Home » ახალი ამბები » European-ge-ს ღია წერილი პრემიერ-მინისტრს
European-ge-ს ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

European-ge-ს ღია წერილი პრემიერ-მინისტრს

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ამ ბოლო დროს პრესაში სულ უფრო ხშირად ისმის სხვადასხვა ვერსიები მთავრობის მიერ კერძო ბიზნესისათვის გადასახადების შემცირების ახალი ნაბიჯის მომზადების შესახებ. ლაპარაკია მოგების გადასახადის შეღავათების დაწესებაზე „ესტონური მოდელის“ მიხედვით. ეს ნაბიჯი მზადდება მაშინ, როცა ჯერ კიდევ მაღალია უმუშევრობა (12,4%, 2014წ.), ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპი მეორე წელია მცირდება. უმუშევრობის ბოლოდროინდელი შემცირება ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ დასაქმების ლომის წილი დაბალ შემოსავლიანი არაფორმალური დასაქმებაა სოფლის მეურნეობაში, რასაც ხალხი დასაქმებად არ აღიქვამს. ამიტომ, მოსახლეობა უთუოდ მიესალმება ისეთ რეფორმას, რომელიც ეკონომიკას გამოაცოცხლებს და, შესაბამისად, უმუშევრობასაც შეამცირებს. მთავრობის გეგმებიც საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით სწორედ ეკონომიკის ასეთ გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.

ჩვენი სურვილია, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული მიზნები მიღწეულ იქნას და ხალხის იმედები არ გაცრუვდეს. ეს რომ მოხდეს, მთავრობამ არ უნდა გამოიტანოს ზედაპირული და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. არადა, დღევანდელი მთავრობა დგას იმ რისკის წინაშე, რომ ფაქტიური მემარჯვენე პოლიტიკების გატარებით, მმართველი პარტიის მიერ გამოცხადებული სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია მოახდინოს და ქვეყანა ეკონომიკურ რეცესიაში შეიყვანოს.

ბატონო პრემიერ მინისტრო, ამგვარი შედეგის თავიდან აცილება თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა.

პირველი, რაც ჩვენ გვინდა გითხრათ, არის ის, რომ მომხმარებლის (ხალხის) ხელმოკლეობით გამოწვეული დუნე ზრდის ტემპების დროს საგადასახადო შეღავათებით ეკონომიკის სტიმულირება, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ მთავრობის მხრიდან ხარჯები/ხარჯვაც (spending) იზრდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტია ეკონომიკის სტიმული და არა მომჭირნეობით (austerity) ბიუჯეტის დეფიციტთან ბრძოლა, რამაც ევროპის ბოლოდროინდელი სტაგნაცია გამოიწვია. არადა, პრესა ავრცელებს მთავრობის გეგმებს, სწორედ, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასა და მთავრობის ხარჯების შემცირების თაობაზე.

ესტონური მოდელი“ მომჭირნეობის პოლიტიკის (austerity) პირობებში ვერ მუშაობს

საგადასახადო შეღავათით მოგების რეინვესტირების წახალისების ესტონური მოდელი რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის გარანტიად გამოდგებოდეს, სულ მცირე თვითონ ესტონეთში უნდა ჰქონდეს ამ მოდელს „ზრდის ეფექტი.“ არადა, ესტონეთის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის ბოლო ერთი წელია (2015 ბოლო კვარტალში მშპ წლიური ზრდის ტემპი იყო მხოლოდ 0,7%). ეს ხდება სწორედ იმ საბიუჯეტო მომჭირნეობის ფონზე, რისი საშუალებითაც ესტონეთმა არათუ ბიუჯეტის დეფიციტი შეამცირა, არამედ 2015 წ ბოლო 2 კვატალში დაუხარჯავი ფულიც დაუტოვა მთავრობას.

ესტონური მოდელი“ მომხმარებლის ხელმოკლეობის პირობებში ვერ მუშაობს

საქართველოში ისევე, როგორც ესტონეთში, ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპები დაკავშირებულია მოხმარების მხარის (consumption) და არა მიწოდების მხარის (supply) პრობლემებთან. ანუ, მომხმარებელი რომ ვერ ყიდულობს ისაა პრობლემა და არა ის, რომ მეწარმეს არ ყოფნის კაპიტალი პროდუქტის შესაქმნელად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საბოლოო მოხმარებაზე გაწეული ხარჯები (Final consumption expenditure) 2008 წლიდან მოყოლებული ორივე ქვეყანაში მცირდებოდა (მშპ–ს % ებში გამოხატული). საქართველოში მცირდებოდა ამ მაჩვენებლის ორივე კომპონენტი – როგორც ოჯახების მოხმარება ასევე მთავრობის მხირდან მოხმარება. ოჯახების მიერ მოხმარება ესტონეთშიც მცირდებოდა, მაგრამ იქ ის მაინც სცადეს, რომ მთავრობის მოხმარების გაზრდაზე ეზრუნათ. თუმცა, ამ მცდელობამ ისეთი მასშტაბი ვერ შეიძინა, რომ საბოლოო მოხმარების ვარდნა შეეჩერებინა.

