Home » ბიზნესი » “ფრონტერას” სპეკულაციების შემდეგ ბირჟებზე მისი აქციების ფასი ეცემა
“ფრონტერას” სპეკულაციების შემდეგ ბირჟებზე მისი აქციების ფასი ეცემა

“ფრონტერას” სპეკულაციების შემდეგ ბირჟებზე მისი აქციების ფასი ეცემა

 

კახეთში შესაძლო გაზის მარაგებთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებში მითქმა-მოთქმა არ წყდება. კომპანიის განცხადების შემდეგ, რომელიც კახეთში დიდი ბუნებრივი აირის მარაგების (5.3 ტრილიონი) აღმოჩენას უკავშირდებოდა, აქტიურად დაიწყო განხილვა, თუ რამდენად ადეკვატური შეიძლებოდა ყოფილიყო გაზის ამხელა მოცულობები.

ექსპერტების ნაწილი, აღნიშნულ განცხადებას საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა და ამ რაოდენობის მოცულობაზე საუბარი არასერიოზულად მიიჩნიეს. ასევე, წარმოუდგენლად მიიჩნია ამხელა მარაგების არსებობა ენერგეტიკის მინისტრმაც, რომელმაც თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ “ფრონტერას” განცხადებებში იმხელა მოცულობაზე იყო საუბარი, რაც თურქმენეთსაც კი, არ გააჩნდა. უფრო მეტიც, კალაძემ თავის ოფიციალურ განცხადებაში “ფრონტერა” სახელმწიფოს წინაშე აღებული ანგარიშვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

“კომპანია “ფრონტერას” განცხადებების ფონზე, განსაკუთრებით გაკვირვებას იწვევს კომპანიის პერმანენტული მცდელობა თავი აარიდოს სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებას, თქვენი ამ ქმედებების უკანონობა დადასტურებულია ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით (საქმე # 4/3464-15, 15.05.15: ფრონტერა სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ)”, – ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

რა თმა უნდა, “ფრონტერა” თავის განცხადების ადეკვატურობის დამტკიცებას შეეცადა და მედია საშუალებებში განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, არასწორი განცხადებების გავრცელებაში დაადანაშაულა და თავისი პირვანდელი განცხადების დაცვას ბოლომდე შეეცადა.

“თქვენ კომენტარი გააკეთეთ ზემოხსენებული ანგარიშში ასახულ იმ დადებით გამოხმაურებაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში, კახეთის რეგიონში, ფრონტერას მიმდინარე საძიებო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი რესურსების შეფასებას. ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივი ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა”, – აღნიშნულია “ფრონტერას” განცხადებაში.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა “ფრონტერას” მიერ, კახეთში არსებული მარაგების შესახებ  განცხადებები სპეკულაციურად შეაფასა და ამ სპეკულაციების მიზეზად, საერთაშორისო ბირჟებზე აქციების ფასების ზრდის მოტივი დაასახელა.

“ხშირ შემთხვევაში, ასეთი ხმაურიანი განცხადებები საკმაოდ დადებითად ისახება ხოლმე აქციების ფასებზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი გზით, ბირჟაზე ვაჭრობა, კომპანიის სტრატეგიულ ხედვად ჩამოყალიბდა და უნდა აღნიშნოს, რომ მსგავსი მეთოდებით აქციების ფასების ზრდა, არაკეთილსინდისიერად მოთამაშე კომპანიებისთვის, აპრობირებული მეთოდია”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებით, კომპანიის აქციების დიაგრამა, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება. “ფრონტერას” მიერ, გაზის მარაგების აღმოჩენასთან დაკავშირებული განცხადების შემდგომ, ერთი აქციის ღირებულება 0,5050 ცენტიდან 0,6400 ცენტამდე გაიზარდა, რაც 26%-იანი ზრდა არის. თუმცა, აქციის ფასებმა აღმავალი ტრენდი ვერ შეინარჩუნა, გამომდინარე იქიდან, რომ “ფრონტერას” განცხადების საპასუხოდ საქართველოში საკმაოდ ნეგატიური განცხადებები გაკეთდა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების, ისე დარგის ექსპერტებისა და სხვა ამ დარგში მოქმედი კომპანიების მხრიდან. არაპოზიტიურმა განცხადებებმა რა თქმა უნდა, “შედეგი” გამოიღო, რაც საფონდო ბირჟაზე აქციების გაუფასურების კუთხით აისახა. დღევანდელი მონაცემებით ფრონტერა რესოურცეს ცორპორატიონ-ის აქციათა ფასები 0,5000 ცენტი გახდა. ბირჟაზე აქციების ფასების ვარდნა მოსალოდნელიც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ საფონდო ბირჟაზე აქციების ფასების ცვლილება ემყარება იმას, თუ რამდენად წარმატებულად ოპერირებს კომპანია. მნიშვნელოვანია ნებისმიერი განცხადება და ის მოლოდინები, რომელიც კომპანიის ფუნქციონირებას უკავშირდება. ბუნებრივია, აქციების ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნა ადასტურებს კომპანიის სპეკულაციურ მიდგომებს.

12767564_1116995244988150_386742030_n

Share