Home » ფინანსები » FAO-ს ფასების ინდექსი – 2021 წლის აპრილში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შაქრის ფასი 60%-ით გაიზარდა

FAO-ს ფასების ინდექსი – 2021 წლის აპრილში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შაქრის ფასი 60%-ით გაიზარდა

აპრილში FAO-ს ფასების ინდექსი კალათის ყველა პროდუქტზე გაიზარდა

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – აპრილში, გაიზარდა და 120.9 ქულა შეადგინა.

FAO-ს ცნობით, აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 1.7%-ით, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს – 30.8%-ით აღემატება.

მათი ინფორმაციით, აპრილში, 3.9%-ით გაიზარდა შაქრის ფასების ინდექსი. როგორც FAO-ში განმარტავენ, აღნიშნული მონაცემი, 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს თითქმის 60%-ით აღემატება.

„მატების ძირითად მიზეზად, ბრაზილიაში მოსავლის აღების პროცესში წარმოქნილი შეფერხებები და საფრანგეთში ყინვით დაზიანებული მოსავალი განიხილება. წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 1.8%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა, თითქმის ყველა სახის მცენარეულ ზეთს შეეხო, მათ შორის – სოიოს, მზესუმზირის და პალმის ზეთს. 1.7%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი.

ზრდა მეტწილად განპირობებული იყო აზიაში წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნით. ზრდა არ შეხებია ფრინველის ხორცის ფასებს. 1.2%-იანი ზრდა აჩვენა, რძემ და რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა.

განსაკუთრებული მოთხოვნის ფონზე, გაზრდილია: ყველის, კარაქისა და რძის ფხვნილის ფასების ინდექსი. მოიმატა მარცვლეულის ფასების ინდექსმაც, რომელმაც მარტის თქვეში 1.8%-იანი კლების ტენდენცია აჩვენა. მარტისგან განსხვავებით აპრილში, მარცვლეულის ფასები 1.2%-ით გაიზარდა.

აღნიშნული მონაცემები, გასული წლის იმავე პერიოდს ნიშნულს, თითქმის 26-ით აღემატება. ზრდა ძირითადად სიმინდის ფქვილს შეეხო, რომლის ფასებიც 5.7%-ითაა გაზრდილი. ეს მონაცემი წინა წლის მაჩვენებელს – 66.7%-ით აღემატება“, – აღნიშნულია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share