Home » მსოფლიო » Forbes: შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლის თავისი სტრატეგიის სისუსტე აღიარა

Forbes: შვედეთმა კორონავირუსთან ბრძოლის თავისი სტრატეგიის სისუსტე აღიარა

შვედეთმა აღიარა, რომ პროგნოზი, თითქოს შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში უკეთესი იქნება ვიდრე სამეზობლოში, მცდარი აღმოჩნდა.

კოლექტიურ იმუნიტეტზე დამყარებულმა იმედებმა ვერ გაამართლა – შვედეთში ინფიცირებაც და სიკვდილიანობაც უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, სადაც ლოქდაუნი მოქმედებდა.

შვედეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ კარანტინზე უარის თქმა კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობდა, რაც შემოდგომაზე მეორე ტალღის მოსვლას შეაფერხებდა. თუმცა, რეალობაში ყველაფერი სულ სხვანაირად აღმოჩნდა  – მძიმე ავადმყოფების რაოდენობა შვედეთში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში.

სტოკჰოლმში ყოველი მე-5 ტესტი დადებით შედეგს აჩვენებს, რაც შესაძლოა  იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ინფექცია უფრო გავრცელებულია, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს.

ჯერ კიდევ მაისში შვედეთის ჯანდაცვის სააგენტო ვარაუდობდა, რომ შემოდგომისთვის ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოყალიბდებოდა, და შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური ვითარება უკეთესი იქნებოდა,  ვიდრე მეზობელ ფინეთში და ნორვეგიაში, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმდებდა.

მაგრამ დღეს ამ მოლოდინების ჩავარდნა თავად სააგენტომ აღიარა.

„ჩვენ ვხედავთ,  რომ ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მარტ-აპრილში დაავადებათა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა იყო, დაინფიცირება დღესაც იზრდება. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი კოლექტიური იმუნიტეტის თაობაზე არ გამართლდა. ჩვენ არ ვიცი ასე რატომ ხდება“ – განცხადა ჯანდაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა სარა ბიფორსმა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, გაზაფხულზე დაინფიცირებულების დიდი რაოდენობა შემოდგომაზე დაინფიცირების ზრდას არ გამორიცხავს.

„ამ დროისთვის შვედეთის სტრატეგია სრულად ჩავარდა. 4 დღის წინ ჩვენ 8-ჯერ მეტი დაავადებული გვყავდა ვიდრე ფინეთში და 3,5-ჯერ მეტი ვიდრე ნორვეგიაში. ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენ საპირისპირო სურათს ველოდებოდით – ჩვენგან განსხვავებით, მათ ვერ ექნებოდათ კოლექტიური იმუნიტეტი. როგორც ჩანს, არც ჩვენ გვაქვს“ – განაცხადა ვირუსოლოგმა ლენა ეინჰორნმა, რომელიც მთავრობის სტრატეგიას მკაცრად აკრიტიკებს.

პრობლემის არსებობა შვედური მოდელის ავტორმა, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ანდერს ტეგნელმაც აღიარა, თუმცა ის მაინც თავის აზრზე რჩება  – კორონავირუსი გრძელვადიანი თავის ტკივილია, და ამიტომაც საჭიროა სტრატეგია, რომელიც რამდენიმე წელზეა გათვლილი.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, შვედეთს მკაცრი შეზღუდვები მაინც არ შემოაქვს – მაგალითად, არაა სავალდებულო პირბადეების ტარება, ჯანდაცვის სააგენტო კი მოსახლეობის სოციალური დისტანციის დაცვას და სახლიდან მუშაობას ურჩევს.

ზოგიერთ რეგიონებში, სადაც შვედეთის მოსახლეობის 2/3 ცხოვრობს, ადამიანებს ასევე ახლობლებთან კონტაქტების მაქსიმალურად შემცირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მინიმუმამდე დაყვანას ურჩევს.

„როგორც ყოველთვის, ჩვენი ზომები ნებაყოფლობითია და ჩვენ არავის არაფერს  ვაიძულებთ. ჩვენ ამ მიდგომის ერთგულები ვრჩებით და ვიმედოვნებთ, რომ შვედეთის მოსახლეობა ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებს“ – ამბობს სარა ბიფორსი.

ჯონ ჰოპკისნის უნივერსიტეტის მონაცემებით, შვედეთში 12 ნოემბრის მდგომარეობით კორონავირუსით დაინფიცირების 166 707 შემთხვევაში და 6082 გარდაცვლილი დაფიქსირდა. ამავე დროს მეზობელ ნორვეგიაში დაავადდა 26 511 ადამიანი, გარდაიცვალა 285, ფინეთში 18 345 და 365, დანიაში – 58 466 და 753.

წყარო: commersant.ge

Share