Home » საზოგადოება » ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს
ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს

ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს

“მათ სურთ, შეამზადონ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რათა ევოლუციური გზით მოხდეს სამივეს ევროკავშირში ინტეგრაცია”

საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ნდობის ფონდის შექმნისა და მომავალში ამ ქვეყნების შენგენის ზონასთან, საბაჟო და ენერგეტიკულ კავშირებთან მიერთების შესახებ რეკომენდაციებს ევროპარლამენტართა უმრავლესობა მხარს უჭერს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული რეკომენდაციებით ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო დიპლომატიურ სამსახურს ევროდეპუტატებმა – ლაიმა ანდრიკენემ და კნუტ ფლეკენშტაინმა მიმართეს.

“ჩვენ ვთავაზობთ ფორმატს “აღმოსავლეთი პარტნიორობა პლუსი”, რომელიც ნდობის ფონდების შექმნას, ახალ საინვესტიციო ევროპულ გეგმას, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესასრულებლად ფინანსურ მექანიზმებსა და სხვა ზომებს ითვალისწინებს.

“ეს წინადადებები ეხება სამ ქვეყანას – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. როდესაც დადგება დრო, საშინაო დავალება შესრულდება და ყველა საჭირო პირობა შესრულებული იქნება, ამ ქვეყნების საბაჟო კავშირში, ციფრული ტექნოლოგიების კავშირსა და ენერგეტიკულ კავშირში პოტენციური გაწევრიანება ერთ-ერთ ვარიანტად უნდა განიხილებოდეს”, – განაცხადა ანდრიკენემ.

მისივე მოსაზრებით, აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს ქვეყნებს შორის დიფერენციაციაზე.

“ჩვენი შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, უნდა გამოვიყენოთ პრინციპი “მეტი მეტისთვის, ნაკლები ნაკლებისთვის”, – აღნიშნა ევროდეპუტატმა.

ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძის შეფასებით, ევროპარლამენტართა გამოსვლებში მნიშვნელოვანი იყო ორი რამ: ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი, მიუხედავად ევროსკეპტიციზმის ზრდისა, ბრექსიტისა და სხვა გამოწვევებისა, დღის წესრიგიდან არ იხსნება და აქტუალობას არ კარგავს და მეორე, საუბარია სახელმწიფოებთან მიმართებაში დიფერენცირებულ მიდგომებსა და გატარებული რეფორმების დაფასებაზე.

“კარგია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას ერთ ქვაბში არ მოხარშავენ და ინდივიდუალურად მიუდგებიან. ასევე კარგია, რომ, მიუხედავად ბრექსიტისა, ევროსტრუქტურები არ კარგავენ ოპტიმიზმს ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციისა და მსხვილი გაერთიანების აქტუალობასთან დაკავშირებით.

კარგი იქნება დიფირენცირებული მიდგომა, როცა ის სახელმწიფო, რომელიც მეტ წარმატებას მიაღწევს რეფორმების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მეტ დახმარებას მიაღწევს. ამ დისკუსიებში საინტერესო იყო ბელარუსის წამოწევა წინა პლანზე საქართველოსთან ერთად კორუფციის დაბალი დონის კუთხით”, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

რაც შეეხება მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა უნდა გაწყვიტოს, ანალიტიკოსი მათ გასაგონად ამბობს, რომ რაც მეტად მივუახლოვდებით ევროპას, მეტად იოლი იქნება რუსეთთან მოლაპარაკება.

“რაც მეტად დაკარგავს ევროპა ჩვენ მიმართ ინტერესს, მეტად ნაკლები ვეღირებით როგორც სახელმწიფო, ნაკლებად ანგარიშგასაწევი ვიქნებით.

“ევროკავშირის გაფართოება შორეული პერსპექტივის საკითხია, თუმცა თანამშრომლობის გაგრძელება, რეფორმები, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაში ინტეგრირება, რეფორმების გაგრძელება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ეს ის გზაა, რომელსაც არ უნდა გადავუხვიოთ.

“ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ამერიკის ახალი მიდგომაც, რომლის თანახმად, თეთრი სახლი უპირატესობას ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას ანიჭებს. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაქტიურდეთ სხვადასხვა სახელმწიფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით”, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

პოლიტოლოგი, თსუ-ის პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ, ევროპაში არსებეული პრობლემების ფონზე, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

“დღეს ევროპაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნებს წევრობა უახლოეს პერიოდში შესთავაზოს.

“ამიტომ, ევროკავშირის წინაშე საკითხი დგას ასე – თუ ამ ეტაპზე ამ ქვეყნებს გაწევრიანებას ვერ სთავაზობს, მაშინ რაღაც უნდა გაკეთდეს, რომ მათი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და დემოკრატიული რეფორმები არ შეფერხდეს.

“შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი სტრატეგია, რომლითაც ევროკავშირი შეეცდება, სამივე ქვეყანას დააძლევნოს ის პრობელემები, რომლებიც აღნიშულ რეფორმებთან დაკავშირებით აქვს.

“რაც მთავარია, დაეხმაროს მათ იმ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა, ანუ შეამზადონ ეს ქვეყნები, რათა ევოლუციური გზით მოხდეს სამივე ქვეყნის ევროკავშირის სივრცეში ინტეგრაცია”, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

 

წყარო: რეზონანსი

Share