Home » ფინანსები » “ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს ეროვნული ბანკი ორი წელია არ აქვეყნებს”

“ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს ეროვნული ბანკი ორი წელია არ აქვეყნებს”

 

სამომხმარებლო სესხების მუდმივი ზრდა, კომერციული ბანკების მიერ მომხმარებელთა უფლებების გაუთვალისწინებლობა და ეროვნული ბანკის რბილი მაკონტროლებელი პოლიტიკა – როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებაზე

კომერციული ბანკების მხრიდან საბანკო მომსახურების გაწევისას, მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების პროცესი, სტანდარტების მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, – ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ კომერციული ბანკების წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

რეალურად, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, სამომხმარებლო სესხების ზრდა და მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის რბილი მაკონტროლებელი პოლიტიკა კომერციული ბანკებისადმი, ამ საკითხებზე გვესაუბრება 20/30-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა.

– ეროვნული ბანკი კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ბანკების მიერ მომხმარებლებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება დარღვევებით მიმდინარეობს. როგორ შეაფასებდით ეროვნული ბანკის პოლიტიკას, როგორც საბანკო პროდუქტების მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ინსტიტუტს და მსგავსი დარღვევების შემთხვევაში, რა სანქციები შეიძლება დაუწესოს მან კომერციულ ბანკებს?

– ეს სანქციები მან უნდა მოიფიქროს, მან უნდა დასახოს პოლიტიკა და აღასრულოს. საბანკო ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ფარგლებშია და მას ვიცე- პრეზიდენტი ბატონი ნადარაია ხელმძღვანელობს, საბოლოო ჯამში, მას ხელმძღვანელობს ქადაგიძე და თუ რამე დარღვევა ხდება სისტემაში და მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავს პასუხისმგებელი პირი, ეს მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია. ის ფაქტი, რომ ბანკში ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფომაცია ნაკლებად მიეწოდება კლიენტს და თითქოს 10%–იანი კრედიტი თავისი საკომისიო გადასახადით 30%-იანი ხდება, – ეს არ არის მომხმარებელთა უფლებების დარღვევა და ახალი ფაქტია? მომხმარებელთა სათანადო ინფორმირება არ ხდება, თუ როგორ არის ჩამალული ეფექტური საპროცენტო განაკვეთები კრედიტებში.

ის, რომ სამომხმარებლო სესხები პობლემას უქმნიდა მოსახლეობას, ამის შესახებ ქადაგიძე აცხადებდა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში, როცა მან განაცხადა, რომ სამომხმარებლო სესხები დიდ საფრთხეს უქმის მოსახლეობას, დიდი გამოწვევაა ეკონომიკისათვის, განგაშის ზარს რეკდა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია მსგავსი საკითხის რეგულირებაზე, მის ზედამხედველობაზე, სანქცირებაზე, თვალყურის დევნებაზე და ა.შ.

სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით, მე ადრეც ვაცხადებდი და ახლაც, რომ მათი ასეთი ფორსირებული მატება და მათი რეგულირების გარეშე დატოვება, მათი შეზღუდვის გარეშე დატოვება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიშვება, საფრთხეს უქმნის ეკონომიკას. აქ მოვიშელიებ სავალუტო ფონდის დოკუმენტს, რომელიც შეიქმნა 2014 წელს და გამოქვეყნდა 2015 წელს, სადაც იყო მოწოდება ეროვნული ბანკისადმი, რომ გადასულიყო მაკროპრუდენტულ მართვაზე, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ის დარგები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასთან კავშირში არაა და რომელიც ჭარბ დაგროვებას იწვევს, შეზღუდულიყო მათთვის კონტრციკლური წესით ფულის მიწოდება, კაპიტალბუფერების რეჟიმის ამოქმედებით, ხოლო ის დარგები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასთან კავშირშია და შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და არ უქმნის საფრთხეს ფინანსურ სტაბილურობას, მაქსიმალურად წახალისებულიყო.

