Home » საზოგადოება » განათლების სისტემის ხარისხით საქართველოს რეგიონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს
განათლების სისტემის ხარისხით საქართველოს რეგიონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს

განათლების სისტემის ხარისხით საქართველოს რეგიონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს

საქართველოში 5-17 წლამდე თითქმის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის

განათლების რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, მომავალ თაობაში ჩადებული ინვესტიცია კი გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე შედეგისმომცემი. სამწუხაროდ, წლებია უკვე საქართველო ამ მიმართულებით გარდამტეხ წარმატებას ვერ აღწევს. ქვეყანაში ჭირს მაღალკვალიფიციური კადრები და არსებობს დეფიციტური პროფესიებიც, რომლებზეც დასაქმების ბაზარზე მოთხოვნაა, მაგრამ მიწოდება ვერ ხერხდება.

განათლების სექტორში ჩადებული თანხები, როგორც უკვე აღინიშნა, გრძელვადიან პერიოდში იძლევა შედეგს, რადგან ასეთია მისი სფეციკა. გრძლევადიან პერსპექტივაში შედეგის მიღწევას კი სჭირდება სტრატეგიული გეგმა, რომელსაც გაჰყვება განათლების ხარისხზე პასუხისმგებელი ორგანო და პირი. ჩვენს ქვეყანაში კი, 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე განათლების 5 მინისტრი გამოიცვალა 2012 – 2013 წლებში ქვეყნის განათლების მინისტრის პოსტს გიორგი მარგველაშვილს იკავებდა. 2013 –2016 წლებში განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე იყო. 2016 – 2017 წლებში – ალექსანდრე ჯეჯელავა. 2016 – 2018 წლებში – მიხეილ ჩხენკელი. 2018 წლიდან დღემდე – მიხეილ ბატიაშვილი. ყველაზე საპასუხისმგებლო სამინისტროს მთავარი პირების მსგავსი ტემპებით ცვლილება, ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი ხელისუფლების ფარგლებში, განათლების სექტორისადმი ყურადღების გაზრდა თვალშისაცემია. საგრძნობლად გაიზარდა და იზრდება განათლების სექტორის დაფინანსება. 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, განათლების სექტორზე ქვეყნის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიარდ 600 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით სექტორი 2 მილიარდი ლარით დაფინანსდება, 2021 წელს 2 მილიარდ ნახევარით, ხოლო გაჟღერებული ინიციატივის შედეგად, 2022 წელს დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს გაუტოლდება, ანუ 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს.

გარდა ამისა, მომავალი წლიდან იზრდება მასწავლებლების ხელფასი და ასევე, მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებს შეუძლიათ ერთბაშად აიღონ 2 წლის ანაზღაურება ჯილდოს სახით თუ მათ გადაწყვიტეს, რომ საქმინობას შეეშვან.

დაფინანსების გაზრდით, ხელიფულება აპირებს შეცვალოს განათლების სექტორში დღეს არსებული სურათი, რაც საკმაოდ კრიტიკულია და რომლის კრიტიკულობასაც ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევაც ადასტურებს.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წელს ჩატარებული ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის მიხედვით, 5-17 წლამდე თითქმის 11 200 ბავშვი სკოლაში არ დადის. 2016 წლამდე არ იყო ასაკობრივი შეზღუდვა სკოლაში შესვლასთან დაკავშირებით, ამიტომ მშობლებს ბავშვები 5 წლის ასაკშიც შეჰყავდათ 1-ელ კლასში.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, დღესდღეობით საქართველოში მწირია განათლების მეორე შანსის პროგრამები, რომლებიც მისცემს შესაძლებლობას სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებს და მოზარდებს დაუბრუნდნენ ფორმალური განათლების სისტემას, ჩაერთონ მოსწრების გასაუმჯობესებელ სავალდებულო განათლებაში, გამოასწორონ სწავლის შედეგები და შეძლონ სკოლიდან შრომის ბაზარზე გადასვლა.

„სისტემის ნაკლოვანებები, როგორიცაა არასაკმარისად განვითარებული მასწავლებლის ტრენინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარებით აღჭურვილ მასწავლებლების მომზადებას, საჯარო დღის ცენტრებში მომვლელთა არასათანადო კვალიფიკაცია, არასაკმარისი სწავლისა და სწავლების რესურსები მოსწავლეების აკადემიური ჩამორჩენის გასაუმჯობესებლად, ასევე ფორმალურ კურიკულუმებში გაძლიერებული სასწავლო პროგრამების ნაკლებობა, რაც დაეხმარებოდა მოსწავლეებს ჩვეულებრივ სკოლაში წარმატებით ინტეგრირებაში კვლავ მთავარ პრობლემად რჩება“, – წერია Unicef-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრობლემის შესამსუბუქებლად, ბულგარეთის მთავრობის გრანტის ფარგლებში და საქართველოში გაეროს ბავშვთა  ფონდის ხელშეწყობით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო პროცესში ჩართვის ორწლიანი საპილოტე პროგრამა იწყება. პროექტის მიზანია სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვების ინტეგრაცია და მათთვის სპეციალური კურიკულუმისა და სისტემური მიდგომის შემუშავება.

საპილოტე პროგრამა ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 15 საპილოტე სკოლასა და 6 დღის ცენტრი განხორციელდება, შემდეგ კი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით დაინერგება. პროექტი ითვალისწინებს მშობლების ჩართულობასაც ამ პროცესში და მათთვისაც მომზადდება პროგრამა, თუ როგორ უნდა მიუდგნენ შვილს სასწავლო პროცესში ჩასართავად. პროექტის ფარგლებში გადამზადდებიან იმ სკოლების მასწავლებლები და სკოლის დირექტორები, სადაც საპილოტე პროგრამა ხორციელდება.

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც საქართველოში განათლების დაბალი ხარისხის თაობაზე მიუთითებს, მსოფლისო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა. 2018 წლის მონაცემების მიხედვით, განათლების სისტემის ხარისხით საქართველოს რეგიონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს.

2018 წლის მონაცემებით, განათლების სისტემის ხარისხით საქართველო 137 ქვეყნიდან 103-ე ადგილზეა. რეგიონში ყველა ქვეყანა საქართველოზე წინ არის. აზერბაიჯანი 35-ე ადგილს იკავებს, სომხეთი 57-ე ადგილს, რუსეთი 64-ე ადგილს, ხოლო თურქეთი 101-ე ადგილს.

რაც შეეხება 2019 წელს გამოცემულ ანგარიშს, ის 141 ქვეყანას მოიცავს, სადაც სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ხარისხით საქართველო 3,4 ქულით 125-ე ადგილს იკავებს. 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშში განათლების ნაწილის მედიანურმა საშუალო მაჩვენებელმა 4,11 ქულა შეადგინა, რომელსაც საქართველოს მიერ მიღებული ქულა 20,9%-ით ჩამოუვარდება.  აღნიშნული მაჩვენებელი დამსაქმებლის გამოკითხვას ეფუძნება, რაც ზოგადი და უმაღლესი განათლების სერვისის საშუალებით მიღებული უნარებით შრომისუნარიანი პირის შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას იკვლევს.

ცალკე აღებული ზოგადი განათლების კომპონენტში საქართველო 3,1 ქულით 122-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს პოზიცია 3 სამი ადგილით წინაა, მას უფრო დაბალი შეფასებაა აქვს, ვიდრე კონსოლიდირებულ ნაწილში, რაც იმავე მაჩვენებლის სხვა ქვეყნებში დაბალ ნიშნულს უკაშირდება.

სანდრო პირველი

Share