Home » საზოგადოება » გალაღებული საბანკო სისტემა და მოტყუებული მომხმარებელი
გალაღებული საბაკო სისტემა და მოტყუებული მომხმარებელი

გალაღებული საბანკო სისტემა და მოტყუებული მომხმარებელი

ლარის კურსის მკვეთრმა გაუფასურებამ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად დაუცველია საქართველოში საბანკო მომხმარებელი. კომერციული ბანკების მარკეტინგული ხრიკებით უამრავი ადამიანი მათ მახეში ებმება და შემდეგ კარგავს ყველაფერს. მომხმარებელის მოსაზიდად ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული ქმედება “დაბალი საპროცენტო” განაკვეთია, რომელიც საბოლოოდ ისე იზრდება, რომ შეიძლება ეს კლიენტმა ვერც კი შეამჩნიოს. კანონით, საბანკო მომხმარებლის უფლებების დაცვა ეროვნულ ბანკს ევალება, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა.

2011 წელს საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად ეროვნული ბანკში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად სპეციალური წესი შეიმუშავეს – “კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება”. მაშინ ქადაგიძემ ბრძანა, რომ ნებისმიერ კომერციულ ბანკს სამომხმარებლო კრედიტის გაცემისას მომხმარებლისთვის ამომწურავად უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია სასესხო პროდუქტის შესახებ, ასევე დაეთვალა ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სესხთან დაკავშირებული ხარჯები, პირგასამტეხლოები, სავალუტო რისკი – “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, 45-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად, საფინანსო სექტორის სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სისტემური რისკის კონტროლის, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა და პოტენციური რისკების შემცირების მიზნით, ვბრძანებ: დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი თანდართულ დანართებთან ერთად”.

ზოგადად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ითვალისწინებს პროდუქტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და ამ ხარჯების გაწევის პერიოდს. მართალია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბრძანა, მაგრამ საბანკო მომხმარებლის ცხოვრებამ აჩვენა, რომ ეს ბრძანება ფარსი ყოფილა.

მომხმარებელი იპოთეკური, ბიზნეს თუ ავტო სესხის აღებისას დღემდე მოტყუებული რჩება. ანუ კომერციული ბანკები ყველაზე მსხვილ და გრძელვადიან სესხებზე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს არ თვლიან. მაგალითად, ნებისმიერი ბანკში გაიგებთ, რომ მათ იპოთეკურ სესხებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ. ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მივა, ბინას შეიძენთ, გამყიდველს “ბე”-ს დაუტოვებთ, სესხის დამტკიცების ხანგრძლივ და ხშირ შემთხვევაში მტანჯველ პროცედურას გაივლით აღმოაჩენთ, რომ ბანკის მიერ მომზადებულ ხელშეკრულებაში ძირითადი საპროცენტო განაკვეთი უამრავი ხარჯების დამატებით კიდევ რამდენიმე პროცენტით გაზრდილა. ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ კომერციულ ბანკში ბინის შეძენამდე რამდენჯერმე გადაამოწმა, თუ რამდენი ექნებოდა ყოველთვიური გადასახადი კონკრეტული სესხის აღებისას, აქედან რა თანხა იყო ძირი და პროცენტი. მზია ჭელიძე ამბობს, რომ ბანკის საკრედიტო ოფიცერმა სამჯერ დაუთვალა, რომ მას თვეში 168 დოლარი ექნებოდა გადასახდელი, ასევე ბანკის “ვებ-გვერდზე” დადებულმა კალკულატორმაც აღნიშნული თანხა დათვალა. “ბინის გამყიდველს “ბე” დავუტოვე. რამდენიმე დღე დავდიოდი საბუთების შესაგროვებლად, მერე რამდენიმე დღე ველოდებოდი ბანკის პასუხს. დამირეკეს, რომ სესხი დამიმტკიცდა, ხელშეკრულება მზად იყო და ბინის გამყიდველთან ერთად ბანკში მივედი. აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში 168 დოლარის ნაცვლად ყოველთვიური გადასახდელი თანხა 177 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო სესხზე საპროცენტო განაკვეთი 15%-ის ნაცვლად 18,5% გახდა. ეს არის საკმაოდ დიდი პროცენტი. როცა ვიკითხე რა ხდებოდა, მითხრეს, რომ სესხს დაემატა მომსახურების საკომისიო, დაზღვევა, ნოტარიული და სხვა ხარჯები და თანხა გაიზარდა. უკან ვეღარ დავიხევდი, ვინაიდან გამყიდველს ვალოდინე და “ბე”-ც დატოვებული მქონდა. როცა ვკითხე რატომ თავიდანვე არ მითხრეს ეს ყველაფერი, ბანკში მიპასუხეს, რომ პროგრამა მოგვიანებით აჩვენებს”, – ამბობს მზია ჭელიძე.

