Home » ფინანსები » „ევოლუშენ ჯორჯიას“ სასამართლომ თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სახით 110 796 ლარის ანაზღაურება დააკისრა

„ევოლუშენ ჯორჯიას“ სასამართლომ თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სახით 110 796 ლარის ანაზღაურება დააკისრა

„ევოლუშენ ჯორჯიას“ სასამართლომ თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სახით 110 796 ლარის ანაზღაურება დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირები ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროფკავშირების სარჩელი –  სათამაშო ბიზნესის გიგანტს – შპს ევოლუშენ ჯორჯიას სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო კორნელი ქაცარავას სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის სახით 110 796 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

კორნელი ქაცარავა წლების განმავლობაში იყო დასაქმებული შპს ევოლუშენ ჯორჯიაში ბანქოს მჩეხავთა გუნდის ლიდერის პოზიციაზე. ის კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, სამსახურისა და საქმისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამო წლების განმავლობაში შვებულებითაც კი არ სარგებლობდა.

ამავდროულად, კორნელი ქაცარავა, როგორც მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირი, კომპანიის ხელმძღვანელობას აწვდიდა ინფორმაციას სამუშაო ადგილზე ანტისანიტარიის, ანტისანიტარიის გამო დასაქმებულებს შორის კანის დაავადებების გავრცელების, ჰაერის ვენტილაციის ხარვეზიანობისა და სამუშაო მოცულობის ზრდის მიუხედავად შრომის ანაზღაურების უცვლელად დატოვების მიმართ დასაქმებულთა უკმაყოფილების თაობაზე. ამ საკითხებზე ქაცარავას მონაწილეობით შეხვედრაც კი შედგა დასაქმებულებსა და ხელმძღვანელობას შორის, მაგრამ უშედეგოდ.

სწორედ ხელმძღვანელობის გულგრილობამ გამოიწვია ის, რომ 2019 წლის 30 ივლისი-4 აგვისტოს დღეებში კორნელი ქაცარავამ სხვა დასაქმებულებთან ერთად სამუშაოს დასრულების შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქცია. კომპანიამ ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო პრობლემების მოგვარების მიზნით აქციის მონაწილეებთან თანამშრომლობა, აქციის დაწყებიდან მალევე დაბლოკა სამუშაო ადგილზე დასაქმებულების შესვლის შესაძლებლობა. დამსაქმებელი, მიუხედავად ზაფხულის სიცხისა, აქციის მონაწილე დასაქმებულებს წყლის დასალევადაც კი აღარ უშვებდა შენობაში. ამგვარად, 30 ივლისის შემდეგ კორნელი ქაცარავას დამსაქმებლის ბრალით აღარ მისცემია სამუშაო ადგილზე გამოცხადების შესაძლებლობა.

2019 წლის 5 აგვისტოს კი დამსაქმებელმა დასაქმებულს გამოუცხადა საყვედური სამსახურში გამოუცხადებლობის გამო და იმავე დღესვე ამავე ქმედების გამო ქაცარავა გაათავისუფლა სამსახურიდან.

საგულისხმოა, რომ დამსაქმებელი აქციის დაწყებისთანავე საჯაროდ ავრცელებდა პოზიციას, რომ დასაქმებულთა საპროტესტო აქცია იყო უკანონო გაფიცვა. მიუხედავად ამისა, კორნელი ქაცარავას სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა არა უკანონო გაფიცვაში მონაწილეობა, არამედ თითქოსდა სამსახურში გამოუცხადებლობა.

საქმის სასამართლოში განხილვისას დაიკითხნენ არა მხოლოდ აქციის მონაწილე სხვა დასაქმებულები, არამედ კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები. სასამართლო დარწმუნდა, რომ ქაცარავასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მისი დასჯა ედო საფუძვლად შრომის პირობებზე გამოთქმული პროტესტის გამო და არა ის, რაც ფორმალურად ჩაიწერა გათავისუფლების ბრძანებაში. სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ დამსაქმებელმა ერთი და იგივე ქმედებისთვის ორჯერ დასაჯა დასაქმებული

მართალია, სასამართლომ არ დაადგინა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, მაგრამ განმარტება, რომ დამსაქმებელმა ქაცარავას მიმართ ერთი და იმავე ქმედებისთვის გამოიყენა ორი სანქცია, მიანიშნებს სასამართლოს განწყობას, კორნელი ქაცარავას მიმართ ანგარიშსწორების სავარაუდო მოტივზე.

აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ 2021 წლის 28 დეკემბერს უკანონოდ ცნო გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, დამსაქმებელს დაავალა კორნელი ქაცარავას სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 3957 ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 110 796 ლარს (თანხის ოდენობა გაიზრდება გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულების თარიღამდე).

სასამართლოში კორნელი ქაცარავას ინტერესებს იცავს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share