Home » ფინანსები » გალტ & თაგარტი – საქართველოში ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე 950 ლარს შეადგენს

გალტ & თაგარტი – საქართველოში ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე 950 ლარს შეადგენს

გალტ & თაგარტმა ელექტრონული კომერციის სექტორზე კონფერენცია ონლაინ გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში განხილულია სექტორში მიმდინარე ტენდენციები, COVID-19 პანდემიის გავლენა და განვითარების პერსპექტივები.

კვლევის მიხედვით, სწრაფი ზრდის მიუხედავად საქართველოში ელ-კომერციის წილი საცალო  ვაჭრობაში 1.1%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს. მაგალითისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი ევროპაში 12%-ია.

კვლევის თანახმად, საქართველოში ასევე დაბალია ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე –  950 ლარი 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება. კვლევის მიხედვით, საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ყველაზე პოპულარული კატეგორია არის ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაც გალტ & თაგარტის შეფასებით გაყიდვების 65%-ს შეადგენდა 2020 წელს. ამასთან, ტანსაცმელი და აქსესუარები სიდიდით მე-2 კატეგორიაა, რასაც მოსდევს ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები.

ელექტრონულ კომერციაზე კვლევა ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენაზე გალტ & თაგარტის  ვებგვერდზე: www.gt.ge

Share