Home » საზოგადოება » “გალარება იყო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზება მოსახლეობისთვის”
"გალარება იყო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზება მოსახლეობისთვის"

“გალარება იყო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზება მოსახლეობისთვის”

გალარება იყო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზება მოსახლეობისთვის, რათა მათი განკარგვადი შემოსავლების შემცირების რისკი დაებალანსებინა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სესხების გალარების პროგრამის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, გალარების თემა ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველი – ლარიზაციას, რაც „პოზიტიური მოვლენაა და ძალზე გრძელვადიანი პროექტია“.
„რაც შეეხება სესხების გალარებას, ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზება მოსახლეობისთვის, რათა მათი განკარგვადი შემოსავლების შემცირების რისკი დაებალანსებინა. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც ეს მათთვის სასარგებლოდ ჩათვალა, გამოიყენა, ზოგიერთმა არ გამოიყენა. ეს არის მათი პირადი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმიდან გამომდინარე, მას ასეთი შეთავაზება თავისი მოსახლეობისთვის, სადაც დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონეა, უნდა გაკეთებინა. მან ეს გააკეთა. ვინც ჩათვალა, რომ ეს მისი ეკონომიკური მდგომარეობისთვის იყო მისაღები, გამოიყენა და ვთვლი, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გახარიამ.
სესხების გალარების პროგრამა 17 იანვრიდან დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.

Share