Home » საზოგადოება » გაბუნია: განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც – ჩინური „სინოფარმი“ ჯანმოს მხრიდან ავტორიზაციას სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე მიიღებს

გაბუნია: განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც – ჩინური „სინოფარმი“ ჯანმოს მხრიდან ავტორიზაციას სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული იმისთვის, რომ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი დროულად მოხდეს.

როგორც გაბუნიამ განმარტა, მარტის ბოლოდან ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას დაიწყებს. მისივე თმით, განიხილება ჩინური ვაქცინებიც. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციას სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე მიიღებს.

„ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმწოდებლებთან გრძელდება, „კოვაქსის პლატფორმით“. როგორც უკვე იყო დაანონსებული, 22 მარტის კვირაში ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინას და ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 22 მარტის კვირაში არის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს. ამდენად, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის ინფორმაცია, რასაც „კოვაქსი“ გვიდასტურებს.

ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმების გაფორმებისთვის, მათ შორის გახლავთ, „მოდერნა“, ასევე „სინოფარმი“, „სინოვაკი“.

მოგეხსენებათ, ჩინური ვაქცინები განიხილება განსაკუთრებით, „სინოფარმი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია მათ ავტორიზაცია მიიღონ, „სინოფარმი“ უკვე აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, ამდენად, რეალურად, ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლევს.

ვფიქრობ, მოკლე ხანში უფრო კონკრეტული ციფრები გვექნება იმასთან მიმართებაში, თუ „კოვაქსის პლატფორმის“ მიღმა რომელი მწარმოებლიდან, რა ვადებში და რა რაოდენობის ვაქცინების მობლიზება მოხდა ქვეყნის მიერ“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდოეთში ერთი კვირაა იმყოფება. როგორც გაბუნია აცხადებს, ინდოეთი მკაცრად არეგულირებს ქვეყნიდან ვაქცინების გატანას, რის გამოც, იქ მაღალი დონის ვიზიტია საჭირო.

„ინდოეთში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც იქ ვიზიტი გრძელდება. ინდოეთი ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწაროებელია, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“, რომელიც იწარმოება სერუმის ინსტიტუტის მიერ, ასევე „ნოვოვაქსი“, რომელიც ასევე წარმოებული იქნება სერუმის ინსტიტუტში და არის ინდური ვაქცინები, რომელსაც ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია, თუმცა, მათი რეგისტრაცია და გამოყენება დაიწყო არაერთმა ქვეყანამ – ინდური ვაქცინის მილიონობით დოზა შეიძინა მაგალითად, ბრაზილიამ.

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველანაირ შესაძლებლობას იკვლევს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „ასტრაზენეკა“, „ნოვოვაქსი“ სერუმის ინსტიტუტში იწარმოება და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

ყველანაირი დეტალი განიხილება, ინდოეთი გარკვეულწილად მკაცრად არეგულირებს დღეს ქვეყნიდან ვაქცინების გამოტანას, სწორედ ამიტომ არის საჭირო მაღალი დონის ვიზიტი. ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ დროულად მოვახერხოთ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი ჩვენი მიზნებისთვის.

თავდაპირველად საუბარია მცირე რაოდენობაზე, თუმცა, „ნოვოვაქსის“ მიმართულებით ჩვენ დაახლოებით, მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი და ასევე, „ნოვოვაქსის“ მოლოდინი გვაქვს ასევე „კოვაქსის პლატფორმიდან“, – განაცხადა გაბუნიამ.

Share