Home » მსოფლიო » ევროკომისია AstraZeneca-ს წინააღმდეგ სასამართლო დავისთვის ემზადება

ევროკომისია AstraZeneca-ს წინააღმდეგ სასამართლო დავისთვის ემზადება

ევროკომისია AstraZeneca-ს წინააღმდეგ სასამართლო დავისთვის ემზადება. საქმე ეხება AstraZeneca-ს მხრიდან ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. აღნიშნულის შესახებ Politico წერს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკომიამ ეს საკითხი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ოთხშაბათს დააყენა, სადაც უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებენ მხარი დაუჭირონ საჩივარს მწარმოებლის წინააღმდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული ვაქცინის დოზებით მომარაგების შეფერხების გამო. გამოცემისვე ცნობით, ბოლო ვადა, როდესაც კომპანიის წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყება უნდა შეთანხმდეს, ამ კვირაში დადგინდება.

AstraZeneca-ს აღმასრულებლებმა ადრე აღიარეს, რომ კომპანია ევროკავშირის ვაქცინების წარმოების გრაფიკს ორი თვით ჩამორჩა. მათ ასევე ევროკავშირში, ბრიტანეთთან შედარებით, წარმოების სუსტი ბაზის არსებობის შესახებაც განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ 17 მარტს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი შეზღუდავს კორონავირუსის ვაქცინების მიწოდებას ვაქცინაციის მაღალი დონის მქონე ქვეყნებისთვის, რათა უზრუნველყოს AstraZeneca-მ თავისი ვალდებულებების შესრულება ევროკავშირის ქვეყნების წინაშე.

ვაქცინაციის კამპანია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. ამ დროისთვის ევროკავშირმა დაამტკიცა ოთხი ვაქცინა: BioNTech – Pfizer, Moderna, AstraZeneca და Johnson & Johnson–ი. გეგმის მიხედვით, ზაფხულის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაციას ელიან.

სანდრო პირველი

Share