Home » ფინანსები » ფეხბურთის ფედერაციის ძველი მმართველობის შემდეგ ვალი 16 მილიონ 785 ათას ლარია
ფეხბურთის ფედერაციის ძველი მმართველობის შემდეგ ვალი 16 მილიონ 785 ათას ლარია

ფეხბურთის ფედერაციის ძველი მმართველობის შემდეგ ვალი 16 მილიონ 785 ათას ლარია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მმართველობა 2015 წლის ოქტომბერში შეიცვალა.

ახალმა მმართველობამ ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, ფედერაციის წინა მმართველობის საქმიანობის შემოწმება გადაწყვიტა. ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობა კერძო აუდიტმა დაიწყო. ფედერაციის ახალი მმართველები პერიოდულად, არაოფიციალურ მონაცემებს მედიის წარმომადგენლებს აწვდიდნენ და აცხადებდნენ, რომ წინა მმართველობის საქმიანობაში საკმაოდ მძიმე დარღვევები იყო აღმოჩენილი.

ფეხბურთის ფედერაციის 26-ე ყრილობაზე კი მათ აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ ფედერაციის ძველი მმართველობის შემდეგ ვალი 16 მილიონ 785 ათას ლარს შეადგენს.

აუდიტის შედეგებით ირკვევა, რომ 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური ვალდებულებები 9 მილიონ 85 ათასი ლარია. საიდანაც 3 მილიონი ლარი – საბანკო სესხებია; სხვადასხვა ორგანიზაციების – 2 მილიონ 35 ათასი ლარი; უეფას სესხი კი – 1 მილიონ 500 ათასი ევრო, ანუ 4 მილიონ 50 ათასი ლარია.

2015 წელს მიზნობრიობის დარღვევით დახარჯული თანხები კი 2 მილიონ 700 ათასი ლარია. საიდანაც სუპერ თასის ბილეთების რეალიზაციის თანხა 1 მილიონ 200 ათას ლარს (480 000 ევრო) შეადგენს, ხოლო ფიფას პროგრამები: FAP – 610 ათასი დოლარი, WIN WIN – ფან-ატრიბუტიკის მაღაზია 90 ათასი დოლარი, რაც საერთო ჯამში 1 მილიონ 500 ათასი ლარია.

აუდიტის შედეგებით ასევე ირკვევა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წინასწარ გახარჯული 5 მილიონი ლარი აქვს.

უეფას სპორტმედიის ფარგლებში 5 წლის (2014-2018 წწ) განმავლობაში 10 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

ირკვევა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ არასრულ 2 წელიწადში (2014, 2015წწ) უეფასგან 8 მილიონი ევრო მიიღო, 2 მილიონი ევრო სესხად, ხოლო 2 მილიონი წინსწრებით. მომდევნო 3 წელიწადში კი ფეხბურთის ფედერაციამ ნაცვლად 6 მილიონი ევროსი, უნდა მიიღოს 2 მილიონი ევრო.

აუდიტის დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ 2015 წლის სექტემბერში კერძო პირებზე გაცემული და ჩამოწერილი უპროცენტო სესხები 930 ათასი ლარს შეადგენს.

სულ ფეხბურთის ფედერაციის საბიუჯეტო დეფიციტის ჯამი 16 მილიონ 785 ათასი ლარია. ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მონაცემებით ყოველწლიური პროცენტი 640 ათასი ლარია.

წყარო: ipress.ge

Share