Home » ეკონომიკა » „გაზის სექტორი კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ გვჭირდება ელექტროენერგეტიკაში ადგილობრივი გენერაციის განვითარება“

„გაზის სექტორი კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ გვჭირდება ელექტროენერგეტიკაში ადგილობრივი გენერაციის განვითარება“

“გაზის სექტორი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რატომ გვჭირდება ენერგეტიკაში, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ელექტროენერგეტიკაში ადგილობრივი გენერაციის და ენერგო ბაზრის განვითარება”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

“დღეს კომპანია “თბილისი ენერჯიმ” სემეკს ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის განცხადებით მიმართა, და სემეკმაც მათი მოთხოვნა დააკმაყიოფილა, რადგან მოქმედი ტარიფის მიხედვით, კომპანიას ბუნებრივი აირის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია უწევთ. კერძოდ, სავალუტო კურსის მერყეობის და შესაბამისად, ბუნებრივი აირის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის გამო, მათ 1.5 წელში 25 მილიონი ლარით იზარალეს.

გაზის სექტორი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რატომ გვჭირდება ენერგეტიკაში, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ელექტროენერგეტიკაში ადგილობრივი გენერაციის და ენერგო ბაზრის განვითარება. როდესაც სრულად ხარ დამოკიდებული იმპორტზე (გაზში 99% იმპორტზე ვართ დამოკიდებულები) ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის კურსის მოქმედებს მის ფასზე, რაც საბოლოოდ აისახება მოქალაქეებზე და ეკონომიკაზე მთლიანად.

გასაგებია, რომ გაზში კვლავ იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული, და კონკურენციის გაზრდა და ბაზრის დივერსიფიცირება არც აქ გვაწყენდა, მაგრამ ელექტროენერგეტიკაში ხომ მაინც შეგვიძლია, რომ სურათი არც თუ შორეულ მომავალში შევცვალოთ?!.

მართალია, ბოლომდე არც ადგილობრივი წარმოების შემთხვევაშიც არ ვართ დაცული ფასის მატებისგან, მაგრამ როცა ენერგიის მოპოვების ადგილობრივი რესურსებია მაქსიმალურად ათვისებული, ჰიდრორესურსები ჩვენ შემთხვევაში, ბევრი ფაქტორის გამო, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში ფასის მატების ალბათობა ძალიან დაბალია, ვიდრე იმპორტზე დამოკიდებულებისას”, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკის სხდომაზე მიიღეს.

ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

Share