Home » საზოგადოება » GEM Fest-ი ნარკოტიკული ნივთიერებების ეპიდემიამ მოიცვა – პოლიციამ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა
GEM Fest-ი ნარკოტიკული ნივთიერებების ეპიდემიამ მოიცვა - პოლიციამ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა

GEM Fest-ი ნარკოტიკული ნივთიერებების ეპიდემიამ მოიცვა – პოლიციამ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა

GEM Fest-ის ორგანიზატორების ინფორმაციით, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შევიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ”ბიო”, – ამის შესახებ ფესტივალის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

”GEM Fest-ის არსებობის დღიდან ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე აქტიურად ვეწევით კამპანიას ნარკოტიკული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი ბიოს მავნებლობის შესახებ. უფრთხილდით ბიოს, ის კლავს. შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მიზნით GEM Fest-ის სივრცეში ხდება თითოეული ვიზიტორის პასის სკანირება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ასევე სტუმართა სრული შემოწმება. შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ბიო. საფესტივალო სივრცეში 24/7-ზე ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამი მედპუნქტი, რომელიც მიმართვიანობის შემთხვევაში, ეფექტურად მუშაობს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ბიო არის შხამი და ის კლავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ანაკლიაში ფესტივალზე მყოფი 22 წლის გოგონა ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე ახალგაზრდა კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. ასევე, 7 ახალგაზრდა საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, რომელთაგან 6 ქართველია, ხოლო 1 უკრაინელი.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს. დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. „ექსტაზი“ და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ „მდმა“-ს შეიცავს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

Share