სსფ ამ დოკუმენტში ცალსახად და გამოკვეთილად აცხადებს რამდენიმე ნიუანსს, ერთ–ერთი უკავშირდება სწორედ სამომხმარებლო სესხებს. სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოხატავს, რომ საცალო სესხის ამღები ყოველი მესამე პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდის საბანკო ვალის მომსახურებისთვის და ეს შესაზღუდია. ეს 2014 წელს იყო ნათქვამი, წარმოიდგინეთ, დღეისათვის როგორ იქნება ეს მაჩვენებელი გაზრდილი. რატომ არ აქვეყნებს ამ მაჩვენებლებს ეროვნული ბანკი? მას რომ ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკა გაეტარებინა, მივიღებდით ეკონომიკის მეტ სტიმულირებას და ნაკლებ სამომხმარებლო ზეწოლას ლარზე და ნაკლებ დაზარალებულ მომხმარებლებს.

როდესაც მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ რეფინანსირებით საბანკო სექტორის წმინდა დავალიანების მკვეთრი ზრდა პრობლემას უქმნის ლარს, აზიმ სადიკოვი გამოვიდა და თქვა, რომ რეფინანსირების ზრდა პირდაპირ კავშირში არ არის ლარის კურსის გაუფასურებასთან, რომელსაც ვეთანხმები, მაგრამ, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა მიწოდება რეფინანსირების სახით მოხვდება საიმპორტო სამომხმარებლო ბაზარზე და ფული საზღვარგარეთ გავა. დიახ, სწორედ ამ მექანიზმით შეიძლება შეიქმნას პრობლემა და ამ მექანიზმის რეალურობას და მოქმედებას მე ვხედავ. დავაკვირდეთ, როგორ გაიზარდა და როგორია სამომხმარებლო სესხების სტრუქტურა. 2012 წლამდე და დღესაც წამყვანია ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხები, სამომხმარებლო სესხების მინიმუმ 80% იმპორტირებული პროდუქციის შეძენას ხმარდება, ვინაიდან ჩვენ გრძელვადიანი მოხმარების ნივთებს არ ვაწარმოებთ, შესაბამისად, სამომხმარებლო სესხი ან ტელეფონის, ან მანქანის, მაცივრის, ტელევიზორის და ა.შ. უცხოური წარმოების ტექნიკის შეძენას ხმარდება და ვალუტა გაედინება საზღვარგარეთ. ანუ ლარში გაიცემა სესხი, მერე დოლარში გადახურდავდება და საზღვარგარეთ გადის, ამით ჩვენ ლარიზაციას არ ვახდენთ.

ლარიზაციას მოვახდენთ მაშინ, როდესაც ლარში მივაწვდით ბიზნესს სესხს, აქ პირიქით ხდება: ბიზნესს დოლარში აქვს სესხი დომინირებული, ხოლო სამომხმარებლო სესხი დომინირებულია ლარში, ესე იგი, ეს ლარი გადახურდავდება დოლარში და ლარის კურსს პრობლემას უქმნის, ხოლო ბიზნესს მძიმე ტვირთად აწევს დოლარში აღებული სესხები.

სწორედ ასეთი გაუკუღმართებული მოთხოვნით რეალურად ეკონომიკას ექმნება პრობლემები. როგორ არის გაზრდილი სამომხმარებლო სესხები? ლარის დაარსების დღიდან 2012 წლამდე სულ 912 მილიონი ლარის სამომხმარებლო სესხი იქნა გაცემული ლარში, ხოლო ბოლო 2 წელიწადსა და 9 თვეში, ეს მაჩვენებელი 114%–ით გაიზარდა და ნაშთი მილიარდ 956 მილიონია დავალიანების სახით, ანუ ერთი მილიარდ ორმოცით არის გაზრდილი სამომხმარებლო სესხების დავალიანება. როცა ლარის დაარსებიდან 2012 წლამდე პერიოდში რაც ნაზარდი გვაქვს ჩვენ დავალიანების, როგორ შეიძლება იმ პირობებში, როცა ჩვენ საგარეო ვალის აქტიური დაფარვის პირობებში ვართ, ისეთ პირობებში, როცა რეგიონალური სავალუტო კრიზისი არსებობს და დოლარის შემოდინების წყაროები მეტწილად დახშულია, ამ დროს გავაძლიეროთ და გავაორმაგოთ ეს მაჩვენებელი, ანუ მილიარდზე მეტით გავზარდოთ დავალიანება და ამას ყურადღება არ მივაქციოთ და არ გადავიდეთ იმ მოდელზე, რასაც ჰქვია მაკროპრუდენტული მართვა და დავამკვიდროთ ბაზელი სამის პრინციპები, რომლებიც ყველაფერ ამას ითვალისწინებს. ეს არის აბსოლუტურად წინდაუხედავი ნაბიჯი და სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობა.

