გერმანიაში დასაქმების სურვილი 97 663 მოქალაქემ გამოთქვა. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება გრძელდება.
მათივე ცნობით, 1-ელი აპრილის მდგომარეობით, გერმანული მხარისგან 475-მდე ვაკანსია ქალაქების – შტუტგარტის და ბრანდენბურგის დამსაქმებლებისგან არის მოწოდებული.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაგეგმილია გერმანელ დამსაქმებელთა არეალის გაფართოებაც. უახლოეს დღეებში კანდიდატთა შერჩევის პროცესი სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში დაიწყება.
ცნობისთვის, დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.