Home » საზოგადოება » “ფრესკოს” დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადება
"ფრესკოს" დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადება

“ფრესკოს” დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის განცხადება

2016 წლის 17 მაისს, ტელეკომპანია “იმედის”  საინფორმაციო გამოშვებაში „იმედის ქრონიკა“  ნაჩვენები იყო სიუჟეტი, რომელიც დაკავშირებული იყო Panama Papers-ის ე.წ სკანდალურ სიასთან, ოფშორული კომპანიების მფლობელების შესახებ, სადაც რიგით პირველმა გაიჟღერა ჩემმა გვარმა, როგორც ასეთი კომპანიის ბენეფიციარმა და თან აღნიშნული იყო, რომ მე ვარ კომპანია “ფრესკოს” დამფუძნებელი და ის ვასილ სოფრომაძე, რომელმაც თავის სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოში” გააჟღერა საქართველოს ჰიმნი.

“პატივცემულო “იმედის” ჟურნალისტებო და პატივცემულო საზოგადოებავ! მინდა განგიმარტოთ, რომ ოფშორული კომპანიის ბენეფიციარობა და მფლობელობა არ არის დანაშაული.  დანაშაულია გადასახადების დამალვა და მისგან თავის არიდება. მინდა ასევე ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ ბევრ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს ოფშორული ზონები, მათ შორის ისეთ ქვეყანაში როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

მე არასოდეს არ დამიმალავს, რომ ვფლობ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიებს. დიახ კომპანიებს და არა მხოლოდ ერთ კომპანიას, როგორც ეს ახსენეს სატელევიზიო გადაცემაში  (თუ, რამეს აკეთებთ ბოლომდე პროფესიონალურად გააკეთეთ). და კიდევ უფრო  მეტი,  ეს კომპანიები ყველა ცნობილია საქართველოში, რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და მათზე ინფორმაცია საჯაროა.

რაც შეეხება საქართველოს ჰიმნს,  ვაღიარებ მქონდა ეს “დანაშაული” და “ფრესკოს” სუპერმარკეტებში ყოველ საღამოს 21:00 სთ -ზე ჟღერდა საქართველოს ჰიმნი. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მომხმარებლის და ჩვენი თანამშრომლების, რომლებიც დიდი სითბოთი და ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ წამოწყებას, მაგრამ სამწუხაროდ იძულებული შევიქმენი სოციალურ ქსელებში წამოწყებული, მე ვიტყოდი გააზრებულად აგორებული, ნეგატიური რეაქციის შემდეგ და თან ისეთი ხალხის მიერ, რომლებიც არასოდეს არ ყოფილან ჩვენი მომხმარებლები ამ აქციაზე უარი მეთქვა.

ძვირფასო “იმედის” ჟურნალისტებო, გადაამოწმეთ ინფორმაცია რომელსაც აწვდით თქვენს მაყურებელს! ვინაიდან, უკვე ოთხი თვეა, საქართველოს ჰიმნი  ჩვენს ქსელში აღარ ჟღერს.

და ახლა მთავარზე,  მე არავითარ შემთხვევაში არ მექნებოდა რეაქცია ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე და არც ამ განცხადებით შეგაწყენდით თავს, რომ არა ერთი გარემოება: გადაცემაში გაიჟღერა “ფრესკოს” სახელმა  და თან რაღაც სკანდალურ სიასთან მიმართებაში. მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ ყველას! თავი შეიკავეთ და შორს დაიჭირეთ თქვენ ხელები საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის ერთ-ერთი  წამყვანი კომპანიისგან.

კომპანიისგან, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში შექმნა ათასობით სამუშაო ადგილი და საქართველოს ბიუჯეტში შეიტანა მილიონობით ლარი, რომ არაფერი ვთქვა ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციებზე ქვეყნის ეკონომიკაში. დღეს “ფრესკოში” ძალიან სერიოზული რეფორმები მიმდინარეობს, რომლის მიზანიცაა გამოასწოროს და აღმოფხვრას რითეილ ბიზნესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგროვილი პრობლემები და არსებული ნაკლოვანებები და ყველაფერი ამის შედეგად ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს საუკეთესო ფასები, მომსახურება და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის და ჩემი შემოსავლებისთვის უკეთესი იქნებოდა არ წამომეწყო ჩვენს გუნდთან ერთად ეს ძალიან სერიოზული და სტრუქტურული გარდაქმნები. ვინაიდან, ამას ჩვენთვის დამატებითი ხარჯების და თავის ტკივილის მეტი, ამ ეტაპზე, არაფერი არ მოაქვს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ როგორც ყოველთვის, ყველაფერი გამოგვივა და უახლოესი თვეების მანძილზე ჩვენს მოსახლეობას და მომხმარებელს წარვუდგენთ განახლებულ “ფრესკოს”, – აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

Share