– რას იტყვით სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებებზე, რომელიც გარკვეულწილად თანხვედრაში არ არის იმასთან, რასაც თქვენ ამტკიცებთ?

– სხვა არის, როცა სავალუტო ფონდის წარმომადგენელი კომენტარს აკეთებს მედიასთან, მაგრამ სხვა პასუხისმგებლობა აქვს, როცა ანგარიშის გამოქვეყნება ხდება და ანგარიშგებით ხდება დოკუმენტირება პოზიციის. სავალუტო ფონდი ჩინოვნიკთა მთლიანობა კი არ არის, სავალუტო ფონდი არის სახელმწიფოთა გაერთიანება. საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდის პოზიცია ამ ანგარიშებში აისახება და არა მისი წარმომადგენლების განცხადებაში. მისი წარმომადგენლების ფრთხილი და დიპლომატიური განცხადებები, რომელიც გარკვეულწილად მხარდამჭერი პოზიცია არის, შეიძლება ავხსნათ გარკვეული კავშირურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ, როცა ანგარიშში მითითებულია და მოთხოვნა მკვეთრად არის დაფიქსირებული და ეს არ სრულდება, ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ეროვნულ ბანკს.

– კიდევ რა მოთხოვნები ჰქონდა სავალუტო ფონდს ეროვნული ბანკის მიმართ?

– მას უნდა შეექმნა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელიც მინიმუმ კვარტალში ერთხელ უნდა იკრიბებოდეს და გამჭვირვალე იყოს, ის ეროვნული ბანკის საიტზეც კი არ იძებნება. როცა მე დავიწყე გამოკვლევა, არსებობდა თუ არა ეს კომიტეტი, რომელიც რჩევას უნდა აძლევდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, თქვეს, რომ კი დავაარსეთ ეს კომიტეტი და ქადაგიძეა მისი ხელმძღვანელიო, ესე იგი რა გამოდის, რომ ქადაგიძე ხდება საკუთარი თავის მრჩეველი ამ პროცესში. ამ კომიტეტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიძიება, ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ არ არსებობს. განყოფილებაც უნდა შექმნილიყო ფინანსური სტაბილურობის, რომელსაც უნდა ემუშავა ამ საკითხებზე. ეს განყოფილებაც, როგორც სტრუქტურული ერთეული, არ იძებნება საიტზე. რატომ უნდა შეიქმნას ეს ყველაფერი? ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მოსამზადებლად.

ორი წელია არ აქვეყნებს ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს, 2012 წლის შემდეგ,  მას შემდეგ, რაც “ქართუში” მოხდა ამბები, ამ ანგარიშში უნდა იყოს ასახული ყველაფერი, რაც საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას, მაგალითად სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული სიტუაცია, მომხმარებელთა მოტყუება, ქმნის თუ არა ასეთ საფრთხეებს, ან რა არის ამ ფინანსური სტაბილურობის გამაძლიერებელი ფაქტორები. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ანგარიშში უნდა იყოს ასახული, რომ ბიზნესმენმა ან ინვესტორმა დაიდოს სახელმძღვანელო დოკუმენტად და თავისი მოქმედება ამის მიხედვით ააწყოს. ორი წელია ზედიზედ არ აქვეყნებს ამ ანგარიშს და როდესაც ასეთი უპასუხისმგებლობაა, ასეთი გაუმჭვირვალობა, ასეთი შეუსრულებლობა სსფ-ს რეკომენდაციების და ამ დროს ბატონი ნადარაია გამოდის და ამბობს, რომ თურმე ირღვევა მომხმარებელთა უფლებები, თვითონ არის პასუხისმგებელი და ვინ უნდა აგოს პასუხი თანამდებობრივად? აკი ამბობდნენ, რომ ზედამხედველობა კარგად მუშაობს და არ შეიძლება გამოყოფა, თუ ზედამხედველობა კარგად მუშაობს, როგორ ირღვევა უფლებები?

– სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო ასევე, რომ არაჰეჯირებულ მომხმარებლებზე არ გაცემულიყო დოლარში სესხები, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ამ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის გამო დღეს საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტი არის დაახლოებით 65%, რის გამოც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ლარის გაუფასურების გამო დოლარში სესხები გაუძვირდა?

– გარდა საერთაშორისო ფაქტორებისა, რომელმაც უდავოდ იმოქმედა და მთავარი დამრტყმელი ძალა იყო სავალუტო მერყეობისა ჩვენს რეგიონში და მათ შორის საქართველოში, ეროვნული ბანკის არასწორმა მოქმედებებმა განაპირობა ყოველივე ეს. დოლარიზაციას ჩვენ ვერ გავაუვნებელყოფთ, თუკი ჩვენ გავზრდით ერთი მილიარდი ლარით სამომხმარებლო სესხებს, რომელიც იმპორტული პროდუქციის შეძენას მოხმარდება დიდი ალბათობით. ასეთი მიდგომით, უბრალოდ ფულის გადაღვრით, ანუ დიდი მასის ლარის მიწოდებით ეკონომიკისთვის, თუ ის ეკონომიკაში არ ჩაიდო და მის შექმნას არ მოემსახურა, შედეგის მომტანი არ იქნება.

2008 წლის შემდეგ, მსოფლიო მიხვდა, რომ ფულის მიწოდების დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი მიზნობრიობის კონტროლს. აი, რა მოხდა 2008 წლამდე, ანუ როგორი იყო მიდგომა მაშინ და როგორია დღეს. 2008 წლის კრიზისის სათავედ დასახელებულია ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის მინიმუმამდე შემცირება, ანუ ფულის გაიაფება, რომელიც თავის დროზე იქნა აღიარებული, როგორც ეკონომიკის სტიმულირების მთავარი მაჩვენებელი მონეტარული პოლიტიკის კუთხით. საბოლოო ჯამში, თურმე პრობლემა შექმნა აი, ასეთი ფაქტების ერთობლიობამ, როდესაც შენ ფულს აწვდი საბანკო სექტორს, საბანკო სექტორი კი აწვდის დანარჩენს, მაგრამ მიზნობრიობა არაა განსაზღვრული, შეიძლება მოხდეს ჭარბი საკრედიტო დაგროვება ისეთი მიმართულებით, რომელიც ეკონომიკის ზრდასთან არაფერ კავშირში არაა და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ე.წ. ფინანსურ ბუშტებს, რომელიც მერე ფინანსურ კრიზისებში გადაიზრდება, რაც ინდივიდუალურ დონეზე მომგებიანია, მაგრამ შეიძლება მაკროპრუდენტულ დონეზე იყოს დამაზარალებელი, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს ინდივიდუალური სესხის ამღები იმ პროცესში. აი, მაგალითად გაზარდე იპოთეკური დაკრედიტება აშშ-ში, ევროპაში, იმიტომ, რომ ეს მომგებიანი იყო და ხალხი ეტანებოდა ამ მიმართულებას, საბოლოო ჯამში წარმოიქმნა არარეალური ფასები, შეიქმნა ფინანსური ბუშტი და ერთ მშვენიერ დღეს გასკდა მთელი სისტემა და კინაღამ ჩამოექცა თავზე მთელ მსოფლიოს ეს შეცდომა. შემდგომ მიხვდნენ, რომ მთავარია მიზნობრივი მიწოდება, ეკონომიკის მიზნობრივი სტიმულირება და არა ფულის გადაღვრა და ანგარიშგაუწეველი მიწოდება ნებისმიერი მსურველისათვის.

Share