საბანკო ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის ნორმატივებით ვალდებულნი არიან მომხმარებელს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ სამომხმარებლო სესხზე დაუთვალონ. რაც შეეხება ბიზნეს, იპოთეკურ და საავტომობილო სესხებს კომერციულ ბანკებს ამის ვალდებულება არ გააჩნიათ, ვინაიდან ელიავას განმარტებით ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველმა და მარეგულირებელმა ამ საკითხის მოწესრიგებაზე არ იზრუნა.”ეროვნული ბანკი არ ავალდებულებს კომერციულ ბანკებს მომხმარებელს სესხებზე რეალური საპროცენტო განაკვეთი “გაუხსნას”, გარდა სამომხმარებლო სესხებისა. ეს არის საბანკო ზედამხედველობის პრობლემა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სპეციალური კანონმდებლობის არარსებობა, რომელიც მომხმარებელს ფინანსური სექტორის თავაშვებულობისგან დაიცავდა. ამ კანონის აუცილებლობაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, თუმცა ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ყურს არ იბერტყავს”, – აცხადებს ელიავა და დასძენს, რომ ევროპის ქვეყნებიდან შესაძლებელია ამ კანონის პირდაპირ გადმოტანა, სადაც საკმაოდ კარგად არის დარეგულირებული მომხმარებელთა უფლებები.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი ადასტურებს, რომ საბანკო მომხმარებელი დღეს საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია და ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი “სცოდავს”.”დღეს მომხმარებელი მართლაც ურთულეს მდგომარეობაშია ბანკებთან ურთიერთობისას. როდესაც სესხი სჭირდებათ, მათ მთელ ხარჯს აკისრებენ ხოლმე, რაც სესხის ღირებულებას საკმაოდ ზრდის. ამასთანავე მომხმარებელი ხშირად არ არის ინფორმირებული და ეს ყოველივე ქმნის გაურკვევლობას”, – ამბობს თოქმაზიშვილი და განმარტავს, რომ ბანკები იყენებენ მარკეტინგულ ხერხებს რათა მოიზიდონ მომხმარებელი.

“ეს მარკეტინგული ხერხი ხშირად არის ინფორმაციის დამალვა. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი ფაქტის წინაშე დგება, აღმოაჩენს, რომ მას უფრო მეტი აქვს გადასახდელი, ვიდრე თავის დროზე სთავაზობდნენ. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის განვადებაზე გთავაზობენ ყველაზე დაბალ ფასს, საბოლოოდ კი ადგილზე სხვა ფასი გხვდება. ჩემთვისაც დაურეკავთ და უთქვამთ: თქვენ გჩუქნით სესხს. ეს გაოგნებას იწვევდა.უფრო მეტად ფრთხილად უნდა იყოს მომხმარებელი როდესაც კრედიტს იღებს. ამ შემთხვევაში სცოდავს ეროვნული ბანკიც, რადგანაც ის არის ზედამხედველი ორგანო. სებ-ი მომხმარებლის მხარდამჭერიც უნდა იყოს. თავისი ნორმატიული აქტით მას შეუძლია კომერციულ ბანკებს დაავალდებულოს, რომ ყველა დეტალი გამჭვირვალე გახადოს”, – ამბობს თოქმაზიშვილი.

მისი აზრით, კარგი იქნება თუ შეიქმნება მომხმარებელთა უფლებების დამცველი სამოქალაქო ორგანიზაციები.სპეციალისტები ხელისუფლებას საკრედიტო საქმიანობის შესახებ კანონის შემუშავებასაც ურჩევენ, რომელიც გავრცელდება როგორც კომერციულ ბანკებზე, ასევე სხვა საფინანსო ორგანიზაციებზე.მაგალითად, საფრანგეთში მათი ცენტრალური ბანკი ითვლის საშუალო საპროცენტო განაკვეთს (საქართველოს ბაზარზე ეს არის -18-20%-ის ფარგლებში). თუკი რომელიმე საფინანსო ინსტიტუტი სესხს გასცემს საშუალოზე მაღალ პროცენტად ამ შემთხვევაში ასეთი “ურჩი” საფინანსო დაწესებულების მიმართ გამოიყენება საპროცენტო განაკვეთის იძულებით დაწევის ღონისძიება ან სისხლის სამართლის დევნა. “ყველა ქვეყანაში საფინანსო მომსახურების მომხმარებელთა უფლებები მეტ-ნაკლებად არის დაცული, გარდა საქართველოსი”, – აღნიშნავენ ეკონომისტები და განმარტავენ, რომ

ძალიან ბევრია გასაკეთებელი საბანკო საზედამხედველო სფეროში.

მაკა ვარადაშვილი

Share