Home » ბიზნესი » ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – აზარტული თამაშების რეგულაციები კვლავ „დროში იჭედება“ 

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – აზარტული თამაშების რეგულაციები კვლავ „დროში იჭედება“ 

სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. აღსანიშნავია ,რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა და, პრაქტიკულად, ყველა მსურველს პირადი კაზინოს მოწყობა სახლში შეუძლია. შესაბამისად, აზარტული თამაშებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ნეგატიური ეფექტები საკმაოდ ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და სხვ.)

4,094 მლრდ ლარი შეადგინა. თვალსაჩინოებისთვის, საწვავის ბაზრის ბრუნვის მოცულობა შარშან 2,343 მლრდ ლარი იყო, რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა თითქმის 4,1 მლრდ ლარით აღემატება. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ~განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული დაწესებულებების” ბრუნვამ სულ 1,559 მლრდ ლარი შეადგინა. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში ადამიანები, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, აზარტულ თამაშებში იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში, კვებასა და სასტუმრო-რესტორნებში.


„ყოველი მეორე ახალგაზრდაა ჩართული აზარტულ თამაშებში – რა გახდა ამ მაფიის გადატეხვა, რა გაუბედაობაა”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა ბახტაძის ჰკითხა, თუ რატომ ჭიანურდება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღება.

„ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით რეგულაციებს, რომელსაც თქვენ შეგვპირდით ერთი წლის წინ და ყოველთვიურად აჭიანურებთ. ჩვენც გვატყუებთ, საპატრიარქოსაც ატყუებთ და საქართველოს მოქალაქეებსაც. ყოველი მეორე ახალგაზრდაა ჩართული აზარტულ თამაშებში. რა გახდა ამ მაფიის გადატეხვა, რა გაუბედაობაა. თქვენ ჩემზე კარგად არ იცით, რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა? რა გახდა ამ აზარტული თამაშების რეგულაციების შემოტანა ან რა იყო იმ რეკლამის კანონის ჩაგდება? თქვენც იყავით მონაწილე, რომ ეს ჩავარდნილიყო. ჩემს გამო გააკეთეთ? ბატონო მამუკა, შემოიტანეთ აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციები და იმდენ ტაშს დაგიკრავთ, ცხოვრებაში ეს უმრავლესობა რომ ვერ დაგიკრავთ, ოღონდ თქვენ შემოიტანეთ,” – მიმართა გოგიჩაიშვილმა მამუკა ბახტაძეს.


„მსურს ჩემს პოლიტიკურ გუნდს მოვუწოდო, აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი დროულად მისაღებია”

მართლა ხომ აქვს ყველაფერს თავისი ჩარჩოები – აღმასრულებელ ხელისუფლებაში მე ვიყავი აზარტული თამაშების შესახებ პროექტის ინიციატორი, რომელიც პარლამენტში იხილება, – ამის შესახებ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში მოწვეულმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის პასუხად განაცხადა.

„თუ გსურთ ჩემი დამოკიდებულება გაიგოთ, კიდევ ერთხელ მსურს ყველას მოვუწოდო, მათ შორის ჩემს პოლიტიკურ გუნდს, ეს კანონი რაც შეიძლება დროულად არის მისაღები. ხომ აქვს ყველაფერს თავისი ჩარჩო – მე დამაბრალო, რომ აზარტული თამაშების შესახებ კანონის მიღება არ მინდა, როცა მე გავაკეთე პროექტის ინიცირება ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს. მესმის, რომ 2020 წლის არჩენებისთვის ემზადებით, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს უყურებს და ყველაფერს თავისი ჩარჩოები აქვს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


„გახარია, ეკონომიკის მინისტრობის დროს, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ რეგულაციების გატანას”

ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში არსებობენ ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონის მიღებას.

„ამ კითხვაზე პასუხი მათ უნდა გასცენ. მე უკვე მრჩება განცდა, რომ ისინი ვერ ერევიან ამ გავლენებს და ვერ ერევიან ამ მაფიის ზეწოლას და სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც ამ გავლენის ქვეშ არიან. აბა დღეს ადამიანი ძალიან ემოციურად მიწოდებს 2020 წლისთვის მაფიქრალ ადამიანს და ამბობს, რომ ლევან, შენ ახლა არ გრცხვენია, რას მეუბნები?! ხომ იცი, რამხელა ენერგია მაქვს ამაში ჩადებული. ღმერთი რჯული, არ ვუკარგავ ამას, მართლა, როდესაც ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავდით, ერთი წლის წინ და ცოტა ადრე და გვქონდა სერიოზული წინააღმდეგობა იგივე გახარიასთან, რომელიც იყო ეკონომიკის მინისტრი და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ რეგულაციების გატანას. მამუკა პოზიციას ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ როცა პრემიერ-მინისტრი გახდა და მთელი ძალაუფლება ხელში აიღო, დიდი ბოდიშით, ერთი წელი სად არის?! მე მას ვუთხარი, სად ხარ ერთი წელი, შემოიტანე ეს საკითხი”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მოამზადა ნათია წიკლაურმა

Share