Home » საზოგადოება » გეოლოგი ლევან ჯაფარიძე – ვაშლიჯვრის ფერდზე განვითარებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

გეოლოგი ლევან ჯაფარიძე – ვაშლიჯვრის ფერდზე განვითარებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის მთავარი გეოლოგი ლევან ჯაფარიძე ვაშლიჯვრის ფერდზე განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლის პროცესში ჩაერთო და პროცესით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველი განმარტება გააკეთა.

გეოლოგის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ფერდობზე გააქტიურებული მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ლევან ჯაფარიძის თქმით, პრევენციული ღონისძიებებისთვის, პირველ ეტაპზე, აუცილებელია, გაკეთდეს საინჟინრო-გეოლოგიური ღონისძიებების პროექტი ანუ ე.წ. სტრატიგრაფია.

„დღეს მე, როგორც სპეციალისტი, აქ პირველად ვარ და რა სურათიც ვნახე, ამ ყველაფერს საერთო არ აქვს მოსახლეობის საშიშროებასთან. რაც შეეხება შემდეგი მოქმედების გეგმას, აქ შესწავლილ უნდა იქნას ამ შრეების ხასიათი, საინჟინრო-გეოლოგიური მასალის შესწავლა უნდა მოხდეს, ზუსტად უნდა აისახოს დაზიანების სურათი, ნაპრალები, რაც სახეზეა, რამდენად შეიძლება ეს საშიში იყოს, არა მოსახლეობისთვის, არამედ გზისთვის, ხელმეორედ რომ არ იყოს საკეთებელი. წვიმა იქნება თუ მიწისძვრის ელემენტები, ისევ შეიძლება, გაჩნდეს ნაპრალები, შეიძლება რაღაც ნაწილი წამოვიდეს ქვემოთ და დააზიანოს აშენებული გზა.

პრევენციულ ღონისძიებების კუთხით უნდა გაკეთდეს პროექტი, რომლისთვისაც უნდა მომზადდეს საინჟინრო-გეოლოგიური საფუძველი, ე.წ. სტრატიგრაფია და ეს სხვა არაფერია თუ არა შრეების ჩაწოლის სურათის ასახვა. ამის მიხედვით სადღაც მოიჭრება ის ქანები, რომელთა გამაგრება შეუძლებელია. ნაწილი უნდა გამაგრდეს სხვადასხვა გეოტექნიკური ღონისძიებით. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და არ მგონია, ამას დიდი დრო დასჭირდეს. მთავარია გაკეთდეს იმ ხალხის მიერ, ვისაც ამის გამოცდილება აქვს. ერთი რამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აქ მოსახლეობისთვის არაფერია საშიში“, – განაცხადა აკადემიკოსმა ლევან ჯაფარიძემ.

Share