაგრამ ღამის საათებში ელექტროენერგია იქნება უფრო იაფი, ამდენად ეს ბევრი ორგანიზაციისთვის თავისი თამაშის წესების გადახედვის საშუალებაც იქნება. მაგალითად, რკინიგზა როდესაც ნახავს, რომ ღამით უფრო დაბალი ტარიფებია მეტ ტვირთს გადაზიდავს ღამით, ან კიდევ რაღაც ტიპის წარმოება, რომელიც 3 ცვლაში მუშაობს, მან იცის რომ ღამით ენერგია ექნება უფრო იაფი და შეუძლია დაგეგმოს, რომ ღამის ცვლაში მეტი აწარმოოს,”- განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება 2021 წლის ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ არც ბირჟა და არც ბაზრის მონაწილეები მისი ამოქმედებისთვის არ იყვნენ მზად, რის გამოც მისი ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე გადავდდა.

BM.GE

Share