საეჭვოა „ესტონური მოდელის“ საჭიროება, როცა რეალურ კაპიტალში ინვესტირების პრობლემა არ დგას

ინვესტიციები იმ კაპიტალში, რომელიც ეკონომიკის ზრდას უშუალოდ იწვევს (ე.წ. ფიქსირებული კაპიტალი, ანუ საწარმო საშუალებები) 2008 წლის კრიზისის შემდეგ საქართველოში იზრდებოდა (მშპ–ს %-ებში გამოხატული) ყოველგვარი ესტონური მოდელის გარეშეც და 2014 წელს ბოლო 10 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, გაუსწრო რა თვითონ ესტონეთის მაჩვენებელსაც. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი (ინვესტიციების ზრდის 25,8%) ასევე უსწრებს როგორც ევროზონის (19,5%), ისე ამერიკის მაჩვენებლებს (19%). რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად რეინვესტირების წამახალისებელი და სწორად განხორციელებული საგადასახადო შეღავათებით ამ მაჩვენებლის კიდევ მეტად გაზრდა არ შეიძლება, მაგრამ ასეთ წახალისებას მოეთხოვება გარკვეული სტრატეგიულობაც.

უნდა ვიცოდეთ რატომ და რომელ სექტორს ჭირდება წახალისება, რათა ეს წახალისება იყოს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი.

 

საეჭვოა, საგადასახადო შეღავათებით საბანკო სექტორის წახალისება საჭირო იყოს

შემაშფოთებელია ინფორმაცია მოსალოდნელ საგადასახადო შეღავათების საბანკო სექტორზე გავრცელების შესახებ. საქართველოში საბანკო სექტორს არა თუ არ სჭირდება რაიმე დამატებითი წახალისება, არამედ ასეთი რამ შესაძლოა კონტრ-პროდუქტიულიც კი იყოს, ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. 2015 წელს, ქართული ბანკების მოგებამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია.

საქართველოში საბანკო სექტორის ზრდის ტემპი[1] ქრონიკულად აღემატება სხვა სექტორების ზრდის ტემპს და არ არის მჭიდრო კორელაციაში მთლიანობაში ეკონომიკის სიჯანსაღესა და ზრდის ტემპთან. ფინანსური შუამავლობის მომსახურების ბუმი 2007–2008 წლებში (შესაბამისად, ზრდის 44% და 23%) წინ უსწრებდა ეკონომიკის დასუსტებას 2008-ში (ტემპი დავარდა 11%-დან 2%-მდე) და რეცესიას 2009-ში. 2009–ის რეცესიის დროს საბანკო სექტორი (საფიანანსო საქმიანობა) ზრდას აგრძელებდა (2,7%), ხოლო ამ სექტორის თავბრუდამხვევი ზრდა (2010-ში წლიური 11%-დან 24%-მდე 2011-ში) არანაირად არ აისახა ეკონომიკის ზრდის ტემპის ცვლილებაზე.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2008–2009 კრიზისს ბევრი ცნობილი ეკონომისტი აბრალებდა სწორედ საბანკო სექტორის ზედმეტ ზრდას, საფუძველი გვეძლევა ეჭვის თვალით შევხედოთ ამ სექტორის ზრდის ისედაც მაღალი ტემპების წახალისების პროექტს. მოგების გადასახადის შეღავათით, ბანკებს ვერ ვაიძულებთ გააიაფონ კრედიტი და დააფინანსონ ეკონომიკა. მეორეს მხრივ, მთავრობა უცნაური სიმშვიდით და გაგებით ეკიდებოდა ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელ ზრდას, რამაც რეალურად გამოიწვია ბანკების მიერ კრედიტის გაძვირება და ეკონომიკის ზრდის შენელება.

ამიტომ, მთავრობის სურვილი, ბანკებს საგადასახადო შეღავათები მიეცეს ეკონომიკის ზრდის მიზნით, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა.

ჩვენი სურვილი და გაფრთხილება

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას თავი შეიკავოს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე მიმართული მომჭირნეობის პოლიტიკისაგან (austerity). ასეთი თავშეკავება განსაკუთრებით მნიშვნელვანია, თუკი მთავრობა აპირებს მოგების გადასახადის შეღaვათის „ესტონური მოდელით“ ეკონომიკის ზრდის წახალისებას.

ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას „ესტონური მოდელით“ ეკონომიკის სტიმულირება გახადოს სტრატეგიული და არ გაავრცელოს შეღავათები საბანკო სექტორზე.

ჩვენი აზრით, ნათელი უნდა იყოს, რომ პროდუქციის წარმოების წახალისებას აზრი არა აქვს, თუ ამავე დროს ამცირებ მოსახლეობის მხრიდან ამ პროდუქციის მოხმარების უნარს ბიუჯეტის შეკვეცით. ასევე ნათელი უნდა იყოს, რომ ნაივურია ბანკების კაპიტალის ზრდით გეგმავდე ეკონომიკის სტიმულირებას, როცა ამ ბანკებს ურთულებ მეტი ძირითადი ფუნქციის შესრულებას ეკონომიკაში – კრედიტის მიწოდებას – უძვირებ რა საკრედიტო რესურსს მონეტარული პოლიტიკის მაღალი განაკევეთით.

პატივისცემით,

ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge.

22 თებერვალი 2016 წ.

Share