Home » ფინანსები » „გასულ წლებში მნიშვნელოვანი მაკროპრუდენციული ზომები გავატარეთ, რათა შემცირებულიყო ჭარბვალიანობა და სესხების დოლარიზაცია“

„გასულ წლებში მნიშვნელოვანი მაკროპრუდენციული ზომები გავატარეთ, რათა შემცირებულიყო ჭარბვალიანობა და სესხების დოლარიზაცია“

„საქართველოს ეროვნული ბანკის დროულმა და გაბედულმა ღონისძიებებმა ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა შეარბილა“, – ასე აფასებს წამყვანი ფინანსური გამოცემა The Banker-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

სტატიაში კობა გვენეტაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საფინანსო სექტორზე COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით დროულად გაატარა.

„ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ საგარეო შოკები საკმაოდ ხშირი მოვლენაა ისეთი პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. პანდემიით გამოწვეული რეცესია არსებითად განსხვავდება ადრინდელი კრიზისებისგან. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი ბევრი მიმართულებით მიადგა. პანდემიის მსგავსი გლობალური შოკი, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, ხაზს უსვამს იმას, რომ კრიზისისთვის მუდმივი მზაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კრიზისამდელ პერიოდში გატარებული პროაქტიული და თანმიმდევრული ზომების წყალობით, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიით გამოწვეულ შოკს კარგად მომზადებული შეხვდა და მდგრადობა შეინარჩუნა.

2016 წლიდან საბანკო სისტემაში ვზრდიდით კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების მოცულობასა და ხარისხს. კომერციული ბანკების მიერ გამომუშავებულმა სარგებელმა და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა კაპიტალის დამატებითმა მოთხოვნებმა კომერციულ ბანკებს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერების დაგროვების და კრიზისთან ეფექტიანად გამკლავების საშუალება მისცა.

დამატებითი მოთხოვნების ეტაპზე დაჩქარებული გადასვლა გამარტივდა კარგი ფინანსური მაჩვენებლებით, აქციონერების მტკიცე მხარდაჭერითა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომით: საქართველოში არსებული ბანკები ძირითადად უცხოურ მფლობელობაშია, ხოლო ორი ყველაზე მსხვილი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. გარდა ამისა, გასულ წლებში მნიშვნელოვანი მაკროპრუდენციული ზომები გავატარეთ, რათა შემცირებულიყო შინამეურნეობების ჭარბვალიანობა და სესხების დოლარიზაცია, რამაც ხელი შეუწყო არაფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირებას და გაზარდა ფინანსური სისტემის მოქნილობა“,- აცხადებს კობა გვენეტაძე.

Share