Home » ეკონომიკა » განვითარების რა პერსპექტივები აქვთ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებულ კომპანიებს
განვითარების რა პერსპექტივები აქვთ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებულ კომპანიებს

განვითარების რა პერსპექტივები აქვთ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებულ კომპანიებს

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს” ფარგლებში დაფინანსებული 15 კომპანია ბაზარზე ოპერირებას დამოუკიდებლად შეეცდება. საუბარია, კომპანიებზე რომლებმაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან 24- თვიანი თანამშრომლობის პერიოდი დაასრულეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული 15 კომპანიიდან 12 სრულიად ახალი საწარმოა, რომლებმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით წამოიწყეს ახალი საქმიანობა, ხოლო 3 საწარმომ პროგრამის ფარგლებში არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება შეძლო და მნიშვნელოვნად განავითარა საკუთარი ბიზნესი. ამასთანავე, უნდა აღნიშნოს, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აღნიშნული 15 საწარმოდან 5 ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლებმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით პირველად განახორციელეს ექსპორტი და 2 720 653 ლარის ღირებულების პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანა მოახერხეს.

ხსენებული 15 კომპანიის მიერ განხორციელებული საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 60 800 000 ლარზე მეტია, სუბსიდიის სახით მათზე 6 899 329 ლარია გაცემული, ხოლო გადასახადების სახით კი სახელმწიფოს ბიუჯეტში 12 969 167 ლარია შემოსული, რაც საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, ასევე ისიც, რომ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, საწარმოების მიერ 470 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, სამომავლოდ კი დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან კომპანიები აქტიურად გეგმავენ წარმოების გაფართოებას.

შპს „კოლორპაკი“, შპს “დეკორა“, შპს „ჯი არ სი“ , შპს „დამზადებულია საქართველოში N1”, შპს „გრინერჯი“, შპს ჰემოლაინი“, შპს „ტისუპეიპერი“, შპს „ჯეოკეპი“, შპს ‘ინოვასი“, შპს „ენ ერჯი ჯორჯია“, შპს „პოლიედრო“, შპს „ისეკო“, შპს „გვგ პლასტი“, შპს „პოლიმერ პლასტი“ – ეს ის კომპანიებია, რომლებიც ბაზარზე ოპერირებას სახელმწიფოს დახმარების გარეშე გააგრძელებენ.

Caucasus business week-ი დაინტერესდა, როგორ აპირებენ ბაზარზე საქმიანობის გაგრძელებას ის კომპანიები, რომლებმაც მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა დაასრულეს, შექმნეს თუ არა კონკურენტული პროდუქტი და აქვთ თუ არა იმის რესურსი, რომ ოპერირება სახელმწიფოს დახმარების გარეშე გააგრძელონ?

ბიზნეს სუბიექტები აცხადებენ, რომ პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2 წლიანი საშეღავათო პერიოდი ბიზნესისთვის დიდი ბიძგია.

ხის გრანულების მწარმოებელმა  კომპანია  შპს „ გრინერჯიმ“   2015 წელს საქართველოში ტექნოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა ხის გრანულების წარმოება დაიწყო.

“კომპანია “გრინერჯისთვის” 160 000 აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო “თიბისი” ბანკმა. პროგრამის “აწარმოე საქართველოში” პირობების მიხედვით, სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის დაფინანსებას საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს”, – აცხადებდნენ ეკონომიკის სამინისტროში. 

მათივე ინფორმაციით, შპს “გრინერჯის”-ს პროექტის საინვესტიციო ღირებულება  185 000 აშშ დოლარია. საწარმო საგარეჯოს  რაიონის, სოფელ მანავში 2015 წლის თებერვალში ამუშავდა.

“გრინერჯის” საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ნედლეულის (ბიომასის) გადამუშავება და ხის გრანულების მიღება. აღნიშნული ხის გრანულები არის მყარი ბიოსაწვავი, რომელიც შეშის ალტერნატივას წარმოადგენს და ხელს შეუწყობს საქართველოში შეშის მოხმარების შემცირებას.

შპს “გრინერჯი” თავის სამიზნე ბაზრად განიხილავს საქართველოში არსებულ ყველა სექტორს, სადაც აქტიურად მოიხმარება შეშა. წინასწარი გათვლებით, აღნიშნული ბიოსაწვავი კომერციული სექტორისთვის წარმოების ხარჯების შემცირების კარგ ალტერნატივას წარმოადგენს (კომპანიის პროდუქცია შეშაზე დაახლოებით 10% იაფია).

