Home » საზოგადოება » „Euractiv“: მიხეილ სააკაშვილი -„სასარგებლო იდიოტი“ კრემლისათვის

„Euractiv“: მიხეილ სააკაშვილი -„სასარგებლო იდიოტი“ კრემლისათვის

ბელგიის გამოცემამ «Euractiv»მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველო ჩემს ფიქრებში“ (ავტორი – გიორგი გოტევი), რომელშიც განხილულია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნეგატიური მოქმედება და მისი უარყოფითი როლი საქართველოსთვის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.

რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია ერთს ადამიანს თავისი ქვეყნისათვის? ან რამდენი ცუდის? და განა საკვირველი არ არის, როცა ერთი და იგივე ადამიანი თავისი ცხოვრების ერთ ნაწილში კარგ საქმეებს აკეთებს და მეორე ნაწილში – ცუდს?

საფრანგეთში, მაგალითად, მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ – აღნიშნონ თუ არა საზეიმოდ 5 მაისს ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის 200 წლისთავი. შეიძლება ეს საკითხი სხვა თემაზეა, მაგრამ არგუმენტები მსგავსია: ნაპოლეონმა საფრანგეთი დიდების მწვერვალზე აიყვანა, გააფართოვა, მაგრამ ვატერლოოს შემდეგ ქვეყნის ტერიტორია უფრო მცირე გახდა, ვიდრე მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო ზედიზედ ორი ვადით, ანუ 2004 წლის 25 იანვრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე. ამ პერიოდში მან ბევრ წარმატებებს მიაღწია: უეჭველია, იგი დიდი რეფორმატორი იყო ქვეყნისათვის, მაგრამ ნამდვილად ჰქონდა დიდი წარუმატებლობებიც.

იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, ერთი მხრივ,  „პოლიტიკური ჭაობით“ იქნა დაჩრდილული, მეორე მხრივ – ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის უპრეცედენტო ზრდით, საშუალოდ 10%-ით აღინიშნა, მკვეთრად დაეცა კორუფციის დონე. მისი საგარეო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი იყო პრონატოური და პროდასავლური კურსი. სხვათა შორის, იგივე პოლიტიკას ახორციელებენ დღეს მისი მემკვიდრეებიც და პოლიტიკური მტრებიც.

ბევრი ბრალს სდებს მიხეილ სააკაშვილს იმაში, რომ იგი 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ დაგებულ ხაფანგში მოხვდა და საბაბი მისცა რუსეთს, რომ მისი ჯარი საქართველოში შეჭრილიყო და ქვეყნის ტერიტორიის 30%-ის – სეპარატისტული რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირება მოეხდინა.

ძნელია დაივიწყო ის ვიდეოკადრები, რომელიც გადაღებული იქნა რუსეთთან კატასტროფული ხუთდღიანი ომის დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი ნერვიულად ღეჭავს  თავის ჰალსტუხს. ნიკოლ სარკოზის ჩარევა რომ არა, რუსეთის ჯარები მეორე დღეს უკვე თბილისში შევიდოდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. ქვეყნიდან წასული ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ 2017 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამსახურებრივი [თანამდებობრივი] უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობისა და კორუფციის  ბრალდებით და იგი დაუსწრებლად გაასამართლეს. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, რომელთანაც საქართველოს არ აქვს დადებული შეთანხმება ექსტრადიციის შესახებ. უკრაინაში სააკაშვილი პოპულარულია და დღემდე პროდასავლურ რეფორმატორის სახელით სარგებლობს.

ექს-პრეზიდენტს საკუთარ მშობლიურ ქვეყანაშიც აქვს მნიშვნელოვანი გავლენა იმ პარტიით, რომელიც მისი დაარსებულია და რომლის ლიდერიც გახლავთ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) მეშვეობით, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალად ითვლება.

გასული წლის საპრლამენტო არჩევნების დროს „ნაცმოძრაობამ“ ხმების 27% მიიღო და 150-ადგილიან პარლამენტში 36 დეპუტატის გაყვანა შეძლო. მისმა მოწინააღმდეგემ, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, მიღებული ხმების 48%-ით, საკანონმდებლო ორგანოში 90 ადგილი დაისაკუთრა. მაგრამ „ნაციონალებმა“ არჩევნების შედეგები მაინც გაყალბებულად მიიჩნიეს და პარლამენტში შესვლას ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა მათ მასობრივი ფალსიფიკაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.

ოპოზიციის მოქმედების შედეგად ქვეყანა ქაოსში ჩაიძირა. ოპოზიციონერებმა იმის ნაცვლად, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობა მიეღოთ, პარლამენტის წინ კარვები დასცეს. გასულ თვეში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა – „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკანორ მელიას დაკავების გამო, რომელმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვია.

ამას წინათ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) შარლ მიშელი საქართველოს ეწვია [ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის] შუამავლის როლის შესასრულებლად და დაპირისპირების გასანეიტრალებლად. კავკასიის რეგიონში სიტუაცია ისედაც დაძაბულია – სომხეთი ჯერ ვერ დაწყნარებულა საზოგადოების მრისხანებისაგან, რომელიც გასულ წელს აზერბაიჯანთან მომხდარმა კატასტროფულმა ომმა გამოიწვია მთიან ყარაბაღის გამო.

ევროკავშირის შუამავლობის შედეგები ძალიან არის დამოკიდებული მიხეილ სააკაშვილის მოქმედებაზე: საქართველო შეიძლებოდა პოსტსაბჭოთა სივრცის სანიმუშო „მოსწავლედ“ გადაქცეულიყო, ყოფილი პრეზიდენტის დიდი ჩრდილი რომ არ ახდენდეს გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე.

ამჟამად „ერთიანი ნაცმოძრაობა“ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პირადი ამბიციების მძევალია, რომელიც, თავის მხრივ, თავის პოზიციებს ევროკავშირის იმ წრეების მხარდაჭერით იცავს, რომლებიც მზად არიან თვალი დახუჭონ იმ ზიანზე, რომელიც მან საკუთარ ქვეყანას მიაყენა „დასავლეთის საყვარელი პოლიტიკოსის“ ამპლუაში.

„ჩემს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა“, – ასე უთქვამს ერთხელ საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკო მეთხუთმეტეს. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთვის სიკეთე უკვე აღარ სურს. იგი კარგად აცნობიერებს იმას, რომ ვეღარ გაიმარჯვებს და ახლა, ალბათ საკუთარ თავს იმით ინუგეშებს, რომ ხელს უწყობს ქვეყნის დესტაბილიზაციას.

შესაბამისად, იგი – შეგნებულად თუ შეუგნებლად – ისევ აგრძელებს იმ თამაშს, რომელიც მისმა დაუძინებელმა მოწინააღმდეგემ ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო. კრემლს მიხეილ სააკაშვილის მასგავსი ადამიანებისათვის ასეთი გამოთქმა აქვს – „სასარგებლო იდიოტი“.

წყარო: https://www.euractiv.com/section/europe-s-east/opinion/the-brief-powered-by-amfori-georgia-on-my-mind/

spnews.io

Share