Home » მსოფლიო » “ევროკავშირი ჯვაროსნული ალიანსია”
"ევროკავშირი ჯვაროსნული ალიანსია"

“ევროკავშირი ჯვაროსნული ალიანსია”

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებსა და რომის პაპს შორის ვატიკანში გამართული შეხვედრა ცხადყოფს, რომ ევროკავშირი „ჯვაროსნული ალიანსია“ და შესაბამისად, თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერი ვატიკანს ეწვია და მორჩილად უსმენდა პაპს. ახლა გესმით თუ რატომ არ იღებენ თურქეთს ევროკავშირში უკვე 54 წელია? სიტუაცია საკმაოდ ნათელია: ევროკავშირი ჯვაროსნული ალიანსია. 16 აპრილს ჩვენ რეფერენდუმზე ამასაც გავცემთ პასუხს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

გასულ კვირას რომის ხელშეკრულების ხელმოწერის 60 წლისთავზე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების ლიდერები ვატიკანში რომის პაპს შეხვდნენ.

„მე მართალი აღმოვჩნდი ევროკავშირთან მიმართებაში. ისინი ზედიზედ 14 წელი გვატყუებდნენ და განაგრძობენ ჩვენ მოტყუებას“, – აღნიშნა ერდოღანმა.

16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებები თურქეთში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებას და პრეზიდენტის ფუნქციების გაძლიერებას ითვალისწინებს.

 

წყარო: ipn.ge

Share