Home » საზოგადოება » გაერთიანებული სამინისტროებიდან რეორგანიზაციის შედეგად, 101 თანამშრომელი გათავისუფლდა
გაერთიანებული სამინისტროებიდან რეორგანიზაციის შედეგად, 101 თანამშრომელი გათავისუფლდა

გაერთიანებული სამინისტროებიდან რეორგანიზაციის შედეგად, 101 თანამშრომელი გათავისუფლდა

სამთავრობო ოპტიმიზაციის შედეგად, ჩატარებული რეორგანიზაციის შემდეგ, ჯამში, 101 თანამშრომელი გათავისუფლდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებიდან ნაწილი სხვადასხვა უწყებაში უკვე დასაქმდა

„ინტერპრესნიუსმა“ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შექმნილი ახალი გაერთიანებული უწყებებიდან ინფორმაცია გამოითხოვა იმის შესახებ, თუ რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად, რომელიც სამ თვიან პერიოდს მოიცავდა.

როგორც  საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმისა და სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 19 მოხელე გათავისუფლდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთაგან საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 21 მოხელე დაინიშნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეორგანიზაციამდე პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტროში სულ მუშაობდა 158 თანამშრომელი, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში – 158 თანამშრომელი, რაც ჯამურად 316 თანამშრომელს შეადგენდა. რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ კი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფაქტობრივად დასაქმებულია 240 თანამშრომელი, ანუ 76 თანამშრომლით ნაკლები, თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს, 76 თანამშრომლიდან რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ 8 გათავისუფლდა, 14-მა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, ხოლო 54 თანამშრომელი სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში იქნა გადაყვანილი.

გაერთიანებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს შეწყმის შედეგად, ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა შემცირებულია 56 თანამშრომლით, თუმცა სამინისტროში აქვე განმარტეს, რომ მათგან ნაწილი, ზოგ შემთხვევაში თავად უწყების რეკომენდაციით, სხვა სამსახურში უკვე დასაქმდა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს გაერთიანების შედეგად შექმნილ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან რეორგანიზაცია/შერწყმის შედეგად თანამდებობიდან 18 საჯარო მოხელე გათავისუფლდა.

ამასთან, როგორც ცნობილია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაემატა სტრუქტურული ქვედანაყოფი – ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობა 14 საშტატო ერთეულით განისაზღვრა.

ipn.ge

Share