Home » მსოფლიო » გერმანიაში, კარანტინში განწესებულ არავაქცინირებულ დასაქმებულებს ხელფასი აღარ შეუნარჩუნდებათ

გერმანიაში, კარანტინში განწესებულ არავაქცინირებულ დასაქმებულებს ხელფასი აღარ შეუნარჩუნდებათ

ასეთი გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვის ფედერალურ მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფედერალურ მხარეთა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა უმეტესობამ მიიღო

ოთხაშაბათს, 22 სექტემბერს, გერმანიის ფედერალურ მხარეთა ჯანმრთელობის მინისტრების უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ არაუგვიანეს 1 ნოემბრიდან უნდა შეწყდეს მიუღებელი ხელფასის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემა ყველა იმ პირზე, რომელიც კარანტინშია განწესებული და არ არის ვაქცინირებული.

კარანტინში განწესების შემთხვევაში მიუღებელი ხელფასის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების უფლება მხოლოდ იმ არავაქცინირებულ დასაქმებულებს შეუნარჩუნდებათ, რომელთა აცრაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ არის რეკომენდირებული.

გადაწყვეტილება გერმანიის პროფკავშირული გაერთიანებებმა და აგრეთვე რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კრიტიკულად შეაფასეს. მათი აზრით, ეს შენიღბული, არაპირდაპირი გზით არასავალდებულო ვაქცინაციის სავალდებულოდ ქცევისკენ მიმართული ქმედებაა.

სხვაგვარად ფიქრობს ჯანმრთელობის დაცვის ფედერალური მინისტრი იენს სპანი. „მათ, ვინც იცრება და ამით იცავს თავის თავსაც და სხვებსაც, კანონიერი კითხვა უჩნდებათ: რატომ უხდიან ისინი მათ, ვინც არ აიცრა და კარანტინშია განწესებული”, – ამბობს მინისტრი.

იენს სპანის თქმით, ადამიანებს კვლავ შეუძლიათ პირადი შეხედულების მიხედვით იმოქმედონ და აიცრან ან არ აიცრან. ამავე დროს, გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ფინანსური შედეგებზე პასუხისმგებლობაც თავად უნდა იტვირთონ.

ამჟამად არსებული კანონით, კარანტინში მყოფ დასაქმებულს კომპენსაციას, ექვსი კვირის განმავლობაში ხელფასის სრული, მეშვიდე კვირიდან კი 67 %-ის ოდენობით, უხდის დამსაქმებელი, რომელიც შემდეგ გაცემული კომპენსაციების შესახებ ანგარიშს წარუდგენს ხელისუფლებას და იღებს შესაბამის დაფინანსებას.

მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ კარანტინში განწესებულ დასაქმებულებს შეეხება. დაინფიცირების შემთხვევაში არავაქცინირებულ დასაქმებულებს კომპენსაციის მიღების უფლება არ შეეზღუდებათ.

ipress.ge

Share