შპს „გრინერჯის“ ხელმძღვანელი   თემურ მათიაშვილი   განმარტავს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობა დაასრულა, თუმცა, ბაზარზე  ოპერირებას თავისუფლად შეძლებს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის პროდუქციას თბილისის მასშტაბით ყიდის, თმცა, სამომავლოდ გაყიდვებს რეგიონებშიც გეგმავს.

როგორც მათიაშვილი აცხადებს, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ რომ არა, პატარა ბიზნესები ქვეყანაში რთულად გაჩნდებოდა.

ფარმაცევტული კომპანია „ინნოვასი” 2015 წელს, თბილისში, ლილოს დასახლებაში „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსებით გაიხსნა. ინვესტირებულია დაახლოებით 4.5 მილიონი დოლარი. აქედან „თიბისი ბანკის” სესხი 2 მილიონი დოლარს შეადგენს.

კომპანია მედიკამენტებისთვის აუცილებელ ინგრედიენტებს აწარმოებს. როგორც ინნოვასის” ხელმძღვანელი დავით ებრალიძე განმარტავს, კომპანია გასული  წლის ნოემბრიდან სესხს უკვე დამოუკიდებლად ემსახურება. შედეგად, ამ მხრივ პრობლემა არ ექმნება, ქარხანა დატვირთულია და ექსპორტიც ხორციელდება.

ებრალიძის განცხადებით,კომპანია  მიმდინარე  წლისთვის გაფართოებასაც გეგმავს, რაშიც დაახლოებით 6 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციას ჩადებს.

„დაგეგმილია დამატებითი ხაზების, ახალი პროდუქტების დამატება და იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ჩვენს მეზობელ ბაზრებზეა. ამ ეტაპზე მედიკამენტებისთვის საჭირო ინგრედიეტების წარმოება არის და იქნება”- აცხადებს ებრალიძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანია ექსპორტს რუსეთში, უკრაინაში და ყაზახეთში ახორციელებს.

„პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 2 წლიანი შეღავთი ძალიან დიდი ბიძგია. რაც შეხება ხარვეზებს, მსგავსი არაფერი ყოფილა”-აცხადებს ებრალიძე.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა  რამდენიმე თვის წინ დაასრულა ღრუბელის და პარალონის (ტურისტული ინვენტარი) მწარმოებელმა კომპანია „დენოლამ”. კომპანიის ხელმძღვანელი კახა მოსიძე განმარტავს, რომ 2015 წელს კომპანია 2 მილიონი დოლარით დაფინანსდა, რომლის ფარგლებშიც წარმოება ავჭალაში დაიწყო. მოსიძე ამბობს, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში” მნიშვნელოვნად დაეხმარა ბიზნესის დაწყებაში და ბაზრის 70 პროცენტის ათვისებაში. მიუხედავად ამისა, მოსიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანიდან პროდუქცია დემპინგურ ფასებში შემოდის, რაც ქართულ წარმოებას განვითარებაში ხელს უშლის. მოსიძის თქმით, ბაზარზე ოპერირებას აგრძელებს, თუმცა, კარგი იქნება, თუ ადგილობრივ წარმოებას ხელისუფლების მხრიდან პრიორიტეტი მიენიჭება.

„აწარმოე საქართველოს” ფარგლებში დაფინანსებული კომპანია „ვუდმასტერი” მეწარმოების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობას 2018 წლის ივნისში შეწყვეტს. კომპანიის ხელმძღვანელი კახაბერ ჯვარშეიშვილი განმარტავს, რომ კომპანია სახელმწიფო პროგრამით ძალიან კმაყოფილია, რადგან რომ არა ეს პროექტი, კომპანია ოპერირებას ვერ დაიწყებდა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული საგადასახადო ცვლილება, რომელიც რეინვეტისრებული თანხის მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ეხება, იძლევა იმის საშუალებას,რომ ეს თანხები ისევ წარმოებაში ჩაიდოს და ბიზნესი განვითარდეს.

შეგახსენებთ, კომპანია „ვუდმასტერმა” მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შპს ,,ვუდმასტერს” ზემო ფონიჭალაში 12 595 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.მაშინ ითქვა, რომ დაგეგმილი იყო ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების წარმოება. კომპანიამ საერთო ჯამში 1 793 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელოს.

დღეის მდგომარეობით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” სხვადასხვა, მათ შორის, კინოინდუსტრიისა და სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტების ფარგლებში, მხარდაჭერილია 184 პროექტი, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 384 000 000 ლარზე მეტია. მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული პროექტების დახმარებით საქართველოში ჯამურად შექმნილია 7 966 ახალი სამუშაო ადგილი.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ ახალი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში” განხორციელება დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ძირითად დანიშნულებას მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში სამეწარმეო კულტურის განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს.

წყარო: CBW

Share